Accessibility links

logo-print

თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევის ახალი წესის ვარიანტი ხელისუფლებასთან ოპოზიციის სერიოზული დაპირისპირების მიზეზი ხდება


22 ივნისს პარლამენტში სერიოზული ხმაური გამოიწვია თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევის იმ ვარიანტის განხილვამ, რომელიც სამსჯავროზე ვიცე-სპიკერმა მიხეილ

მაჭავარიანმა გამოიტანა. ”საქართველოს დედაქალაქის - თბილისის - შესახებ კანონპროექტში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წინ მერისა და საკრებულოს არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის წარმომადგენლებთან ოპოზიციის დაპირისპირება ამჯერად საკომიტეტო მოსმენაზე მოხდა, თუმცა დაბეჯითებით შეიძლება იმის თქმა, რომ ხმაურიან დაპირისპირებას გაგრძელება ექნება. მაჭავარიანის მიერ წარმოდგენილ ვარიანტში ოპოზიციამ თბილისის საკრებულოს ერთი პარტიის მიერ უზურპირების მიზანი დაინახა. მაინც, როგორ არჩევნებს გეგმავს ხელისუფლება თბილისში და რა გზით შეიძლება დაუპირისპირდეს ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობის შესაძლო არჩევანს?


იყო დრო, როცა ნაციონალური მოძრაობა მოსახლეობას მერის არჩევითობას - პირდაპირი გზით არჩევითობას - ჰპირდებოდა. ნაციონალური მოძრაობის ამჟამინდელი სახეებისთვის ამის შესახსენებლად ამავე პარტიის ყოფილ სახეს, კობა დავითაშვილს, მოსახლეობასთან დადებულ ცნობილ ხელშეკრულებაში ჩადებული დაპირებების ჩამოთვლა სჭირდება. როგორც ჩანს, მმართველ პარტიაში ეს ხელშეკრულება უკვე ცუდად ახსოვთ. შეკითხვას, რატომ არ შეიძლება თბილისში მერის პირდაპირი გზით არჩევა, როცა ასეთი რამ დაშვებულია სხვა ქალაქებში, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი უპასუხებს:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] ”აბა, ნახეთ ის ქალაქები, სადაც მერი და საკრებულო სხვადასხვა გუნდებს წარმოადგენენ. არავის არ სცალია ქალაქისთვის და ერთმანეთის დაჭმაში არიან. საქმის საკეთებლად ეს უფრო მისაღებია. ”

მერის პირდაპირი გზით არჩევა შეიცავს იმის საშიშროებას, რომ მერი და საკრებულოს უმრავლესობა სხვადასხვა პოლიტიკური გუნდისგან დაკომპლექტებული აღმოჩნდეს, - ფიქრობენ სახელისუფლებო უმრავლესობაში და იმისათვის, რომ ეს ასე არ მოხდეს, ამუშავებენ თბილისის მერის საკრებულოდან არჩევის გზას, ამავდროულად კი - საკრებულოს სრულიად ახალი წესით არჩევისას. გეგმა 22 ივნისს მიხეილ მაჭავარიანმა გამოიტანა სააშკარაოზე. მისი პროექტის განხილვა საკომიტეტო მოსმენაზე შედგა და გაირკვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას თბილისის საკრებულოს არჩევისთვის პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების სინთეზი მოუფიქრებია. მოტივაცია ასეთია: მოსახლეობამ საკრებულოში ხმა უნდა მისცეს სასურველ კანდიდატებს სასურველი პარტიიდან, რათა არჩეულებმა რაიონების მაჟორიტარის მსგავსი სტატუსი მიიღონ.


ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება რამდენი მანდატი შეიძლება ჰქონდეს ამა თუ იმ რაიონს თბილისის საკრებულოში - ეს იქნება მაქსიმუმ სამი და მინიმუმ 2 მანდატი. სხვადასხვა პარტიები სხვადასხვა რაიონებში დაასახელებენ კანდიდატებს მანდატების წინასწარ განსაზღვრული რაოდენობის გათვალისწინებით. ამომრჩეველი ხმას მისცემს მისთვის სასურველ პარტიას და ამ პარტიის მიერ დასახელებულ ამა თუ იმ კანდიდატს და თუ, ვთქვათ, ვაკის რაიონში ყველაზე მეტ ხმას მიიღებს ამა თუ იმ პარტიის ერთი კანდიდატი, დანარჩენი მანდატებიც ამ პარტიის იქნება. უბნებიდან 2 ან 3 მანდატის მისაღებად საკმარისი იქნება 20-25000 ხმა, იმავდროულად, იმუშავებს 4 პროცენტიანი საარჩევნო ზღვარი და პარტია,რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით გადალახავს ამ ზღვარს, მიიღებს მხოლოდ ერთ მანდატს საკრებულოში. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი არის კარგად გათვლილი ფანდი მმართველი პარტიის მიერ თბილისის საკრებულოს უზურპაციისთვის, მეთოდი, რომლის დაკანონებაც ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის აზრს დაუკარგავს, ხოლო თუ რას იზამს მაშინ ოპოზიცია, ამის შესახებ ასეთი განმარტებები გაკეთდა :


[კობა დავითაშვილის ხმა] ”ჩვენ არ ვაპირებთ ვიყოთ მკვდარზე ვენოკი ამ ხელისუფლებაზე. დავჯდებით ოპოზიციურ პარტიებთან და მოვილაპარაკებთ, რომ დავიწყოთ საყოველთაო დაუმორჩილებლობის კამპანია ამ ხელისუფლების ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით. სხვა ალტერნატივას ეს პროექტი არ გვიტოვებს.” (სტილი დაცულია)


[დავით ბერძენიშვილის ხმა] ” მე არ მაქვს რევოლუციებში დამარცხების გამოცდილება და ამით არ ვარ ამაყი. მე მინდა დასრულდეს რევოლუცია ამ ქვეყანაში, მაგრამ ხელისუფლება ქვეყანას რევოლუციისკენ მიაქანებს. ”

მაგრამ ნაციონალურ მოძრაობაში აღარ სჯერათ არც დავითაშვილის და არც ბერძენიშვილის გაფრთხილებებისა. როგორც ჩანს, თბილისის მერის და საკრებულის არჩევის წესის განსაზღვრის პროცესი ოპოზიციას ხელისუფლებასთან უფრო აქტიურ დაპირისპირებაში შესვლას უკარნახებს.
XS
SM
MD
LG