Accessibility links

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის შემდეგ აჭარის პოტენციალით მსხვილი ყაზახური კომპანიები დაინტერესდნენ


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის დანიალ ახმატოვის ბათუმში სტუმრობის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ყაზახეთის მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები ჩადიან,

რომლებიც ბათუმის პორტის სარკინიგზო კომუნიკაციებით და საპრივატიზებო ობიექტებით ინტერესდებიან. რით აიხსნება ყაზახური ბიზნესის გააქტიურება საქართველოში?

ყაზახეთის პრემიერი დანიალ ახმატოვი თავის დანაპირებს ასრულებს და აჭარაში ვიზიტიდან ორი კვირის შემდეგ ბათუმში მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს გზავნის. ამჟამად ბათუმში სარკინიგზო სფეროში მომუშავე ყაზახეთის ნაციონალური კომპანიების „კაზახსტან ტემირ ჟოლის“ და მსხვილი ექსპედიტორის „კედენტრანსსერვისის“ ხელმძღვანელები იმყოფებიან. ამ კომპანიების ინტერესის საგანს ბათუმის პორტის სარკინიგზო ქსელის გამტარუნარიანობა წარმოადგენს. ყაზახი ბიზნესმენები აჭარის ტურისტული ინფრასტრუქტურითა და საპრივატიზაციო ობიექტებითაც დაინტერესდნენ.
ყაზახეთმა ქართული პორტებით და ნავთობსადენით დაინტერესება ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის ასტანაში სტუმრობის დროს გამოხატა. შემდეგ კი ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა აზერბაიჯანში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენში პირველი ნავთობის გაშვების საზეიმო ცერემონიალზე, ”საუკუნის პროექტთან” მიერთების სურვილიც გამოთქვა. ყაზახეთს საკუთარი მდიდარი ენერგორესურსების შავი ზღვის პორტებიდან ევროპაში ტრანსპორტირება სურს და, შესაბამისად, მისთვის ნავთობსადენი და გაზსადენი - ასევე ნავთობტერმინალი - დიდ მნიშვნელობას იძენს. ამდენად, ყაზახეთი მზადაა ამ ინფრასტრუქტურაში სერიოზული ინვესტიციაც ჩადოს.
ყაზახეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებს საქართველოს გავლით ენერგორესურსების ტრანსპორტირების პროექტებთან დაკავშირებით დეტალური საუბრის შესაძლებლობა დსთ-ს ქვეყნების მთავრობის მეთაურთა თბილისური სამიტის მსვლელობისას მიეცათ. სამიტის შემდეგ შეყოვნებული ყაზახური დელეგაცია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალისა და ქართული პორტების ადგილზე გასაცნობად პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან ერთად ბათუმს სტუმრობდა.
პრემიერი ახმატოვი აჭარაში ვიზიტით კმაყოფილი ჩანდა და პრესასთან ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებზეც საუბრობდა:
[დანიალ ახმატოვის ხმა] ”ყაზახეთი კმაყოფილია და მოსალოდნელ შედეგებსაც ოპტიმიზმით უყურებს. თუ იქნება ურთიერთსასარგებლო პირობები, ჩვენ მზად ვართ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ.”

ყაზახეთის პრემიერის შემდეგ ჯერი მიდგა უკვე კონკრეტულ კომპანიებზე, რომლებმაც აჭარის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები უნდა განახორციელონ. ყაზახური კომპანიების ხელმძღვანელები კონკრეტულ პროექტებზე, ინვესტიციების მოცულობასა და ვადებზე დეტალურად ჯერ არ საუბრობენ, თუმცა უკვე ცნობილი ხდება, რომ მათი ბათუმში სტუმრობის ფარგლებში, ძირითადად, ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების საკითხი განიხილებოდა. თუმცა ყაზახ სტუმრებს არც ტურისტული პოტენციალი დარჩენიათ უყურადღებოდ - აჭარის მთავრობის პრესცენტრის ცნობით, მხარეები აჭარაში ყაზახეთის ტურისტული ჯგუფებისთვის სპეციალური ავიარეისების დანიშვნაზე შეთანხმდნენ.
XS
SM
MD
LG