Accessibility links

logo-print

გასული კვირის დასაწყისში პრესის ყურადღება ბარსელონაში ათობით ქართველი იმიგრანტის დაკავებამ


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირის დასაწყისში პრესის ყურადღება ბარსელონაში ათობით ქართველი იმიგრანტის დაკავებამ მიიპყრო, თუმცა თანდათან ამ საკითხს ინტერესი მოაკლდა.

ესპანეთში მყოფი ქართველების თემას კვირის ბოლომდე პირველი რიგის ახალ ამბად ორიოდე ტელევიზია ინარჩუნებდა, ისიც, სავარაუდოდ, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებიდან აქცენტების გადასატანად. მეორე მთავარი საკითხი, რომელიც ასევე კვირის დასაწყისში მონიშნა ქართულმა პრესამ და, ბარსელონის ტუსაღთაგან განსხვავებით, დღითიდღე აქტუალობას იკრებდა, თვითმმართველობის ორგანოთა არჩევა გახლდათ, უფრო ზუსტად, თბილისის მერის არჩევის წესი. ასე მაგალითად, სამშაბათის გაზეთი “ალია” წერდა:

“ხელისუფლებას ინსტიტუციურად არ სურს არჩევითი მერი, განსაკუთრებით თბილისში. სულ რომ სააკაშვილის მიერ დასახელებული კონკურენტუნარიანი კანდიდატი გახდეს მერი, შესაძლოა, დროთა განმავლობაში ისიც პრეზიდენტის ოპონენტად და საპრეზიდენტო კანდიდატად გადაიქცეს. ხელისუფლება, გიგა ბოკერიას სახით, ცდილობს არა მარტო თბილისში შემოიტანოს საკრებულოს მიერ არჩეული მენეჯერი მერის პოსტი, არამედ საქართველოს ყველა იმ ქალაქში, სადაც, დღევანდელი კანონმდებლობით, მერი არჩევითია. ხელისუფლება თვლის, რომ საკრებულოში არჩეული ადამიანების კონტროლს უფრო შეძლებს, ვიდრე პირდაპირ არჩეული მერისა” – წაიკითხავდით გაზეთ “ალიაში”.

ორიოდე დღის შემდეგ კი უკვე გაზეთი “ხვალინდელი დღე” აუწყებდა მკითხველს თბილისის შესახებ კანონში შესატანად მომზადებული ახალი ცვლილებების თაობაზე: “პროექტი თბილისის საკრებულოს დაკომპლექტების წესს ცვლის. თითოეული პარტია თბილისის 10 საარჩევნო ოლქში პარტიულ სიებს ცალ-ცალკე წარადგენს. თითოეული ოლქისთვის კი, ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით, საკრებულოში მანდატების რაოდენობა განისაზღვრება. თუ კონკრეტული პარტია საარჩევნო ოლქში სხვა პარტიებზე მეტ ხმებს მოაგროვებს, ის მთლიანად დააკომპლექტებს ამ ოლქისათვის გამოყოფილ მანდატებს. შემდეგ ასეთი წესით არჩეული საკრებულო აირჩევს თბილისის მერს.”

გაზეთი “ახალი ვერსია” მკითხველს მოუთხრობს ამ წესისა და მასზე ოპოზიციის მწვავე რეაქციის შესახებ, თითქოს ხელისუფლება გზას უღობავს ოპოზიციას საკრებულოსკენ. თხრობას უმრავლესობის წევრის, გიგა ბოკერიას, კომენტარიც ახლავს: “ოპოზიციამ ამომრჩეველი და მედიის ნაწილი შეცდომაში შეიყვანა, თითქოს ჩვენ მერის არჩევითობის წინააღმდეგ გამოვდიოდით. ჩვენს ვარიანტს მეტი პლუსი აქვს. ჩვენს რეალობაში თუ მერი და საკრებულო ცალ-ცალკე იქნება არჩეული, ინსტიტუციონალური კონფლიქტები მერსა და საკრებულოს შორის ძალიან გახშირდება. ამას დღეს ერთი და იმავე გუნდის შემთხვევაშიც კი ხშირად ვხედავთ. თუ მერს საკრებულო აირჩევს, მათ შორის იქნება მეტი კოორდინაცია, ხოლო ამომრჩევლის წინაშე - ანგარიშვალდებულება.”

ეს თემა 25 ივნისის ქართულ პრესაშიც გრძელდება, მაგრამ ამჯერად სხვა საკითხებს მივაპყრობთ თქვენს ყურადღებას. „რეზონანსი“ იუწყება, რომ რუსულ ენერგოკომპანია “გაზპრომს” გადაწყვეტილი აქვს 2006 წლიდან საქართველოს ბუნებრივი აირი გაუძვიროს. 1000 კუბურ მეტრს, დღევანდელი 60 დოლარის ნაცვლად, გაისად 70 დოლარად მივიღებთ, - წერს გაზეთი.

“24 საათი” მოგვითხრობს საქართველოში მარშალის ფონდისა და გარდამავალი დემოკრატიების პროექტის დელეგაციათა ვიზიტზე. „ჩვენ ვნახეთ კონფლიქტის ზონებში არსებული ვითარება და დავრწმუნდით, რომ იქ რუსეთის ხელი ურევია. ამიტომაც თქვენს ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის დახმარება, მხარდაჭერა აუცილებლად დასჭირდება. სამხრეთ ოსეთში არ იციან დიალოგის არსი, ხოლო სოხუმი ამ საუკუნეში დაკარგულია, მას არა აქვს მომავალი“ - ასეთი აზრი გამოხატეს თბილისში დელეგაციის წევრებმა.

გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” კი ერთ ძველ და ცნობილ დანაშაულს უბრუნდება: „ლევან კალაძის გატაცება უკავშირდებოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გამეფებულ მაფიოზურ დაჯგუფებებსა და საერთაშორისო კრიმინალურ ავტორიტეტებს, რომელთაც კავშირი ჰქონდათ ხელისუფლების უმაღლეს ჩინოვნიკებთან. დადასტურდა, რომ კახა კალაძისგან სხვადასხვა დაჯგუფებები 600 ათასი დოლარის გადახდას ითხოვდნენ, რაზეც უარი მიიღეს, შემდეგ თვითონ კახას გატაცება სცადეს. ეს ვერ მოახერხეს და მისი ძმა ლევანი გაიტაცეს“ - წერს გაზეთი.

დაბოლოს, 25 ივნისის გაზეთი „ხვალინდელი დღე“ ეხმაურება ერთიანი ეროვნული გამოცდების მოახლოებას: „საგამოცდო ტესტები უკვე საქართველოშია,“ - იუწყება გაზეთი და აღწერს როგორც საგამოცდო, ისე შეფასების პროცედურებს. ერთი დეტალი: ჩვენი აბიტურიენტები ინტერესდებიან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობითაც, სადაც მხოლოდ 50 მისაღები ადგილია, განაცხადი კი 2371 აბიტურიენტმა შეიტანა. ასევე პოპულარული სპეციალობის - ფინანსებისა და საბანკო საქმის - 75 ადგილზე 2801 განაცხადია მიღებული. ერთიანი ეროვნული გამოცდები 10 ივლისს დაიწყება და 21 ივლისს მთავრდება, - წერს „ხვალინდელი დღე“.
XS
SM
MD
LG