Accessibility links

საერთაშორისო კონფერენცია ერაყის შესახებ


ოთხშაბათს ბრიუსელში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ერაყის მომავლის შესახებ.

ბელგიის დედაქალაქში 80-ზე მეტი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებმა მოიყარეს თავი. მათ შორის არიან გაეაროსა და ნატოს გენერალური მდივნები, ევროპის კავშირის ქვეყნების, შეერთებული შტატებისა და ერაყის მეზობელი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. კონფერენციაზე ერაყის ახალ მთავრობას საშუალება მიეცა წარმოედგინა თავისი გეგმები უახლოესი რამდენიმე თვისთვის, დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე.

კონფერენცია ორ მიზანს ემსახურება. ჯერ ერთი, ევროპის კავშირსა და ნატოს საშულება მიეცათ, დეტალურად შეამოწმონ გარდამავალი მთავრობის გეგმები.

მეორე მხრივ, თავად ერაყს ეძლევა საშუალება, პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმებისთვის უფრო ფართო მხარდაჭერა მოიპოვოს.

აი, რა განაცხადა ოთხშაბათს ჟურნალისტებთან შეხვედრისას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ:

[სტროს ხმა] "კონფერენცია იმის სიმბოლოა, და იმას უსვამს ხაზს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ, რომელიც ღრმად გახლეჩილი იყო სამხედრო მოქმედებების პროცესში და მანამდეც, ახლა აქტიურად მოიყარა თავი, რათა დახმარება გასწიოს დემოკრატიული, მშვიდობიანი და წარმატებული ერაყის მშენებლობის საქმეში."

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ერაყის მომავალ კონსტიტუციაზე გაამახვილა ყურადღება. კონფერენციაზე გამოსვლისას მან თქვა:

[ანანის ხმა] "ერაყელებმა ძალისხმევა უნდა გააერთიანონ იმისათვის, რომ ყველას მონაწილეობით, გამჭვირვალე პროცესში მოამზადონ ახალი კონსტიტუცია, რომელიც ყველა მონაწილის მოთხოვნებს უპასუხებს. ახალი კონსტიტუციის თაობაზე კონსენსუსის მიღწევისთვის საჭიროა კომპრომისი, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ კომპრომისი შესაძლებელია და იგი ნაყოფს იღებს."

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ ერაყის მთავრობა ვალდებულია, განაგრძოს "უსაფრთხოების სფეროში ვითარების გაუმჯობესება, ეკონომიკის ლიბერალიზაცია და პოლიტიკური სივრცე გაუხსნას ერაყის საზოგადოების ყველა წევრს, ვინც წინ აღუდგება ძალადობას."

ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა ჯერ კიდევ სამშაბათს თქვა, რომ ალიანსის წევრები ერაყის უშიშროების ძალების მომზადებასა და აღჭურვაში მომავალშიც აქტიურ როლს ითამაშებენ.

კონფერენციის ოფიციალური მასპინძლები არიან ევროპის კავშირი და შეერთებული შტატები, თუმცა ორივე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი მოწვევა ერაყის მთავრობის თხოვნით მოხდა და ეს არის არა ერაყის შესახებ არამედ ერაყისთვის კონფერენცია.

კონფერენციაზე არ განიხილება დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები. დონორთა საგანგებო კონფრენცია ივლისის შუა რიცხვებისთვის არის დანიშნული იორდანიაში.

ბრიუსელის კონფერენციის ამოცანა არ ყოფილა არც სამხედრო სფეროსთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. ამ სფეროსაც ცალკე კონფერენცია მიეძღვნება.

ბრიუსელის კონფერენცია ყურადღებას ამახვილებს სამ მთავარ საკითხზე, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს 1546-ე რეზოლუციაშია განსაზღვრული. ესაა პოლიტიკური რეფორმები, ეკონომიკის აღდგენა, საზოგადოებრივი წესრიგი და კანონის უზენაესობა.

კონფერენციის ბოლოს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადება შეიცავს მოწოდებას ერაყში ეროვნული შერიგების თაობაზე. "ყველა ჯგუფს, ვინც გმობს ძალადობას, საშუალება უნდა ჰქონდეს, მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში", ვკითხულობთ განცხადებაში. გარდა ამისა, მასში ნათქვამია, რომ ერაყის ყოფილი დიქტატორის, სადამ ჰუსეინისა და მისი მთავრობის წევრთა სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს მართლმსაჯულების სათანადო ნორმების შესაბამისად. ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოშიარ ზებარის თქმით, დღევანდელი დღე ძალზე წარმატებული დღე იყო ერაყისთვის. "ვინაიდან ვხედავთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანდება ჩვენს დასახმარებლადო," განაცხადა მან.
XS
SM
MD
LG