Accessibility links

ომის ვეტერანთა საპროტესტო აქცია გმირთა მოედანზე


იმ ადამიანთა ერთი ნაწილი, ვინც გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების პირველ ნახევარში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის

იბრძოდა, ხელისუფლებას ომის ვეტერანთა უფლებების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს. ვეტერანები მიიჩნევენ, რომ მთავრობა ჯეროვან დახმარებას არ უწევს ომში დაღუპულთა ოჯახებსა და ინვალიდ-ვეტერანებს. მეტიც, ბევრი ვეტერანი, რომელიც სახელმწიფო სამსახურში იმყოფებოდა და ოჯახს მწირი ხელფასით არჩენდა, ეგრეთ წოდებული „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქუჩაში აღმოჩნდა. იცავს თუ არა ხელისუფლება ომის ვეტერანთა უფლებებს?


[ისმის ნაბიჯების ხმა]

საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის წინ საპატიო ყარაული ყოველ ორ საათში ერთხელ იცვლება, ხოლო გმირთა სულების უკვდავსაყოფად არ ქრება მარადიული ცეცხლი. თუმცა აფხაზეთის ომის ვეტერანი ალექსანდრე წიკლაური მიიჩნევს, რომ, დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის პატივისცემის ნაცვლად, ხელისუფლება გმირთა სახელებს არადანიშნულებისამებრ - საკუთარი პოპულარობის გასაზრდელად -იყენებს.

[ალექსანდრე წიკლაურის ხმა] „ეს სჭირდება სარეკლამო კამპანიისათვის, რათა მმართველობის პერიოდში მოიტანოს გვირგვინები, მოიყვანოს სტუმრები, დაანახვოს ხალხს, რომ ქედს ვიხრი თქვენს წინაშე... სინამდვილეში კი აბსოლუტურად იგნორირებულია ვეტერანთა უფლებები, ყველანაირ ასპექტში - იქნება ეს საარსებო, საპენსიო თუ სხვა მხრივ.“(სტილი დაცულია)

ალექსანდრე წიკლაური და მისი მეგობრები საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალის წინ მეორე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ. „შეწყდეს ქვეყნის ერთპიროვნული მართვა!“ „შეიცვალოს ვეტერანებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება!“ „მოვითხოვთ რეალურ დემოკრატიას!“- ეს არის იმ მოთხოვნათა არასრული ჩამონათვალი, რომელსაც ომის ვეტერანები ხელისუფლებას უყენებენ.

[ნიკა მახაშვილის ხმა] „პოლიტიკა უნდა შეიცვალოს ვეტერანების მიმართ. ეტყობა, რაღაც კომპლექსებს ვუჩენთ, იმიტომ რომ ჩვენ ამ ქვეყნის გულისთვის თავი გავწირეთ და არ გავიქეცით, როცა ჩვენს ქვეყანას გაუჭირდა, ვიბრძოლეთ და ეს, მე მგონი, მათში რაღაც უარყოფით კომპლექსებსს ბადებს, რისი გადალახვაც ძალიან უჭირთ.“ (სტილი დაცულია)

აფხაზეთის ომის ვეტერანი ნიკა მახაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ვეტერანებთან ვალშია, თუმცა, ვალის დაბრუნების ნაცვლად, მიზანმიმართულად ავიწროებს მათ: ათავისუფლებს სამსახურიდან და არც ყოველთვიური შემწეობების გაზრდაზე ზრუნავს. გმირთა მემორიალის წინ შეკრებილ ვეტერანებს არ ეთანხმება ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ნუკრი ცაგარეიშვილი, რომლის თქმითაც, მოქმედმა ხელისუფლებამ ბოლო ორი წლის განმავლობაში წინამორბედზე გაცილებით მეტი საქმე გააკეთა:

[ნუკრი ცაგარეიშვილის ხმა] „თუ რამის თქმა უნდა და პოლიტიკური მოტივი ამოძრავებთ, წავიდნენ და სხვაგან დაჯდნენ, პარლამენტის წინ ან კანცელარიასთან - ეს არ არის ის ადგილი, სადაც პოლიტიკური მოთხოვნები უნდა წამოაყენონ. მიზეზს კიდევ ყოველთვის მოუძებნი ადამიანი, რატომ არ კეთდება და ასე შემდეგ... არადა, რაც 14 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა, ის კეთდება. დამნახავმა უნდა დაინახოს.“

აქციის მონაწილე ვეტერანები კი ამბობენ, რომ მათ ერთადერთი რამ - სამშობლოს სიყვარული - ამოძრავებთ. სწორედ ამიტომაა, შემწეობების გაზრდის პარალელურად, ისინი მერების პირდაპირი წესით არჩევასა და მეტ დემოკრატიას რომ ითხოვენ.

[აქციის მონაწილის ხმა] „გუშინ გავედით და კანცელარიასთან დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია; ხვალ შეიძლება გავიდეთ ამერიკის საელჩოსთან და ვთხოვოთ, რომ ამ ხელისუფლებას ნამდვილი დემოკრატიის დამკვიდრებისკენ მოუწოდოს და შეწყდეს ეს ერთპიროვნული მართვა, იმიტომ რომ ჩვენი უბედურებების სათავეს ერთპიროვნულ მართვაში ვხედავთ.“

ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სულ საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის სტატუსს 15 ათასამდე მოქალაქე ატარებს.
XS
SM
MD
LG