Accessibility links

logo-print

გრძელი ჩრდილი ევროპის გაფართოების გზაზე


პროგრამა ”ახალი ევროპის” თემა კვლავ ევროპის კავშირის

გაფართოების ბედია. ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის უძლურებამ დაემტკიცებინა გრძელვადიანი ბიუჯეტი და, ამასთანავე, საფრანგეთისა და ჰოლანდიის ამომრჩევლების მიერ ახალი კავშირის კონსტიტუციის უარყოფამ ევროკავშირის რეიტინგი წლის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დასცა. შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ არავინ იცის ბოლომდე, რა ბედი ეწვევა გაფართოების გეგმას, ანდა საერთოდ დაიშვებიან თუ არა თურქეთი, ხორვატია, უკრაინა და სხვა კანდიდატები ევროპულ ოჯახში.

იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც იმედოვნებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებას, ევროპის კავშირის შიგნით აღმოცენებული კრიზისის გამო ეჭვებისა და უიმედობის პერიოდი დადგა. ევროპელი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ფრანგი და ჰოლანდიელი ამომრჩევლების მიერ კონსტიტუციაზე უარის თქმა მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს ევროპის მოსახლეობის შეშფოთებას და შიშს, რომ შემდგომი გაფართოება უარყოფით გავლენას მოახდენს მათ სამუშაო ადგილებზე, იდენტურობასა და გარემომცველ სამყაროზე. არადა, ათი ახალი წევრით ევროპა მხოლოდ ერთი წელია რაც შეივსო და ძველი ევროპის წევრი სახელმწიფოები ჯერ კიდევ ვერ შეჰგუებიან ამ ვითარებას. საფრანგეთის საერთაშორისო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის ფილიპ მორო დე ფარჟეს თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ რუმინეთსა და ბულგარეთს ევროკავშირში თავის დროზე, ზუსტად 2007 წლისთვის, მიიღებენ, რადგან მათ უკვე მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას. მაგრამ რაც შეეხება თურქეთს, ხორვატიას, უკრაინასა და სხვა დანარჩენ ქვეყნებს, ისინი არ უნდა ელოდნენ საკითხის სწრაფ გადაწყვეტას:
[მორო დე ფარჟეს ხმა] ” დანარჩენთათვის დგება ლოდინის დრო. ახლა ევროპის კავშირის შიგნით ძალიან ბევრი პრობლემის გარშემო ძალიან რთული დებატები დაიწყება.”

გერმანიის ბერტელსმენის ფონდის მეცნიერ-თანამშრომლის, წამყვანი ანალიტიკოსის პეტერ ზერვაკისის შეფასებით, ევროპის გაფართოების პროცესი გაგრძელდება, მაგრამ განსხვავებული პირობებით:

[პეტერ ზერვაკისის ხმა] ” გაფართოების კლასიკური ფორმულა, რაც გულისხმობს ჩრდილო-აღოსავლეთ ევროპის ქვეყნების სრულ პოლიტიკურ ინტეგრაციას ევროკავშირში, სავარაუდოდ, ხმარებიდან გამოდის. შესაძლოა, შემუშავდეს ახალი სტრატეგია, რომელიც მეზობელ ქვეყნებს საშუალებას მისცემს ეკონომიკური წარმატების მისაღწევად სრულად ითანამშრომლონ საერთაშორისო ბაზარზე, მაგრამ არ მისცემს პოლიტიკური ინტეგრაციის ნებას, რადგან ევროკავშირის 25 წევრს შორის სოლიდარობის გრძნობა უკვე საკამოდ შესუსტებულია.”

