Accessibility links

არასამთავრობო ორგანიზაციები მკვეთრად უარყოფითად აფასებენ ხელისუფლების ინიციატივას თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევის წესის განსაზღვრასთან დაკავშირებით


თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევის წესის განსაზღვრისთვის შემუშავებულ ინიციატივას ხელისუფლებას პოლიტიკურ ოპოზიციასთან ერთად მესამე სექტორიც უწუნებს.

”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და ” სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” ხუთშაბათს პარლამენტის თითოეულ წევრს მოუწოდა, თბილისის შესახებ კანონპროექტში ცვლილებების შეტანისას გაითვალისწინოს საზოგადოების აზრი და სერიოზული დარტყმა არ მიაყენოს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ თბილისის მერი პირდაპირი გზით უნდა იყოს არჩეული, მით უფრო, რომ ეს საკუთრივ თბილისელების მოთხოვნაა.


თბილისელებს სურთ მერი თავად - პირდაპირი არჩევნების გზით - აირჩიონ. ამას ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” მიერ 2005 წლის მარტში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიც ადასტურებს. ორგანიზაციის შეკითხვას - ”თქვენი აზრით, ვინ უნდა აირჩიოს თბილისის მერი, საკრებულომ თავისი შემადგენლობიდან თუ უშუალოდ თბილისელებმა?” - მარტში 1000 რესპონდენტმა გასცა პასუხი. აქედან 75 პროცენტი თბილისის მოსახლეობის მიერ მერის არჩევას დაეთანხმა. ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები ხელისუფლების მმართველი გუნდისთვის ცნობილია, თუმცა ეს არაფერს ცვლის. მისმა წარმომადგენლებმა ძალიან იოლად დაივიწყეს შევარდნაძის ოპოზიციაში ყოფნისას მოსახლეობისთვის მიცემული დაპირება მერების პირდაპირი გზით არჩევითობის დამკვიდრების შესახებ. ისინი თბილისის მერის საკრებულოდან არჩევის მომხრენი არიან და თავიანთ პოზიციას ასეთი არგუმენტით ხსნიან: ქალაქის პრობლემების გადასაწყვეტად ჯობს მერი და საკრებულოს უმრავლესობა ერთ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენდნენ. საქმეში კარგად ჩახედული პირებისთვის - იმათთვის, ვისაც თვითმმართველობის საკითხებზე ბევრი უმუშავია - ასეთი არგუმენტი, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია.

[ თამარ ჟვანიას ხმა] ”ეს არის ის, რაც ურტყამს რეალურ თვითმმართველობას საქართველოში; ხელისუფლების მიერ არანაირად არ არის გაზიარებული თვითმმართველობის, მართლაც, მნიშვნელოვანი პრინციპი და სისტემური ხედვა, რაც, მართლაც, სჭირდება ჩვენს ქვეყანას.” (სტილი დაცულია)

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” წარმომადგენელი თამარ ჟვანია წუხს, რომ ხელისუფლება უგულებელყოფს დემოკრატიის და, იმავდროულად, საკუთარი ამომრჩევლის მოთხოვნას და ამაში მარტო მერის პირდაპირი გზით არჩევითობაზე კატეგორიული უარის თქმა არ იგულისხმება. მესამე სექტორის წარმომადგენლებისთვის არანაკლებ საგანგაშოა თბილისის საკრებულოს არჩევის წესთან დაკავშირებით სააშკარაოზე გამოტანილი ინიციატივა - დედაქალაქის საარჩევნო ოლქებში ჩატარდეს არჩევნები ძნელად გასაგები პროპორციულ- მაჟორიტარული სისტემით, რომლის თანახმადაც ”მაჟორიტარები” პარტიები არიან და, გამარჯვების შემთხვევაში, შესაბამის ოლქში ყველა მანდატს ერთი პარტია იღებს.

[ანა ჟვანიას ხმა] ” მთავარი, რაც აქ უნდა ვთქვათ, არის ის, რომ ეს შეამცირებს პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლობას და იმ მრავალფეროვნებას, რომელსაც უნდა ეყრდნობოდეს თბილისელების ინტერესების გამოხატვა საკრებულოში.” (სტილი დაცულია)

”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი ამ ორგანიზაციის სახელით მკვეთრად უარყოფითად აფასებს თბილისის შესახებ კანონპროექტში ცვლილებების შესატანად საპარლამენტო უმრავლესობაში აღმოცენებულ ინიციატივებს. მისი აზრით, თუ პარლამენტი ამ ინიციატივებს მაინც გაიზიარებს, დემოკრატიული პრინციპების ერთგულ საზოგადოებას სამოქმედოდ რამდენიმე გზა დარჩება. პირველი : რეფერენდუმის დანიშვნის შემთხვევაში თქვას, რომ მერის პირდაპირი გზით არჩევის მომხრეა; მეორე: მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც ერთხელ უკვე დაადასტურა, რომ თბილისის და ფოთის მერები პირდაპირი გზით უნდა იყვნენ არჩეულნი და, მესამე: ისარგებლოს მიტინგებისა და მანიფესტაციების ჩატარების უფლებით. ხელისუფლებას პოლიტიკური ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებისგან მიტინგებსა და მანიფესტაციებზე მინიშნებები მაინცდამაინც არ აშინებს. დემოკრატიიდან გადახვევა რომ არც საკრებულოს აქამდე გაუგებარი წესით არჩევა იქნება და არც მერის ირიბი გზით არჩევა, ამას მისი წარმომადგენლები ასე ამტკიცებენ:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] ” როგორ ირჩევენ დანიის პრემიერ-მინისტრს, რომელიც ქვეყნის პირველი პირი ხდება? პარლამენტიდან. არის თუ არა დანია დემოკრატიული ქვეყანა? ”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი თუ დანიის მაგალითს იშველიებს, სხვები ხან ბალტიისპირა ქვეყნების, ხანაც გერმანიის მაგალითს იშველიებენ და არაფრად მიიჩნევენ იმას, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში, იქ, სადაც პრეზიდენტს პირდაპირი გზით ირჩევენ, უმეტესწილად, ასეთივე გზით ირჩევენ მერებს, ხოლო იქ, სადაც პრეზიდენტი ირიბი გზით, პარლამენტიდან, აირჩევა, უმეტესწილად, ირიბი გზით ირჩევიან ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები. სხვა ქვეყნებში დამკვიდრებული სისტემების მოშველიებისას - მით უფრო, ერთი პოლიტიკური გუნდის მერისა და საკრებულოს უმრავლესობის უპირატესობაზე საუბრისას - სახელისუფლებო უმრავლესობის წარმომადგენლები რატომღაც ივიწყებენ სისტემას, რომელიც მათთვის სამაგალითო ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოქმედებს :

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] ”როდესაც უმაღლეს დონეზე ხელისუფლებაში მოდიან რესპუბლიკელები, ასეთ დროს, ძალიან ხშირად, შტატების დიდ ნაწილში ხელისუფლებაში მოდიან დემოკრატები და პირიქით. ” (სტილი დაცულია)

როგორც ყოფილი პარლამენტარი ვახტანგ ხმალაძე აღნიშნავს, ამას ყველაფერს ამერიკელი ამომრჩეველი თავად აკეთებს იმისთვის, რომ ხელისუფლება ერთი პოლიტიკური ძალის ხელში არ მოექცეს.
XS
SM
MD
LG