Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”კალაძის საქმე”, პენსიონერი გამომძიებელი და უსახლკაროდ დარჩენილი მისი ოჯახი


საქართველოს მოქალაქის, პოლკოვნიკ ბათალდი საღინაძის ნაამბობი მძაფრსიუჟეტიანი სერიალის სცენარს ჰგავს. როგორც თვითონ თქვა,

ასეთი შთაბეჭდილება დროდადრო თავადაც ექმნება ხოლმე. დღეს ბათალდი საღინაძე საქართველოს ხელისუფლებისგან თავისი და თავისი ოჯახის წევრების უფლებებისა და ღირსების დასაცავად ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოს მიმართავს. მაგრამ ისტორია, რომელიც ამ სარჩელს უძღვის წინ, არ ეხება მხოლოდ ბათალდი საღინაძისა და მისი ოჯახის ღირსებას.

67 წლის ბათალდი საღინაძე აფხაზეთიდან დევნილია. ის 1998 წლამდე რამდენიმე ათეული წლის მანძილზე მუშაობდა ჯერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ომის შემდეგ კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამომძიებლად. როგორც თავად მოგვითხრობს, 2003 წელს საქართველოს პრეზიდენტმა და მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა პენსიონერ გამომძიებელს, მის პროფესიონალიზმში დარწმუნებულობის გამო, კახი კალაძის ძმის - ლევან კალაძის -გატაცების საქმის გამოძიებაში დახმარება სთხოვეს. ბათალდი საღინაძე გვიამბობს, რომ სამ თვეში გახსნა საქმე, მაგრამ გამოძიების გარკვეულ ეტაპზე იგრძნო, რომ მას ხელს უშლიდა შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების ზოგიერთი თანამშრომელი. გამოძიების ამ ეტაპზე საღინაძეს შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის გიორგი ბარამიძისთვის უთქვამს:

[საღინაძის ხმა] ”უთხარი, მე ვუთხარი, პრეზიდენტს - მომისმინეთ და სანამ გართულდება სიტუაციები, მანამდე ან მომაშორეთ, ანდა, რომ თქვით ძალა, გავაკეთოთ-მეთქი.”(სტილი დაცულია)

სამწუხაროდ, ბათალდი საღინაძის შიში, რომ ისეთი რთული საქმის გამოძიებაში, როგორიც ლევან კალაძის გატაცება იყო, ხელისუფლებისგან საკმარის მხარდაჭერას ვერ მიიღებდა, მისი ნათქვამით თუ ვიმსჯელებთ, გამართლდა. საღინაძის გამოცდილებით, მსგავსი ტიპის საქმეებში ხშირად ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან ხოლმე გარეული და საქმის წარმოება, როგორც წესი, რთულდება. საღინაძეს, როგორც თავად აცხადებს, არა მარტო არ მოუსმინეს, როცა ის სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდებას ცდილობდა, არამედ გამოძიებასაც ჩამოაშორეს:

[საღინაძის ხმა] ”28 ივნისს კარები იღება. ოთხი-ხუთი ჭრელად ჩაცმული თანამშრომლები - ძველები, ახლები შემოდიან ცინიკურ ფორმაში და: რა გნებავთ მეთქი და - ბატონო ბათუ, საქმე უნდა ჩაგვაბარო კალაძისო.”(სტილი დაცულია)

გარკვეული დროის შემდეგ საღინაძე შეეცადა პრეზიდენტისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა, რისთვისაც სამგვერდიანი წერილი მოამზადა:

[საღინაძის ხმა] ”ვწერდი როგორ შეიქმნა ეს ანკლავი საქართველოში - პანკისი და სხვა, რატომ ხდებოდა ადამიანების გატაცება, რა სიტუაცია იყო ფეხბურთის სისტემაში ჩვენთან, რომ კლასიკური ფორმის მაფიოზად ჩამოყალიბდა და რას უშვებოდნენ ჩვენს ტალანტ ბიჭებს და როგორ იყო აქ შერწყმული კრიმინალი და მმართველები ერთმანეთში და ბოლოს ამ საქმეზე დავწერე, რატომ არ იხსნებოდა და ვინ არის ჩარეული. კონკრეტული პირები დავასახელე: საღინაძე, ივანოვი, პეტროვი - ასე.”(სტილი დაცულია)

გასული წლის შემოდგომაზე საღინაძე თავის ოჯახთან ერთად გამოასახლეს სახლიდან, სადაც ათი წლის მანძილზე ცხოვრობდა და რომელიც 2000 წლიდან მას, როგორც დევნილს, შენახვა-სარგებლობის უფლებით გაუფორმდა. აი, რას ჰყვება საღინაძე:

[საღინაძის ხმა] ”გავიხედე, შვიდი კაცი შემოვიდა ფორმაში - ზოგი გვაზავას (ქალაქის) სამმართველოდან, ზოგი სამინისტროდან. რა გნებავთ-მეთქი, შემობრძანდით. გამოგვაგზავნეს გვაზავამ და ოქრუაშვილმა, რომ გაგასახლოთო.”

საღინაძის ადვოკატი მალხაზ პატარაია გვიამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გასული წლის 1 ნოემბერს შინაგან საქმეთა სპეცრაზმის თანამშრომლებმა, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, ოჯახის დანარჩენ 8 წევრთან ერთად უსახლკაროდ დატოვეს. სარჩელი, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გაიგზავნა, მიღებულია წარმოებაში და ჰქვია ”საღინაძე და 5 სხვა საქართველოს წინააღმდეგ”. ამას ადასტურებს ევროსასამართლოდან გამოგზავნილი 25 მაისის წერილი. მოსარჩელე მხარე ახლა საღინაძისა და მისი ოჯახისთვის საცხოვრებლისა და იქ დარჩენილი ქონების დაბრუნებას, ასევე სახელმწიფოს მიერ 700 ათასი ევროს ოდენობით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

ამ სიუჟეტის დასაწყისში კინოსცენარი ვახსენე. 43 წლის სტაჟის მქონე გამომძიებელმა 24 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ასეთი რამ თქვა:

[საღინაძის ხმა] ”კინოს ხომ ნახულობთ, ახალგაზრდები ხართ, ამ კრიმინალურ სამყაროზე. რაც გინახავთ, იმაზე უარესია საქართველოში. არ უნდა წარმოიდგინოთ, რომ ჩვენ ყველანი ცუდები ვართ საქართველოში. საქართველოს დამნაშავეთა სამყაროს საქართველოს სისტემაში მომუშავე პოლიციელები ეყოფა, ერთ მეხუთედად რომ შეამცირონ და წესიერები რომ დატოვონ.”(სტილი დაცულია)

ეს გახლდათ ბათალდი საღინაძე, რომელმაც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში შეიტანა სარჩელი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG