Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ცხოვრობენ ერაყში ქართველი მშვიდობისდამცველები? ინტერვიუ კაპიტან გიორგი შენგელიასთან


ოთხშაბათს დილით, როდესაც ბრიუსელში ერაყის საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია იწყებოდა, ჩვენი თანამშრომელი კობა ლიკლიკაძე ტელეფონით ესაუბრა ქართული სამშვიდობო კონტინგენტის მეთაურს, კაპიტან გიორგი შენგელიას.

მთელი სამი წლის მანძილზე, რაც ქართველი მშვიდობისდამცველები ერაყში იმყოფებიან, ჩვენ პირველად მოგვეცა შესაძლებლობა, დავკავშირებოდით ბაღდადში მყოფ ქართველ მეთაურს. გთავაზობთ ამ საუბრის ჩანაწერს:

კობა ლიკლიკაძე: გიორგი, დილა მშვიდობისა! დღეს ოთხშაბათია, 22 ივნისი, და მე ველაპარაკები ჩვენს ოფიცერს, ქართველ ოფიცერს ერაყში. თქვენთან რა დროა ახლა, გიორგი?

გიორგი შენგელია: ჩვენთანაც იგივე დროა: 11.30. მოგესალმებით მეც.

კ.ლ.: გიორგი, შენს შესახებ მითხარი ცოტა რამ, შენი სამხედრო კარიერის შესახებ. ბიოგრაფიული დეტალები გაგვიმხილე. იმიტომ, რომ, დარწმუნებული ვარ, შენი ახლობლები, მეგობრები, მშობლები, ნაცნობები, თანამებრძოლები, რომლებიც დატოვე საქართველოში, ისინი ალბათ მოგისმენენ დღეს.

გ.შ.: მე დავამთავრე გაერთიანებული სამხედრო აკადემია 1999-ში, მას მერე, დაწყებული ოცეულის მეთაურიდან ბატალიონის მეთაურამდე, გავიარე გზა ყველა ქვეგანაყოფში, სხვადასხვა ადგილებში ვმსახურობდი, აშშ-ში დავამთავრე საპარაშუტო სკოლა, კენედის სახელობის სპეცდანიშნულების სკოლა; აგრეთვე, პატარ-პატარა კურსები, რომელთაც აღარ ჩამოვთვლი ახლა ხანგრძლივობის გამო, და ვარ ახლა მე-13 "შავნაბადას" ბატალიონის მეთაური.

კ.ლ.: გიორგი, ბარემ ჩვენს რადიომსმენელს აქვე ვეტყვი, რომ შენ იმყოფები ერაყში სამშვიდობო მისიით და ხელმძღვანელობ იქ ჩვენს კონტინგენტს არა?

გ.შ.: დიახ, "შავნაბადას" ბატალიონს.

კ.ლ.: გიორგი, თუ საიდუმლოსთან არ არის დაკავშირებული, სად გელაპარაკები ახლა მე, სად იმყოფები ამ წუთში?

გ.შ.: ამ წუთში ვიმყოფები ბატალიონის განლაგების ადგილზე, ოპერატიულ ბაზა "შავნაბადაზე" და იქედან გესაუბრებით.

კ.ლ.: რა მისიას ასრულებთ, გიორგი? რა არის თქვენი ყოველდღიური ამოცანა? ამას არ გეკითხები მხოლოდ ცნობისმოყვარეობიდან გამომდინარე - დარწმუნებული ვარ, ბევრ ჩვენს თანამემამულეს აინტერესებს ეს.

გ.შ.: კი, მოგახსენებთ. დღესდღეობით "შავნაბადას" ბატალიონს ძირითადი ამოცანები აქვს ჩაბარებული ბაღდადში, ქვეყნის დედაქალაქში. ამერიკული ქვეგანაყოფის მერე, ფაქტიურად, მეორე ქვეგანაყოფი ვართ ზომით დედაქალაქში და გვაბარია ცენტრალური და საკვანძო ადგილები: კომერციული ცენტრი, მთავრობის სხდომები სადაც იმართება და "მწვანე ზონაში", ე. წ. "საერთაშორისო ზონაში" შემოსასვლელი "ჩეკპოინტებიც" (საკონტროლო-გამშვები პუნქტები-რედ.) აბარია ქართულ ქვედანაყოფს.

კ.ლ.: ამ რამდენიმე დღის წინ მე შესაძლებლობა მქონდა, და არა მარტო მე, არამედ დარწმუნებული ვარ, ბევრ ჩვენს თანამემამულეს, ენახა აფეთქების, თავდასხმების, თვითმკვლელების მიერ მოწყობილი ტერორისტული აქტების შედეგები. ამ ყველაფერს თქვენ ალბათ ყოველდღიურად უყურებთ არა? თუ თქვენი მისია არ არის მაინც ამგვარ ოპერაციებზე გასვლა?

გ.შ.: ოპერაციებზე გასვლა ყოველ წუთს შეიძლება მოხდეს, ისეთი, რასაც ჰქვია საბრძოლო ოპერაცია. თუმცა, ყველაფერი საბრძოლოა, რომ ჩათვალო, ბაღდადში, თქვენ კარგად მოგეხსენებათ. ასეთ რაღაცებზე – აფეთქებები, თვითმკვლელები, ყოველგვარი გადამეტების გარეშე ვამბობ, ყოველ წამს და ყოველ წუთს შეიძლება მოხდეს, დაზღვეული არავინ არაფრისგან არ არის.

კ.ლ.: გიორგი, ამ დღეებში ჩატარდა, თუ არ ვცდები, უნიკალური ოპერაცია. 40 ათასი ერაყელი ჯარისკაცი მონაწილეობდა საკუთრივ ბაღდადში ექსტრემისტების, მათი მხარდამჭერების გამოსავლენად. ქართველებმა, ჩვენმა სამხედროებმა, თუ მიიღეთ მონაწილეობა ამ ოპერაციაში?

გ.შ.: კი, ჩვენ მივიღეთ ამ ოპერაციაში მონაწილეობა, ანუ გარე უსაფრთხოება გვეხებოდა, ოპერაცია ისევ მიმდინარეობს, არ დასრულებულა, ამოღებულია დიდძალი იარაღი, თვით ამ ოპერაციის შედეგად გამოვლენილია ბევრი ტერორისტული დაჯგუფების ქსელი და, საერთოდ, ძალიან დიდი შედეგი გამოიღო ამ ოპერაციამ.

კ.ლ.: გიორგი, ერაყში მყოფ სამხედროს ჰკითხო, რა იყო მისთვის ყველაზე სახიფათო უბანი და ძნელად გასახსენებელი ამბავი, ცოტა არ იყოს დილეტანტურია, მაგრამ მაინც გავბედავ და შეგეკითხებით, ყველაზე უფრო ძნელად გასახსენებელი რა იყო ამ ხნის განმავლობაში, რაც თქვენ ბრძანდებით ერაყში?

გ.შ.: ყველაზე ძნელი იყო ჩემთვის ჩვენი საუკეთესო ოფიცრის მწყობრიდან გამოსვლა. საქმის კურსში ხართ, ალბათ, და იცით, რაც მოხდა: უფროსი ლეიტენატი ქუთათელაძე... აი, ასეთი უბედური ამბავი მოგვივიდა "კონვოის" დროს. ღმერთის წყალობით, გადარჩა. არადა, ყველა დაიღუპა იმ მანქანაში, მხოლოდ ის გადარჩა. ხელი დაკარგა და თვალი, მაგრამ, რაც მთავარია, ცოცხალი გადარჩა... ყველა ჯარისკაცისთვის და ყველა ქართველისთვის უდიდესი ტკივილი იყო ეს ამბავი, მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, მთავარია რომ გადარჩა, ცოცხალია და აშშ-ში გადის რეაბილიტაციას და ყველაფერი კარგად იქნება.

კ.ლ.: მე არ ვიცი, მიხეილ ქუთათელაძეს შეეძლება თუ არა, მოგისმინოთ, გიორგი, მაგრამ მის ახლობლებს კი ნამდვილად ექნებათ შესაძლებლობა, მოისმინონ თქვენი ინტერვიუ. რას ეტყოდით ერაყიდან თქვენს დაჭრილ თანამებრძოლს, რომლის მდგომარეობაც სტაბილურია და თანდათან მწყობრში დგება? რას უსურვებდით მას?

გ.შ.: მე ერთი ეს მინდა ისევ და ისევ გავიმეორო: რომ იგი არის ერთი საუკეთესო მაგალითი ქართული ვაჟკაცობისა, ჩემთვის და "შავნაბადას" ბატალიონისათვის იგი ყოველთვის დარჩება ვაჟკაცობის მაგალითად. ბოლო წუთებამდე გვქონდა კონტაქტი, იმ უბედური შემთხვევის შემდეგ, ოპერაციის წინ, მას არ დაუკარგავს არც გონება, არც ვაჟკაცობა და, პირიქით, აქეთ გვაგულიანებდა და რაღაც დიდი ეფექტი ჰქონდა მთელი ბატალიონისათვის მის მოქმედებებს.

კ.ლ.: გიორგი, თქვენს მანდაურ თანამებრძოლებზე, არაქართველ მებრძოლებზე რას გვეტყვი? ვინ არიან ისინი, ვისთან უფრო გიხდებათ კონტაქტი? ამერიკელები უკვე ახსენეთ, კიდევ ვინ არიან? თუ დაუმეგობრდით, საბრძოლო მეგობრობა რასაც ჰქვია, თუ ჩამოგიყალიბდათ?

გ.შ.: კი, მინდა გითხრათ, რომ "შავნაბადას" ბატალიონთან ახლა ამ მომენტში მომაგრებულია ერაყული "ჩარლი" ასეული. ჩვენ მათ, ამ ახალ არმიას, ვასწავლით, თუ როგორ უნდა იმოქმედონ "ჩეკპოინტებზე", ანუ ისინი ჩვენთან ერთად აკეთებენ ზოგიერთ "ჩეკპოინტზე" თავიანთ საქმეს, სწავლობენ ბევრ რაღაცას, ჩამოყალიბების პროცესში არიან, ბევრი ხარვეზები აქვთ, მაგრამ ეს ადამიანური ურთიერთობები მაინც დომინირებს. გაგებით ეკიდებიან ჩვენს მათ ქვეყანაში ყოფნას, პატივისცემა და გაგება გვაქვს ერთმანეთის მიმართ, ესმით ის პასუხისმგებლობა, რაც აკისრიათ და შეგნებულად უყურებენ იმას, რომ ქართველების ამხელა ქვეგანაყოფი მათ ქვეყანაშია და ესმით ეს.

კ.ლ.: გიორგი მე, როგორც ადამიანს, ჟურნალისტს, გარედან მაყურებელს, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ინტესივობა თავდასხმებისა ერაყში არ კლებულობს. იქნებ თქვენ, შიგნიდან უფრო სხვაგვარად უყურებთ ამ ვითარებას. როგორ ფიქრობთ, გაუმჯობესებისკენ არის, თუ სტაბილურად არასტაბილური ვითარებაა ერაყში? არ ვიცი, კორექტულია თუ არა ჩემი შეკითხვა და გაქვს ამგვარი შეფასების უფლება, როგორც სამხედროს?

გ.შ.: კი, გეტყვით. რომ ავიღოთ მთლიანობაში ეს ერაყული თეატრი საბრძოლო მოქმედებებისა, როგორც შეიძლება მას დავარქვათ, ერთ სივრცეში არ შეიძლება მისი განხილვა. ავიღოთ, მაგალითად, ჩრდილოეთში სიტუაცია სულ სხვაა (ქურთები და ა.შ.) ბაღდადისკენ კი სხვა სიტუაციაა. ჩემი აზრით, სამხედრო ბერკეტებით გადაწყვეტასთან დაკავშირებით, ძალიან რთული იქნება სიტუაცია. უფრო პოლიტიკური ზეწოლაა საჭირო ვითარების განმუხტვისათვის. ჩემი გადმოსახედიდან ასე ჩანს.

კ.ლ.: გიორგი, დღეს, 22 ივნისს, რით იქნები დაკავებული შენ და შენი თანმებრძოლები? სიტყვა "ხელქვეითებს" არ ვიხმარ, რადგან მანდ, ერაყში, ალბათ, უფრო მეგობრული, მჭიდრო ურთიერთობა გაქვთ. იქნებ, ორიოდე სიტყვით გაგვაცნო შენი თანამებრძოლები.

გ.შ.: ისევ და ისევ, ჩვეულებრივი დღე მიდის "შავნაბადას" ბატალიონისათვის. ოპერატიულ ცენტრში ვარ ახლა, ყველა თავის საქმით არის დაკავებული... მე მოხარული ვარ და, საერთოდ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მადლობელი ვარ თითოეული ჩემი ჯარისკაცის და ოფიცრის, ამ ერთმანეთის გვერდში დგომისათვის, მათი პროფესიონალიზმისათვის. და ეს მხოლოდ ჩემი შეფასება არ არის. მე შემიძლია გითხრათ, რომ თავად კოალიციურ ძალებში ჩვენს ბატალიონს საკუთარი ადგილი აქვს. ყოველთვის, ახალი ქვედანაყოფი საზღვარგარეთიდან რომ ჩადის, უყურებენ ზემოდან ქვემოთ. აქ ეს პრობლემა მთლიანად მოხსნილია. ჩვენ მიკუთვნებული ვართ ერთ-ერთ ამერიკულ ბრიგადაზე და იგივენაირად მიდის ამოცანების დასმა, იგივე შეხებაში შევდივართ, როგორც ამერიკელი ჯარისკაცები და ქვედანაყოფები. და ეს ყველაფერი ამ ბიჭების, ამ ჯარისკაცებისა და ოფიცრების დამსახურებაა.

კ.ლ.: ენობრივი პრობლემები თუ გაქვთ ამერიკელებთან ურთიერთობისას?

გ.შ.: ენობრივი პრობლემები იყო თავიდანვე, როცა ჩამოვედით პირველ თვეებში, მაგრამ ისევ და ისევ, ქართველები ვართ და თითოეული ჯარისკაცის დონეზეც ჩამოყალიბდა ურთიერთქმედება და გაგება: ზოგმა ამერიკელმა ქართული ისწავლა, ზოგი ქართველი - ინგლისურს სწავლობს. ჩემი გადაწყვეტილებით, ერთ-ერთი ამერიკელი ოფიცერი, ჩვენზე რომელიც არის მომაგრებული, ჩემი თხოვნით სერჟანტების კატეგორიასა და ოცმეთაურების, ოფიცრების კატეგორიას, ყოველდღიურად უტარებს მეცადინეობებს ინგლისურ ენაში. თითო-თითო საათით, სპეციალური კლასები აქვთ გამოყოფილი, და დიდი შედეგი გამოიღო ამან.

კ.ლ.: ოპერაციები, სახიფათო უბნები, თქვენი მაღალი მისია გასაგებია, მაგრამ იქნებ იმაზეც ვისაუბროთ, თუ როგორ ატარებთ თავისუფალ დროს ერაყში. თუკი, რა თქმა უნდა, არსებობს უქმე დღეების ცნება.

გ.შ.: უქმე დღე, ფაქტიურად, არ არსებობს ჩვენთვის. მაგრამ ჩვენ მაინც, რაღაცნაირად, სიმბოლურად გამოყოფილი გვაქვს კვირადღე. იმიტომ, რომ, მოგეხსენებათ, არაბული კალენდრიდან გამომდინარე, აქ ორშაბათია დასვენების დღე. მაგრამ კვირადღეს ვაძლევთ თავს უფლებას, ცოტათი მაინც, თუკი განსაკუთრებული დაძაბულობა არ არის, დავისვენოთ. ასევე, შემიძლია გითხრათ, რომ ჯარისკაცების და ჩემი გადაწყვეტილებით, სადაც "შავნაბადას" ბანაკია განლაგებული, გაკეთებული გვაქვს "ვარდების რევოლუციის" სკვერი.

კ.ლ.: ძალიან საინტერესოა...

გ.შ.: ჰო, გასაკვირი იყო, მაგრამ გავაკეთეთ. და საღამოს შეგიძლიათ გაისეირნოთ, კაი ლამაზი სკვერია. თანაც, ეს სკვერი სადამ ჰუსეინის ყოფილ სასახლეშია...

კ.ლ.: სადამ ჰუსეინის სასახლეშია? ხომ არ მომესმა?

გ.შ.: კი, კი. ბატალიონი განლაგებულია სადამ ჰუსეინის ყოფილ სასახლეში.

კ.ლ.: რა გრძნობა გეუფლებათ ხოლმე, როცა ამ სასახლეს უყურებთ?

გ.შ.: ახლა შევეჩვიეთ, მაგრამ თავიდან დიდი, რაღაცა ისეთი აურა ჰქონდა, როცა შევედით (იცინის). ახლა მივეჩვიეთ.

