Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიან ყარაბახში შემდგარ არჩევნებს დაპირისპირება მოჰყვა


მთიან ყარაბახში კვირას გამართული არჩევნები, შესაძლოა, ახალი მწვავე დაპირისპირების საბაბი გახდეს. საუბარია საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც რეგიონში უკვე

მეოთხედ ტარდება 1988 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც მთიანი ყარაბახი აზერბაიჯანს გამოეყო. წინასწარი მონაცემებით, ახალ საკანონმდებლო ორგანოში ადგილების უმრავლესობა ამჟამინდელი ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ძალას შეხვდება. ოპოზიცია ამ ფაქტს სასტიკად აპროტესტებს და ახალი პარლამენტის ბოიკოტირებით იმუქრება.

წინასწარი მონაცემებით, მთიანი ყარაბახის პრეზიდენტის არკადი ღუკასიანის მმართველი პარტია და მისი მოკავშირეები ახალ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით გავლენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ოთხშაბათს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, არტსახის დემოკრატიული პარტია (ანუ ღუკასიანის პარტია) სეპარატისტული რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს 33 სკამიდან 12-ს მიიღებს, 10 შეხვდება მთავრობის მომხრე აზატ ჰაირენიკის პარტიას (ანუ პარტია – თავისუფალი სამშობლო), კიდევ 8 ადგილს ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ძალები დაინაწილებენ, ხოლო ოპოზიციას მხოლოდ 3 შეხვდება. ამგვარი შედეგები, მართლაც, სიურპრიზად იქცა ბევრისთვის, რადგან ოპოზიციური ალიანსი, რომელსაც სომხეთის რევოლუციური ფედერაცია – დაშნაკცუტსიუნი და პარტია მოძრაობა-88 წარმოადგენს, საარჩევნო კამპანიის ლიდერებად მიიჩნეოდა.

მოძრაობა-88-ის თავმჯდომარის მოადგილე გეგჰამ ბაღდასარიანი არჩევნების შედეგებს ირონიით უყურებს:

(გეგჰამ ბაღდასარიანის ხმა) "ჩემი აზრით, ჩვენ სამართლიანი და გამჭვირვალე დარღვევების მოწმე გავხდით."

ბაღდასარიანმა სამშაბათს თქვა, რომ ოპოზიციამ, შესაძლოა, ბოიკოტი გამოუცხადოს ახალ პარლამენტს და ასევე გაახმაურა ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ პარტია დაშნაკცუტსიუნის კანდიდატის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებაც დაგეგმა.

დაშნაკცუტსიუნის წარმომადგენელი არმენ სარგისიანი, რომლის პარტიაც წინა მოწვევის პარლამენტში 8 ადგილს იკავებდა, კვირას გამართულ არჩევნებთან მიმართებით ასევე გაყალბებაზე საუბრობს.

ეუთო, რომელიც მთიანი ყარაბახის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, რა თქმა უნდა, არც კვირის არჩევნებს მეთვალყურეობდა. თუმცა გარკვეულმა უცხოურმა კერძო ორგანიზაციებმა და უფლებათა დამცველმა ჯგუფებმა ამ რეგიონში მეთვალყურეები მაინც გაგზავნეს. დამკვირვებელთა შორის იყო რუსეთის დუმის ქვედა პალატის დელეგაციაც. არჩევნებმა კმაყოფილი დატოვა რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი კონსტანტინ ზატულინი. მან ორშაბათს სტეპანაკერტში ჟურნალისტებს უთხრა, რომ მთიანი ყარაბახის არჩევნები სამართლიანი და გამჭვირვალე იყო. სხვათა შორის, გამოვლენილ დარღვევებზე არც დასავლელი მეთვალყურეები საუბრობენ.

კმაყოფილია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც. მან კვირას გამართულ არჩევნებს მთიანი ყარაბახის მიერ დემოკრატიის განმტკიცებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი უწოდა.

იმას, რომ სეპარატისტულ რეგიონში დემოკრატიული პროცესები შედარებით მოძლიერდა, ბაქოელი ჟურნალისტი, ინტერნეტ-გამოცემის "რეალ აზერბაიჯანის" მთავარი რედაქტორი ფინულა ფატულაევიც აღნიშნავს. მან თებერვალში იმოგზაურა ყარაბახში და თვალსაჩინო განსხვავებაც სწორედ მაშინ დაინახა. თუმცა ბაქოელი ჟურნალისტი ბოლო არჩევნების მიმართ გამოთქმულ ეჭვებს იზიარებს:

(ფინულა ფატულაევის ხმა) "სიმართლე რომ გითხრათ, მე ამ შედეგებმა საკმაოდ გამაკვირვა. ოპოზიციონერ ლიდერებთან შეხვედრისა და საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შემდეგ, მე მოველოდი, რომ ოპოზიცია გაცილებით უკეთეს შედეგებს მიაღწევდა. ყოველ შემთხვევაში, მე მეგონა, რომ თუკი პარტია დაშნაკცუტსიუნი პარლამენტში უმრავლესობას ვერ მოუყრიდა თავს, სადეპუტატო მანდატების მნიშვნელოვან რაოდენობას მაინც მოიპოვებდა. მაგრამ, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ (არ ვიცი...), ჩემი პროგნოზი არ გამართლდა. ისე კი, რამდენადაც მე ვიცი, ზოგიერთ საარჩევნო ოლქში სერიოზული კანონდარღვევა და გაყალბებაა აღმოჩენილი."

თუმცა ბაქოელი ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ კვირის არჩევნებს (რა შედეგითაც არ უნდა დაგვირგვინდეს ის) სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობაში გადამწყვეტი როლის თამაში მაინც არ შეუძლია, იმიტომ რომ მთიანი ყარაბახი სამშვიდობო მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს. დაბოლოს, ვიტყვი, რომ ბაქოში მთიანი ყარაბახის საპარლამენტო არჩევნებს უკანონოდ მიიჩნევენ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG