Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძველი ავტომობილების გამოფენა პრაღაში


პრაღის უმსხვილესი საგამოფენო ცენტრი, ჩეხეთში ყველასათვის კარგად ცნობილი ვისტავისჩე, 15-დან 19 ივნისამდე უნიკალურ ავტომობილებს მასპინძლობდა.

თითოეულ მათგანს საკუთარი - ხანგრძლივი და საინტერესო - ისტორია აქვს. გამოფენაზე წარმოდგენილი სახელგანთქმული ბრენდების - Porsche-s, Volkswagen-is, Skoda-sa da BMW-ს - გვერდით, თავს იწონებდა გორკის ავტოქარხანაში გამოშვებული და ჩეხებისთვის უკვე ისტორიად ქცეული ვოლგა-21-ც. ჩეხეთის მობილური მუზეუმის, ავტოკლუბისა და კომპანია "ინხება პრაჰას" მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე წარმოდგენილი მოდელები ჩეხეთის რესპუბლიკის მუზეუმებისა და კერძო კოლექციონერების საკუთრებაა. ეს გამოფენა საგანგებოდ მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ორგანიზატორებმა მას 100 წლის წინათ პრაღაში გამართული მსგავსი გამოფენის გაცოცხლება უწოდეს.

(ისმის მუსიკა )

ახლა ეს ავტომობილები ფუფუნება უფროა, ვიდრე გადაადგილების საშუალება. ორ უზარმაზარ პავილიონში გაბნეული ფერად-ფერადი მოდელები ავტო-ისტორიის მხოლოდ ერთი ნაწილია.

(სვატოპლუკ ჰოლატას ხმა) "გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატების ნაწილი ჩეხეთის მუზეუმების საკუთრებაა, ნაწილი კი კერძო მფლობელებმა წარმოადგინეს. ყველაფერი, რასაც ხედავთ, ჩეხეთის მასშტაბით არის შეგროვილი, არც ერთი ექსპონატი არ შემოგვიტანია საზღვარგარეთიდან."

ჩეხეთის ავტოკლუბის წარმომადგენელი სვატოპლუკ ჰოლატა, რომელმაც ამ გამოფენაზე ჩვენი მეგზურობა იტვირთა, პირველ რიგში, ავტომობილების ერთ-ერთ წინაპარს გვაცნობს:

(სვატოპლუკ ჰოლატას ხმა) "გამოფენის ყველაზე ძველი ექსპონატია სოდომკა ქალაქ ვისოკამიტოდან. მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს ავტომობილი არ არის და იმისათვის, რომ ადგილიდან დაიძრას, ცხენების შებმაა საჭირო. ექსპონატი უკვე 110 წელს ითვლის. “სოდომკა”, როგორც კომპანია, აღარ არსებობს - მის მემკვიდრეობას ახლა კომპანია “იკაროსი” აგრძელებს."

რაც შეეხება გამოფენაზე წარმოდგენილ ყველაზე ხანდაზმულ ავტომობილს, მას კომპანია "ინხება პრაჰას" წარმომადგენელი, ჩვენი მეორე მეგზური, ზუზანა კრალოვა წარმოგვიდგენს:

(ზუზანა კრალოვას ხმა) "ყველაზე ძველი ავტომობილი ამ გამოფენაზე 100 წლისაა და შექმნილია 1905 წელს "ლაურინ და კლემენტის" მიერ ".

ამ მშვენიერი მოდელის შექმნამდე, ორი ლეგენდარული ადამიანის - ლაურინისა და კლემენტის (მექანიკოსისა და ბუხჰალტრის) - ტანდემი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ველოსიპედებისა და მოტოციკლეტების შექმნით იყო დაკავებული. ავტომობილმა კი ორი სეხნია მეგობრის - ვაცლავ ლაურინისა და ვაცლავ კლემენტის -სახელები ისტორიას სამუდამოდ შემოუნახა.

(ისმის მუსიკა)

კომპანიის მიღწევებს საგანგებოდ აფასებდნენ მათ სამშობლოში, რომელსაც ახლა ჩეხეთი ჰქვია, მაგრამ იმ ხანად ავსტრია-უნგრეთის მონარქიაში შემავალ ბოჰემიად იცნობდნენ. ამ კოხტა ავტომობილის გამოსვლიდან 20 წლის შემდეგ, ანუ 1925 წელს, ორი ვაცლავის კომპანია "შკოდა-პლზნერის" მძლავრ და სახელგანთქმულ ინდუსტრიას შეუერთდა. შკოდათი, რომელსაც ასევე 100 წელი შეუსრულდა, ჩეხები, რა თქმა უნდა, დღესაც იწონებენ თავს. გამოფენაზე დემონსტრირებულია კომპანიის ისტორიის ძირითადი ხაზი - მე-20 საუკუნის დასაწყისიდან 21-ე საუკუნის დასაწყისამდე. მათ შორისაა ისეთი მოდელებიც, რომლებიც ბუნებაში მხოლოდ ერთადერთ ეგზემპლარად არსებობს.

(ისმის მუსიკა)

აქვეა გერმანული ავტომობილების – beemve-sa (BMW) და ფოლკსვაგენის (Volkswagen) ძველი მოდელები. ამ უკანასკნელთან ჩეხებს ორმაგი კავშირი აქვთ: ჯერ ერთი, ის, რომ შკოდა ავტო სწორედ ფოლკსვაგენმა იყიდა, მეორე და ბევრად უფრო მთავარი კი ის არის, რომ Volksvagen-is ხოჭოდ-წოდებული პირველი მოდელის ავტორი ფერდინანდ პორშე პატარა ქალაქ ვრატისლავიცე-ში (Vratislavice) დაიბადა. მართალია, იმხანად, ანუ 1875 წელს, ვრატისლავიცეს მატერსდორფი (Mattersdorf) ერქვა და ის ასევე ავსტრია- უნგრეთის მონარქიაში შემავალ ბოჰემიას ეკუთვნოდა, მაგრამ ამჟამად ეს პაწია ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის განუყოფელი ნაწილია და ჩეხებს ძალიან უნდათ, რომ პორშეს წარმომავლობა აბსოლუტურად ყველამ გაიგოს. ამიტომ გასაკვირი სულაც არ არის, რომ ჩეხების სიამაყეს ამ გამოფენაზე საგანგებო ადგილი ეთმობა:

(სვატოპლუკ ჰოლატას ხმა) "ფერდინანდ პორშე საუკუნის კონსტრუქტორია. არ არსებობს ავტომობილი, რომელსაც გამოყენებული არ ჰქონდეს პორშეს თუნდაც სულ მცირე დეტალი. ამ პავილიონში წარმოდგენილი გამოფენა მისი დაბადების 130-ე წლისთავს მივუძღვენით."

(ავტომობილის ხმა)

ამბობენ, რომ მოყვარულები პორშეს ხმას შორიდანვე ცნობენ. თუმცა ათჯერ გაგონილს ნამდვილად ერთხელ ნანახი სჯობს და, მით უმეტეს, პორშეს შემთხვევაში...

(მუსიკა)

თვალისმომჭრელ ავტოსიძველეში უეცრად 1951 წელს გამოშვებულ ვოლგასაც წავაწყდი - ზღვისფერ 21-ს:

(სვატოპლუკ ჰოლატას ხმა) "დიახ, დიახ, ეს “ვოლგაა”.... “ვოლგა” რუსული მანქანაა... ეს არის გორკის ავტოქარხნის პროდუქცია".

გამახსენდა, რომ ეს ავტომობილი საბჭოთა საქართველოში ერთ დროს თითქმის ყველა მძღოლის ოცნება იყო და ამის გაფიქრებაზე, ეტყობა, უნებურად გამეღიმა. ჰოლატამ კი გადაწყვიტა, რომ გამოფენაზე ყველაზე მეტად სწორედ ვოლგა-21 მომეწონა და სასწრაფოდ კარიც გამიღო:

(კარის გაღების ხმა)

თუმცა მე გამონაკლისი არ ვიყავი. როგორც ზუზანა ამბობს, ფავორიტი ავტომანქანების სალონის დათვალიერების შანსი ამ გამოფენაზე აბსოლუტურად ყველას ეძლევა:

(ზუზანა კრალოვას ხმა) "მნახველებს შეუძლიათ ჩასხდნენ ნებისმიერ მანქანაში და ისიამოვნონ."

დამთვალიერებლებს გამოფენა ძალიან მოსწონთ, მაგრამ ვიდრე აქ მოვიდოდნენ, ალბათ, აჯობებდა, რომ ავტომობილების ისტორიისთვის გადაეხედათ, თორემ აქ ჩეხური ენის ცოდნის გარეშე ინფორმაციის მიღება ძალიან ძნელია. ინფორმაციის მხოლოდ ჩეხურ ენაზე გავრცელებას, რაც პრაღაში მხოლოდ ამ გამოფენის პრობლემა არ არის, ზუზანა ასე ამართლებს:

(ზუზანა კრალოვას ხმა) "იმიტომ რომ, აქ, ძირითადად, ჩეხები დადიან. ტურისტები – ნაკლებად... შეიძლება იყვნენ, მაგრამ - ცოტა, მაგალითად: ფინეთიდან, შვედეთიდან, ინგლისიდან და შეიძლება – გერმანიიდანაც."

ბუნებრივია, ეს მისაღები არგუმენტი არ არის, მაგრამ ახლა ამ თემას აღარ გავაგრძელებ. თუმცა პირადად მე, ზუზანას ინგლისურის წყალობით, ძველი ავტომობილების სამყაროში ძალიან ბევრი რამ ახალიც გავიგე.

(ისმის მუსიკა)
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG