Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლეიბორისტული პარტია“ საპარლამენტო ოპოზიციას სოლიდარობას უცხადებს


ვინ უნდა აირჩიოს დედაქალაქის მერი: ხალხმა თუ ხალხის მიერ არჩეულმა საკრებულომ? როგორი წესით უნდა ჩატარდეს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები?

ვინ უფრო მეტად დაიცავს ხალხის ინტერესებს - პროპორციული თუ მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატი? - ეს ის კითხვებია, რომლებმაც, შესაძლოა, სათავე დაუდოს ოპოზიცური პარტიების დიდ გაერთიანებას. ყოველ შემთხვევაში, პარლამენტს მიღმა დარჩენილი პარტიების უმრავლესობა სოლიდარობასა და სრულ მხარდაჭერას უცხადებს საპარლამენტო ოპოზიციას, რომელიც ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს უმრავლესობის მიერ საკანონმდებლო ორგანოში შეტანილი დედაქალაქის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას.

პრალამენტში წარმოდგენილ ოპოზიცური პარტიებს -„მემარჯვენეებს“, „რესპუბლიკელებსა“ და „კონსერვატორებს“ - ელემენტარულად არ ჰყოფნით მანდატების რაოდენობა, რათა წინ აღუდგნენ უმრავლესობის ნებას, ანუ ჩააგდონ დედაქალაქის შესახებ კანონპროექტი, რომლის თანახმადაც თბილისის მერს ხალხის ნაცვლად, საკრებულოს წევრები ირჩევენ. ასე რომ, შექმნილი ვითარება საპარლამენტო და პარლამენტს მიღმა დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ უბიძგებს.

მაგალითად შალვა ნათელაშვილი, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მზად არის, საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს „ვარდების რევოლუციაში“ მონაწილეობა აპატიოს და მმართველ პოლიტიკურ ძალას მათთან ერთად დაუპირისპირდეს.

[ შალვა ნათელაშვილის ხმა] „გუშინ შემომეხმიანენ, ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. სრული მხარდაჭერა აღვუთქვი მათ, ყველანაირად შევეცდები გავუმაგრო მათ ზურგი, იმიტომ, რომ საერთო საქმეს ვემსახურებით, მაგრამ მთავარია მერე არ გადაიხაროს რომელიმე პოლიტიკური ძალა სააკაშვილის მხარეს“.

ვის ვის და „ლეიბორისტულ პარტიას“ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს. „ლეიბორისტები“ სისტემატურად აპროტესტებენ ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს, უპირისპირდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს თბილისის საკრებულოში და პარლამენტის შენობის წინ პერიოდულად საპროტესტო აქციებსაც მართავენ.

[ხმა მიტინგიდან] „საათველოში ტყუილის ეპოქა უნდა დამთავრდეს! საქართველოში სააკაშვილის ეპოქა უნდა დამთავრდეს!..“

თუმცა, ცხადია, ხალხის მხარდაჭერის გარეშე ოპოზიციურ პარტიებს მიზნის მიღწევა გაუჭირდებათ. რას ფიქრობს ხალხი? ვინ უნდა აირჩიოს დედაქალაქის მერი: ხალხმა თუ ხალხის მიერ არჩეულმა საკრებულომ?

[მამაკაცის ხმა] „ხალხი უნდა ირჩევდეს, ამას წყალი არ გაუვა! საერთოდ ყველა ხელმძღვანელს ხალხი უნდა ირჩევდეს! ხელისუფლება ხალხის რჩეული უნდა იყოს!

[მამაკაცის ხმა] „წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ხალხის მომზადება სჭირდება, მოსამზადებელი ეტაპია საჭირო, რათა მოსახლეობამ გაითვითცნობიეროს.“

[ქალბატონის ხმა] „რა თქმა უნდა, ხალხი უნდა ირჩევდეს. მე მგონი, ხელისუფლება თვითონ უნდა მიხვდეს, რომ ხალხმა უნდა აირჩიოს და არ აიძულოს ქუჩაში გამოსვლა“.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ საზოგადოების მხარდაჭერითა და ოპოზიციის ერთიანობით, ხელისუფლება უკან დაიხევს და ხალხს არა მარტო დედაქალაქში, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიეცემა მერებისა და გამგებლების არჩევის საშუალება. თუმცა შალვა ნათელაშვილი კოლეგა-პოლიტიკოსებს, ბრძოლის დაწყების წინ, რამდენიმე რჩევას აძლევას.

[შალვა ნათელაშვილის ხმა] „ოპოზიცია უნდა იყოს მართლა ოპოზიცია და საკუთარ სტრატეგიას უნდა აწვებოდეს ბოლომდე, საკუთარი გადახრის გარეშე. არ შეიძლება დღისით იყო ოპოზიციაში, საღამოს კი პეკინის ქუჩაზე ჩინურ რესტორანში სააკაშვილთან ერთად იჯდე“.

ერთი სიტყვით, ოპოზიციური პარტიების ლიდერები გაერთიანებასა და ხელისუფლების წინააღმდეგ მასშტაბური მოძრაობის დაწყებას აპირებენ. შალვა ნათელაშვილის თქმით, ოპოზიციასა და ხალხს, საპროტესტო აქციების გარდა, ხელისუფლებაზე ზემოქმედების სხვა საშუალება აღარ დარჩა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG