Accessibility links

logo-print

მძღოლების უსაფრთხოებაზე ღვედი, უფლებების დაცვაზე კი პრეზიდენტი ზრუნავს

  • ნინო როდონაია

ხუთშაბათს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით იმსჯელა კანონპროექტზე, რომელიც ქვეყანაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს ცვლის. მესამე მოსმენითვე

განისაზღვრა ახალი სანქციები, რომელიც მოძრაობის წესების დამრღვევებს დაეკისრებათ.
დღემდე მოქმედი შესაბამისი კანონების შეცვლის მიზეზად ხელისუფლება მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და მათივე უფლებების დაცვას ასახელებს.
რით გამოიხატება ეს?

საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესების დაცვით არ გამოირჩევიან, ახალი ნორმები ამოქმედდება. საქალაქთაშორისო და მცირე ზომის ავტობუსები ნებისმიერ გზაზე არა უმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებენ. ამავე სიჩქარეს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა ავტომაგისტრალებზე არ უნდა გადააჭარბონ, სხვა სახის გზებზე კი მაქსიმუმ 70 კმ/სთ სიჩქარით უნდა იმოძრაონ. ახალი წესის თანახმად, ავტომაგისტრალებზე სავალდებულო გამოყენების ფუნქციას იძენს ავტომობილის ჩვენში მივიწყებული დეტალი - ღვედი. ამ საკითხის განხილვისას დეპუტატებს ღვედის გამოყენების კონტროლთან დაკავშირებული შეკითხვები გაუჩნდათ. პარლამენტის წევრთა ნაწილისთვის გაუგებარია, როგორ უნდა დაადგინოს პატრულმა, დაცულია თუ არა ახალი წესი, თუკი უშუალოდ მძღოლს ვერ ხედავს. კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული ეჭვი გასაგები აღმოჩნდა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის კოტე გაბაშვილისთვისაც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ამ საკითხს ახალი კულტურის დამკვიდრებას უკავშირებს:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ,,აქ ლაპარაკია ახალი კულტურის შემოღებაზე, რომელიც აწყობს თვითონ იმას, ვინც არ იკეთებს ღვედს. არ გაიკეთებს ღვედს და 80 პროცენტით იმატებს მისი რისკი იყოს დამტვრეული და დასახიჩრებული, ან დაღუპული. ვისაც როგორ უნდა, ისე მიხედოს. ელემენტარული ცივილიზებული ამბავია - გიკეთია ღვედი, 80 პროცენტით ნაკლებად იმტვრევი, არ გიკეთია - მეტად. ვისაც როგორ უნდა, ისე იცხოვროს ამის მერე და დასჯა იქნება პრევენცია იმისა, რომ ადამიანები მიეჩვიონ, რომ თავი არ მოიკლან.” (სტილი დაცულია)

ღვედის გამოყენების კონტროლის ტექნიკური უზრუნველყოფა კანონმდებლებმა სამართალდამცავებს მიანდეს. საქართველოს გზებზე შესაბამისი ტექნიკური დანადგარების დამონტაჟების საკითხი შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა მოაგვაროს. ახალი ტექნიკის შეძენა მოუწევთ იმ მძღოლებსაც, რომლებიც ავტომანქანის მართვისას მობილური ტელეფონით საუბარს აპირებენ:

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] ,,მობილური ტელეფონით საუბარი არ იკრძალება ზოგადად, თუ შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით მოხდება მისი გამოყენება.” (სტილი დაცულია)

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, ეს საშუალებები სპეციალური ყურსასმენი და თავად ტელეფონის ხმამაღალი საუბრის ფუნქციაა. მძღოლებისა და მობილური ტელეფონის ურთიერთობის წესთან დაკავშირებით სადავოდ რჩება პუნქტი, რომელიც სპეციალური საშუალებების გარეშე ტელეფონის გამოყენებას განსაკუთრებულ შემთხვევებში ითვალისწინებს. ამ შემთხვევათა შორისაა პოლიციაში ან სასწრაფო დახმარების სამსახურში დარეკვა. დაკანონდება თუ არა მსგავსი გამონაკლისი, პარასკევს კანონპროექტის კენჭისყრის წინ გაირკვევა. გაცილებით გვიან, შემოდგომაზე, განისაზღვრება ის, თუ რამდენი პროცენტით იქნება ნებადართული ავტომანქანების მინების ჩამუქება. განსაკუთრებით მუქი მინების მოყვარულ მძღოლებს ამ მხრივ იმედგაცრუება ელით.
თუ თქვენ ყველა ამ ახალ წესს დაიცავთ, მაგრამ სხვა კანონს დაარღვევთ და პატრული არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო მეორედ დაგაკავებთ, 300 ლარით დაჯარიმდებით. 100 ლარის გადახდა მოგიწევთ იმ შემთხვევაში, თუ დადგენილ სიჩქარეს 15 კმ-საათით გადააჭარბებთ. ამას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებები ითვალისწინებს და მისი ინიციატორი პრეზიდენტი სააკაშვილი იყო:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] ,,კიდევ ერთხელ მინდა ყურადღება მივიპყრო მძღოლების. ეს არის პრეზიდენტის ინიციატივა. ესეც არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასაცავად.” (სტილი დაცულია)

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა მოქალაქეებს განუმარტა, რომ, ცვლილებების შედეგად, მართვის მოწმობას ადრინდელივით იოლად ვეღარ ჩამოართმევენ. მაჭავარიანს ამ საქმეში არც პარლამენტის წვლილი დავიწყებია და არც ის, რომ სიახლე კორუფციასთან ბრძოლის კიდევ ერთი მეთოდია. საგზაო უსაფრთხოების ახალ წესებს პარლამენტი საბოლოოდ პარასკევს დაამტკიცებს, თუმცა კანონი ოფიციალურად მხოლოდ სამ თვეში ამოქმედდება.
XS
SM
MD
LG