Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონდოლიზა რაისის ახლოაღმოსავლური ტურნე ლოზუნგით: “დემოკრატიზაცია”


დღეს დასრულდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის რამდენიმედღიანი ტურნე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. ტურნემ დიდი ყურადღება მიიპყრო,

უწინარეს ყოვლისა, რაისის შემდეგი განცხადების გამო: [რაისის ხმა] “60 წელი ჩემი ქვეყანა, შეერთებული შტატები ამ რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში, სტაბილურობას ანიჭებდა უპირატესობას დემოკრატიის ხარჯზე - და საბოლოოდ ვერც ერთი ვერ მოვიპოვეთ. ახლა სხვა კურსს ვირჩევთ, მხარს ვუჭერთ ყველა ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებას”. კონდოლიზა რაისმა გუშინ ქაიროში, 600-მდე სტუდენტის წინაშე გამოსვლისას გააკეთა ეს განცხადება, რომელიც, ცხადია, რეაქციის გარეშე არ დარჩებოდა.

სიმძაფრით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კრიტიკა, რაც კი ოდესმე წარმოუთქვამს აშშ-ის ამ რანგის ოფიციალურ პირსო - ეს არის, ალბათ, პირველი და საყოველთაო რეაქცია, რომელიც ქაიროში კონდოლიზა რაისის გამოსვლას მოჰყვა. თან საქმე ეხება ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწის მხრივ აშკარა თვითკრიტიკას, როცა რაისი აღიარებს, რომ ამერიკის პოლიტიკამ ახლო აღმოსავლეთში: მთავარია სტაბილურობა, დემოკრატია კი მერე მოვა - მარცხი განიცადა. რეგიონში არ არის არც სტაბილურობა და არც დემოკრატია...

ამიტომ ვაშინგტონი მარტივ დასკვნას აკეთებს და პრიორიტეტებს ცვლის - ახლა მთავარია დემოკრატიის მხარდაჭერა, ვინაიდან სტაბილურობას პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებების შეზღუდვის, თუ შეკვეცის ფონზე, ფასი არა აქვს.

რაისის განცხადება რომ ლიტონ სიტყვებად არ უნდა მივიჩნიოთ, მისი გამოსვლის ადგილით ჩანს: მან, როგორც უკვე ითქვა, ქაიროში გააკეთა ეს განცხადება. ამ დროს ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი და ვაშინგტონის ადმინისტრაცია, ათწლეულებია, ერთგულ მოკავშირეობას უწევდნენ ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებების დამცველი ეგვიპტელი თუ უცხოელი აქტივისტები მუბარაქს დემოკრატიის ელემენტარული პრინციპების ხელყოფაში ადანაშაულებდნენ. რად ღირს თუნდაც ის, რომ წელს ეგვიპტეში პირველად იმართება საპრეზიდენტო არჩევნები ერთზე მეტი კანდიდატის მონაწილეობით: აქამდე, 4-ჯერ, ეს ერთადერთი კანდიდატი, რასაკვირველია მუბარაქი იყო.

რაისის ქაიროში გამოსვლისას ამჯერად მწვავე კრიტიკამ გაიჟღერა: ამერიკელმა მინისტრმა დაგმო თვითნებობა, რომელიც ეგვიპტის მართლმსაჯულების სისტემაში სუფევს, დაგმო მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა, საგანგებო მდგომარეობის შემოღება. შემდეგ კი ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების კიდევ ერთ ერთგულ მოკავშირეს გადაწვდა - საუდის არაბეთს. კონდოლიზა რაისმა გაარიტიკა სამეფო, რომელშიც გასულ თვეში სამი ადამიანი დააპატიმრეს იმის გამო, რომ მათ წარადგინეს პეტიცია მონარქიის ამჟამინდელი ფორმის - კონსტიტუციურ მონარქიად გარდაქმნის მოთხოვნით. დემოკრატიზაციის აუცილებლობაზე რაისმა დღეს სუადის არაბეთის დედაქალაქ რიადში, მასპინძელ კოლეგასთან მოლაპარაკების დროსაც ისაუბრა.

არაბი ექსპერტი აიედ მანნა, კუვეიტის ჟურნალისტთა ასოციაციის მრჩეველი, კმაყოფილია რაისის განცხადებებით და ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში ასახელებს სხვებსაც, ვისაც რაისის ტურნე მოეწონა: [აიედ მანნას ხმა] “რასაკვირველია, ეს განცხადებები ძალიან მოსწონთ ადამიანებს, ვისაც რეფორმები სურს - მოსწონთ ლიბერალებს, ელიტებს, მაღალკვალიფიციურ კადრებს. ამ ადამიანებს სურთ, რომ იმატოს ზეწოლამ მათს მთავრობებზე - და ასეა არა მარტო არაბულ სამყაროში, არამედ, საერთოდ, განვითარებად ქვეყნებში. ასეთ ზეწოლას, შესაძლოა, მოჰყვეს ხელისუფლების საქმიანობაში ოპოზიციური პოლიტიკური ძალებისა და პარტიების მონაწილეობა”.

ეს, რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთში კონდოლიზა რაისის ტურნეს - დემოკრატიზაციისაკენ მოწოდების - პოზიტიურ შეფასებას. მაგრამ ისმის უარყოფითი გამოხმაურებაც: არაბ ოპოზიციონერებში ბევრს ეპარება ეჭვი, ამერიკის ხელმძღვანელობამ მართლაც ზურგი შეაქციოს ძველ მოკავშირეებს.

პალესტინელი პოლოტოლოგი ამირ მახული პროგრესულს ვერაფერს ხედავს კონდოლიზა რაისის მიმართვებში, რეგიონში დემოკრატიზაციის აუცილებლობის შესახებ. [ამირ მახულის ხმა] “არა, ეს არ არის პროგრესი. შევხედოთ რეჟიმებს ეგვიპტეში, კუვეიტში, საუდის არაბეთში - ეს რეჟიმები შეერთებული შტატების მოკავშირეები არიან. ეს არის ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა”.

დაბოლოს, ისიც უნდა ითქვას, რომ ქაიროში კონდოლიზა რაისის გამოსვლაზე რეაქცია უარყოფითი იყო ეგვიპტისა და საუდის არაბეთის მმართველ წრეებშიც.
XS
SM
MD
LG