Accessibility links

დაწესდა თუ არა თბილისში ბინების პრივატიზების ბოლო ვადა?


თბილისელებს შორის გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, რამაც ბევრი მოქალაქე ააფორიაქა და აღაშფოთა,

მიმდინარე წლის ივნისის შემდეგ შეუძლებელი იქნება საცხოვრებელი ბინების პრივატიზების განხორციელება. როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლების 13 წლის წინანდელი გადაწყვეტილებით, ბინის მფლობელებს ეს ქონება კერძო საკუთრებაში საჩუქრად გადაეცათ. ამ საჩუქარს ოფიციალური გაფორმება, პრივატიზება, იმ შემთხვევაში ესაჭიროებოდა, როდესაც მფლობელი მის გაყიდვას ან გაჩუქებას გადაწყვეტდა. მოუწევს თუ არა იმ თბილისელებს საცხოვრებელი ფართის პრივატიზაციაზე ნაჩქარევად ზრუნვა, ვისი ბინაც დღემდე სახელმწიფო ან კოოპერაციულ საკუთრებად ითვლება?

ბოლო დღეებში ბევრი თბილისელის ოჯახში გაისმა ყოფილი სახლმმართველობიდან, ახლა კი სერვისცენტრიდან, სატელეფონო ზარი, რომელიც მოქალაქეებს ბინების დროულ პრივატიზებას ურჩევდა, აქაოდა ივნისის ბოლოს ბინების პრივატიზების ვადა იწურებაო. გაზეთ “ახალი ვერსიის” ჟურნალისტმა მაკა ბურდიაშვილმა გამოარკვია, რომ გამგეობები ვალდებულნი არიან ბინის მფლობელები გააფრთხილონ: თუ ივლისის შუა რიცხვებამდე საცხოვრებელი ფართის პრივატიზებას ვერ მოასწრებენ, შემდეგ მათ ამის საშუალება აღარ ექნებათ.

[მაკა ბურდიაშვილის ხმა] ”ბინებში დარეკეს სახლმმართველობებიდან და მოსახლეობა გააფრთხილეს... მე, კერძოდ, დიდ დიღომზე მაქვს საუბარი, იმიტომ რომ მოსახლეობამ მთხოვა გაგვირკვიეო.”

მე იმის გარკვევას შევეცადე, რამდენად საფუძვლიანია სერვისცენტრების ასეთი მოქმედება და მართლაც სრულდება თუ არა ბინების პრივატიზების პროცესი. თავდაპირველად საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ნიკო ლეკიშვილს დავუკავშირდი. მისი კომიტეტის თანხმობის გარეშე ბინების პრივატიზებასთან დაკავშირებული რაიმე ინიციატივა კანონის ძალას ვერ შეიძენდა.

[ნიკო ლეკიშვილის ხმა] ”საკანონმდებლო დონეზე ეს არ ყოფილა, ვერ გეტყვით. ეს როგორ შეიძლება. როდესაც ადამიანს აჩუქებ რამეს, როდის გაიფორმებს, ეგ ვისი რა საქმეა.”

იმის გასარკვევად, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ხომ არ გადაწყდა საკითხი ბინების პრივატიზაციის პროცესის დასრულების შესახებ, ვაკე-საბურთალოს რაიონის საბინაო კომუნალურ სამმართველოს დავუკავშირდი, სადაც მითხრეს, მსგავსი არაფერი ვიცითო. ინფორმაციის პირველწყაროს დასადგენად საბურთალოს ერთ-ერთი სერვისცენტრის, ყოფილი სახლმმართველობის, თანამშრომელს ლელა მოისწრაფიშვილსაც გავესაუბრე.

[ლელა მოისწრაფიშვილის ხმა] ”არაფერი ინფორმაცია ჩვენ მასეთი არ გაგვაჩნია. როგორ შეიძლება, თუ ვინმე გაჭირვებულს ბინა არ აქვს პრივატიზებული, მაგაზე უარი უთხრან. არავითარ შემთხვევაში ეგ სიმართლეს არ შეესაბამება.”

ბინების პრივატიზაციის პროცესის დასრულებას უარყოფენ საჯარო რეესტრის იურისტებიც - სწორედ ამ უწყებაში უნდა გაიაროს საბოლოო რეგისტრაცია პრივატიზებულმა ქონებამ. იურისტების ინფორმაციით, საკანონმდებლო მაცნეში მსგავსი არაფერი გამოქვეყნებულა და ამის გარეშე ვერანაირი გადაწყვეტილება კანონის ძალას ვერ შეიძენს.

მაშინ რამ უბიძგა ვაკე-საბურთალოს ერთი უბნის სახლმმართველობას მოსახლეობა აეფორიაქებინა, აქაოდა პრივატიზაციის ვადა სრულდებაო? ამ კითხვით მივმართე მიწის მესაკუთრეთა უფლებების დამცველს ჯაბა ებანოიძეს, რომელიც აქტიურადაა ჩართული უძრავი ქონების პოლიტიკის შემუშავებაში.

[ჯაბა ებანოიძის ხმა] ”ცნობა რომ მიიღოს პიროვნებამ სახლმმართველობიდან, მან უნდა გადაიხადოს ძველი დავალიანებები... ეს არის სპეციალური მახე დაგებული, რომ ფული ეკეთებინათ სხვადასხვა უწყებებს.”

ჯაბა ებანოიძე ბინების პრივატიზების პროცედურების გამარტივების ინიციატივით გამოდის და ათასგვარი ბიუროკრატიული ცნობების გაუქმებას მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ბინების მათი მფლობელებისათვის უსასყიდლოდ გადაცემის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 1992 წელს მიიღო და ეს სპეციალური დადგენილებით დააკანონა. ამ დადგენილებაში არაფერი წერია პრივატიზაციის ბოლო ვადის ან რაიმე სახის შეზღუდვების შესახებ.
XS
SM
MD
LG