კ.ლ.: გიორგი ახლა ერთი საკითხი მინდა წამოვწიო, რაც პირველი ორი ნაკადის დროს გარკვეულ მითქმა-მოთქმას იწვევდა. საქმე ეხებოდა ერაყში მყოფი სამხედროების ანაზღაურებას. ლაპარაკი იყო, თითქოს ერაყში ყოფნა არ უთანაბრდებოდა საბრძოლო მოქმედებას, რაც იწვევდა ანაზღაურების დაკლებას. მოკლედ, რამდენად ხართ ფინანსური თვალსაზრისით მოტივირებულნი?

გ.შ.: გასაგებია. მე ერთ რამეს გეტყვით. ეს "შავნაბადას" ბატალიონის ერთგვარი წინასიტყვაობა იყო: უკვე მესამე წელია, ჩვენ ერთად ვართ და პატარა ოჯახივით ვართ, ეს მინდა, რომ კარგად გაიგოთ. სირთულეა, თუ რაც არის, ჩვენს გარეთ ეს არ გადის. მაგრამ სერიოზულ რაღაც ისეთ ფინანსურ პრობლემაზე, არაფერზე არ არის საუბარი. პირიქით, მადლობა მინდა გადავუხადო გენერალური შტაბის უფროსს და თავდაცვის მინისტრს მხარში დგომისათვის, ჩვენი წამოსვლის წინა პერიოდში მომზადებისათვის. და რა ვიცი, მართლა დიდი მხარდაჭერა იყო სამინისტროს მხრიდან ამ საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტისათვის. ასე რომ, ფინანსურ საკითხზე საუბარი აღარ არის ჩვენს ბატალიონში.

კ.ლ.: გასაგებია და ძალიან მიხარია, გიორგი, ამას გულწრფელად ვამბობ. და რაკი თქვენ სამხედრო ოჯახი ახსენეთ, ბარემ აქვე თქვენი და თქვენი ჯარისკაცების ოჯახებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. უფრო სწორად, იქნებ ჩვენი ეთერის საშუალებით თქვენ მიმართოთ ოჯახის წევრებს, რომლებიც სულმოუთქმელად გელოდებიან.

გ.შ.: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს რადიოს და მე საშუალებას გამოვიყენებ და ორი სიტყვით ვიტყვი: მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემი ჯარისკაცების და ოფიცრების მშობლებს და მეუღლეებს, ასეთი კაცებისათვის, რომლებიც ქართულ საქმეს აკეთებენ ამსიშორეზე საქართველოდან, ამ ქართული დროშის სიამაყით. მე კიდევ გავიმეორებ: კოალიციურ ჯარებში ერთ-ერთი კარგი სახელი დავიმკვიდრეთ და მე მოხარული ვარ, რომ ეს "შავნაბადას" ბატალიონმა გააკეთა და იმ ბიჭებმა, ვინც ახლა აქ არიან. და ეს არის, პირველ რიგში, ჩემი გადმოსახედიდან, იმ ოჯახების დამსახურება, სადაც ეს ხალხი გაიზარდა და მე მინდა, ყველა მშობელს დიდი მადლობა გადავუხადო ასეთი შვილებისათვის. და ყველას, ვისაც ჩვენი უხარია, ყველა იმ ხალხს ვუხდი მადლობას. ჩვენ არასოდეს არ ვიქნებით უკანა პლანზე, ჩვენ ყოველთვის პირველები ვიქნებით ამ ხალხის გასახარად და საქართველოს დიდებისათვის.

კ.ლ.: როდისთვის გელოდებიან, გიორგი, თქვენი ოჯახის წევრები? როდის მთავრდება თქვენი სამშვიდობო მისია ერაყში?

გ.შ.: ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, მაგრამ სადღაც აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში უკვე წესით საქართველოში უნდა ვიყოთ.

კ.ლ.: გიორგი, მე იმედი მაქვს, რომ უკვე საქართველოში ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს და შესაძლებლობა მექნება, უკვე თბილისის სტუდიაში მოგიწვიო სტუმრად. ძალიან დიდი მადლობა, რომ, ასეთი რთული მისიის მიუხედავად, გამონახე დრო ჩვენთან საუბრისათვის. მე რადიომსმენელს შევახსენებ, რომ კაპიტანი გიორგი შენგელია, ქართული კონტინგენტის მეთაური, ამჟამად იმყოფება ერაყში. გიორგი, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, გამარჯვებას და მშვიდობას გისურვებ შენ და შენს ყველა თანამებრძოლს, ვინც ახლა ერაყში იმყოფებით.

გ.შ: დიდი მადლობა თქვენც!
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG