Accessibility links

logo-print

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა უფლებები საქართველოში


საქართველო ბავშვთა უფლებების საერთაშორისო კონვენციას ჯერ კიდევ 11 წლის წინ, 1994 წელს, მიუერთდა, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოში ბავშვთა უფლებები

დღემდე უხეშად ირღვევა. მეტიც, ამ ხნის განმავლობაში, ფაქტობრივად, არ შეცვლილა ხელისუფლებისა და საზოგადოების დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისადმი. ნათქვამის დასტურად გამოდგება 19 ივნისს მცხეთაში მომხდარი ინციდენტი, როცა ერთ-ერთი რესტორნის ადმინისტრაციამ ექსკურსიაზე მყოფი მოზარდები მხოლოდ იმის გამო არ შეუშვა შენობაში, რომ ეს უკანასკნელნი ინვალიდის ეტლებზე ისხდნენ. რამდენად არის დაცული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა უფლებები საქართველოში და რა კეთდება ვითარების შესაცვლელად?

„ყველა ბავშვს აქვს უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი თუ სოციალური განვითარებისათვის.“ - ეს არის ამონარიდი გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციიდან, რომელსაც საქართველო თერთმეტი წლის წინ მიუერთდა. ამავე კონვენციის 23-ე მუხლით განსაზღვრულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა უფლებები. კერძოდ, ის, რომ მათ აქვთ უფლება სარგებლობდნენ განსაკუთრებული მზრუნველობით, მიიღონ განსაკუთრებული განათლება და მომზადება, რათა შეძლონ ცხოვრება ისეთ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს მათ მაქსიმალურ დამოუკიდებლობას და სოციალურ ინტეგრაციას. თუმცა ის, რაც 19 ივნისს მცხეთის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა, დიამეტრულად ეწინააღმდეგება როგორც გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციას, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს.

[ირინა ინასარიძის ხმა] „შესასვლელშივე ჩვენ დაგვხვდა ქალბატონი, რომელმაც უარი გვითხრა მიღებაზე, თითქოს არ ჰქონდათ ადგილი. არადა, ჩვენ ვხედავდით თავისუფალ მაგიდებს დარბაზში. შემდეგ გვითხრა, აქ მთვრალი ადამიანები არიან და შეურაცხყოფას მოგაყენებენო. ანუ შეურაცხყოფას მოგვაყენებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ინვალიდები გვყავდა იქ.“(სტილი დაცულია)

ასოციაცია „ანიკას“ ხელმძღვანელი ირინა ინასარიძე, რომელიც თბილისის მერიის მიერ დაფინანსებულ ექსკურსიაზე თან ახლდა ინვალიდ ბავშვებს, მცხეთაში, რესტორან “ხიდაშლებში”, მომხდარ ინციდენტს ემოციის გარეშე ვერ იხსენებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ანა დოლიძე კი რესტორნის ადმინისტრატორის საქციელში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს:

[ანა დოლიძის ხმა] „ეს არის ადამიანის უფლებათა ყველაზე ფუძემდებლური უფლებების დარღვევა და, რაც მთავარია, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. კოდექსის 142-ე მუხლის მიხედვით, ინვალიდი ადამიანებისათვის ინვალიდობის მოტივით რაიმე უფლების განხორციელებაზე უარის თქმა ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამ წლამდე.“

თუმცა საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა უფლებებს მხოლოდ ცალკეული ადამიანები როდი არღვევენ. მაია ბიბილეიშვილი, წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“, ამბობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა უფლებები ყოველ ნაბიჯზე ირღვევა:

[მაია ბიბილეიშვილის ხმა] „ავიღოთ იგივე ყრუ-მუნჯი და უსინათლო ბავშვების პრობლემები, ისინი ხომ მოკლებული არიან ყოველგვარ კომუნიკაციას, არა აქვთ საშუალება მოუსმინონ რადიოგადაცემებს; ფაქტობრივად, ჟესტით არ მიმდინარეობს არც ერთი ტელეგადაცემა, თუ არ ჩავთვლით პირველ არხს; ბრაილის შრიფტით არ ხდება გამოცემების დაბეჭდვა, რის გამოც უსინათლოები არიან ინფორმაციულ ვაკუუმში, თუმცა ძალიან კარგი ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვთ. იგივე ითქმის ეროვნულ გამოცდებზე: ჩვენ დღემდე ვაყენებთ საკითხს, რომ არ არის განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებების დაცვა.“(სტილი დაცულია)

გოგა კოხრეიძე, წარმომადგენელი ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციისა „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, მიიჩნევს, რომ 19 ივნისს მომხდარ დანაშაულში რესტორნის თანამშრომელზე მეტი წვლილი ხელისუფლებას მიუძღვის:

[გოგა კოხრეიძის ხმა] „მსგავსი ადამიანები ქვეყანაში უნდა დაისაჯონ. მაგრამ პრობლემა ამაში არ არის, პრობლემა არის სახელმწიფოს დამოკიდებულებაში - ყოველ ნაბიჯზე რომ ხდება იგნორირება ადამიანის უფლებებისა, იმიტომაც ბედავენ მსგავსი ადამიანები ამის გაკეთებას. ეს არის კონკრეტული ფაქტი, როცა ინვალიდობის გამო მოხდა დისკრიმინაცია.“

არასამთავრობო ორგანიზაციები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, მათ შორის, ის ბავშვები, რომელთა უფლებები ასე უხეშად ირღვევა, მომხდარის გამო პროკურატურაში ჩივილს არ აპირებენ, თუმცა საზოგადოებას მოუწოდებენ, გამოიჩინონ გონიერება და ნუ მიაყენებენ ტკივილს იმ ადამიანებს, რომლებმაც - ვინ იცის, რის ფასად - პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა გაბედეს.
XS
SM
MD
LG