სხვაგვარად რომ ვთქვათ, მომავალი წევრებისათვის, შესაძლოა, არ იყოს დასაშვები სრული ინტეგრაცია, ამბობს პეტერ ზერვაკისი და განმარტავს:
[პეტერ ზერვაკისის ხმა] ”არსებობს სტრატეგიული მიზეზი და მიზეზი, დაკავშირებული მოდერნიზებასთან, რისთვისაც თურქეთი ცდილობს ამა თუ იმ გზით დაუკავშირდეს ევროპას. მაგრამ საკითხის არსი იმაში მდგომარეობს, ნიშნავს თუ არა ეს სრულ ინტეგრაციას. ანდა, თუ უკანასკნელ მოსაზრებას გავითვალისწინებთ, იქნება კი ეს ერთგვარი პრივილეგირებული თანამშრომლობა თურქეთისათვის, ასევე უკრაინის ან ბალკანეთის ქვეყნებისათვის?”


ამ მოსაზრებას ფრანგი ანალიტიკოსი მორო დე ფარჟეც იზიარებს. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ დემოკრატიაზე გადასვლა მათ ავტომატურად მისცემდა შესაძლებლობას შესულიყვნენ ევროკავშირში, მაგრამ ბლოკის წევრი ბევრი სახელმწიფო და ადამიანი აღარ ეთანხმება ამგვარ მოსაზრებას, უთხრა რადიო ”თავისუფლებას” მორო დე ფარჟემ:

”თუ ამ ქვეყნებს დემოკრატიულად ქცევა სურთ, ეს მათი ნებაა. და კარგია, თუკი ისინი დემოკრატიულად გარდაქმნის შემდეგ ევროკავშირს მიუერთდებიან. მაგრამ მათ არ უნდა ჰქონდეთ ავტომატური უფლება გაწევრიანდნენ ევროპის კავშირში მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დემოკრატიიის გზას დაადგნენ.”

საფრანგეთსა და ჰოლანდიაში ევროპის კონსტიტუციის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის წარუმატებლობა ადასტურებს, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი ევროპის ბლოკის გაფართოების წინააღმდეგია. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შემდგომში მოწინააღმდეგეთა რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს. მომავალ წელს ევროპის გაფართოების გზაზე მორიგ ხერგილად შეიძლება იქცეს გერმანიაში შესაძლო გამარჯვება ქრისტიან-დემოკრატებისა, რომლებიც ევროპის კავშირში თურქეთის სრული გაწევრიანების წინააღმდეგნი არიან.

მეორე მხრივ კი, თურქეთისათვის, რომელიც სრულუფლებიან წევრობას ესწრაფვის, კატეგორიულად მიუღებელია მხოლოდ განსაკუთრებული სტატუსი. უკრაინა, ხორვატია და სხვებიც დაახლოებით ამასვე ფიქრობენ.

როგორც რადიო ”თავისუფლებას” ანკარაში არსებული ბილკენტის უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა სეიფი ტაშანმა უთხრა, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ იწვევს თურქეთის გაწევრიანების საკითხი ასეთ წინააღმდეგობას, როდესაც ამ რთულ პერიოდში უფრო მნიშვნელოვანი საქმეებია გასაკეთებელი:

[სეიფი ტაშანის ხმა] ”თუ ჩვენ შევძლებთ გაწევრიანების პროცესის გაგრძელებას, არაკეთილსაიმედო დამოკიდებულება, რაც ახლა ევროპაში დომინირებს, შეიძლება შეიცვალოს. კიდევ იმიტომ ვართ იმედიანად განწყობილნი, რომ ევროპის კავშირის ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული ინტერესების გამო, ევროპა არ მოიძულებს და არ განარისხებს თურქეთს, რაც ანკარისათვის აქედანვე უარის თქმამ შეიძლება გამოიწვიოს.”

თუმცა თურქეთისათვის აქედანვე უარის თქმა არც შედის ევროკავშირის გეგმებში. ოფიციალურად ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შესახებ თურქეთთან მოლაპარაკების დაწყება ოქტომბერშია დაგეგმილი. მაგრამ თუ რით დასრულდება ეს მოლაპარაკება და რა მოხდება შემდეგ, ძალზე ძნელი სათქმელია.
XS
SM
MD
LG