Accessibility links

''სანტა ესპერანსა''


დავით პაიჭაძე, თბილისი ბიბლიოთეკის დღევანდელ გადაცემას ვუთმობთ წიგნს, რომელიც ახალი საუკუნის, ალბათ, ყველაზე ორიგინალური ქართული გამოცემაა - ის ჯვალოს პატარა ჩანთაში დევს, უკეთ, აწყვია და ისე იყიდება.

ამ წიგნს წელს ლიტერატურული პრემია “საბაც” მიანიჭეს, როგორც წლის საუკეთესო რომანს. მას უკვე თარგმნიან გერმანულ ენაზე. და მაინც, ფართოდ წიგნს ჯერ არ გამოხმაურებიან. ეს წიგნია აკა მორჩილაძის “სანტა ესპერანსა”.

ბოლო პერიოდის ქართულ ლიტერატურაში (და ეს პერიოდი მოიცავს სულ ცოტა, 25 წელიწადს) ძალიან ცოტაა ისეთი წიგნი, რომლის გამოქვეყნებისთანავე მკითხველები იწყებენ ლაპარაკს არა მარტო წიგნზე, არამედ მის მნიშვნელობაზე ქართული ლიტერატურისთვის. სწორედ ასეთი წიგნი გამოდგა აკა მორჩილაძის “სანტა ესპერანსა”. ის ერთი წლის წინ გამოიცა და ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კრიტიკული წერილით გამოეხმაურნენ და ერთ ინტერვიუში მოიხსენიეს. არ ვიცი, მკითხველი აკლია, არ ვიცი, ჯერ ვერ გაიაზრეს. შესაძლოა, ვინმე სულაც სერიოზულ კვლევას ამზადებდეს. ჩვენ აკა მორჩილაძის ტექსტების პროფესიონალ მკითხველებთან ერთად ვილაპარაკებთ “სანტა ესპერანსაზე”.

[გაგა ნიჟარაძის ხმა] “სანტა ესპერანსა, ჩემი აზრით, ყველაზე მაღალხარისხოვანი ლიტერატურული ნაწარმოებია, რომელიც არ ვიცი, რას შევადარო. შეიძლება, ახალ ქართულ ლიტერატურაში მისი დონის არც არაფერი იყოს”.

ეს გაგა ნიჟარაძეა, ფსიქოლოგი. გაგა ამბობს, რომ სანტა ესპერანსას ახლა მეორედ კითხულობს. ამ რომანის წაკითხვა, ავტორს თუ ვერწმუნებით, ბევრნაირად და, შესაბამისად, ბევრჯერ შეიძლება. ბევრნაირად – ნიშნავს მრავალი თანმიმდევრობით. რომანი ბანქოს დასტის მსგავსად 4 ფერის 9-9 რვეულისაგან შედგება. სულ 36 რვეულია. ჯამში ეს დაახლოებით 800-გვერდიანი რომანია.

ლიტერატურათმცოდნე ზაზა შათირიშვილის აზრით, სანტა ესპერანსა არის საქართველოს ალტერნატიული ისტორია. ზაზა შათირიშვილს რომანზე ლაპარაკის დროს კონტექსტში შემოაქვს ავტორის, გიორგი ახვლედიანის (აკა მორჩილაძე მისი ფესვდონიმია) საუბრები საქართველოს ისტორიის სხვადასხვა სურათისა თუ მონაკვეთის შესახებ, რომელსაც ტელეკომპანია იმედი აჩვენებს:

[ზაზა შათირიშვილის ხმა] “გიო ახვლედიანმა ორი რამ შემოგვთავაზა: ერთი – ყოველდღიურობის ისტორია, რაც ჩვენთან მაინცდამაინც არ იყო აქამდე და მეორე – აი, ეს ალტერნატიული ისტორია. ალტერნატიული ისტორიის გარკვეული მინიშნებები ყოველთვის იყო აკა მორჩილაძის შემოქმედებაში – ტექსტების გადაწერა, სტილიზაცია, სტილების გათამაშება და სხვა. მაგრამ, პრაქტიკულად, სანტა ესპერანსას სახით, ამოყვინთა მთელმა მატერიკმა”.

“სანტა ესპერანსა”, როგორც რომანი – მატერიკია ლიტერატურისათვის. საკუთრივ სანტა ესპერანსა კი სამი კუნძულისგან შემდგარი ქვეყანაა შავ ზღვაში, საქართველოს ნაპირების სიახლოვეს. აქ ცხოვრობენ დავით აღმაშენებლის დროინდელი ქართველი მეციხოვნეებისა და გლეხების, აგრეთვე, კუნძულზე შუა საუკუნეებში მისული გენუელი ვაჭრებისა და მოგვიანებით ოსმალო დამპყრობლების შთამომავლები. სანტა ესპერანსა ბრიტანეთის დომინიონია. ბრიტანეთმა მისი მართვის უფლება მე-19 საუკუნეში, ყირიმის ომში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. თუმცა, როგორც ფილოსოფოსი გიგი თევზაძე შენიშნავს, ამ კუნძულის არსებობა არაფერს არ ცვლის საქართველოს ისტორიაში.

[გიგი თევზაძის ხმა] “ამას აქვს დაახლოებით ანატომიის წიგნის კითხვის ეფექტი. როცა ანატომიის წიგნს კითხულობ, შენ კითხულობ იმას, რაც ხდება შენს ორგანიზმში. დაახლოებით იგივეა, როცა შენ კითხულობ თითქოსდა ზღაპარს, მაგრამ აქ არის ყველა ნიშანი იმისა, რომ ეს რეალურად შენს გვერდით არსებობს და ხორციელდება”.

გიგი თევზაძე “სანტა ესპერანსას” ავტორს ალექსანდრე ყაზბეგს ადარებს, რომელმაც ახალი, თუმცა ევროპული ლიტერატურისათვის კარგად ცნობილი სიუჟეტები შემოიტანა ქართულ ლიტერატურაში. აკა მორჩილაძესაც შემოაქვს თემები და სიუჟეტები, რომელიც აქ მანამდე არ იყო ან იყო ძალიან სუსტად.

[გიგი თევზაძის ხმა] “მაგალითად, მდიდარი ქალისა და მოხუცი მეზღვაურის ურთიერთობა. ეს არ არის ქართული ლიტერატურის სიუჟეტი, თუმცა მსოფლიო ლიტერატურა გატენილია მსგავსი სიუჟეტებით. ან თუნდაც გადასახლებული დედოფლის ამბავი. ფაქტიურად, თითოეული პატარა წიგნი – ეს არის თანამედროვე ლიტერატურის, საერთოდ ლიტერატურის უცნობი ყლორტების დამყნობა ქართული ლიტერატურის ხეზე. ძალიან ბევრი პლასტია ამ რომანში”.

ლიტერატურათმცოდნე ზაზა შათირიშვილი ამ ახალ სიუჟეტებში, უწინარესად, ინგლისურ კვალს ხედავს. საქმე მარტო ის არ არის, რომ სანტა ესპერანსას კუნძული ბრიტანეთის დომინიონია. ამ მოტივს სხვა, უფრო სიღრმისეულ დონეზე შემოაქვს ინგლისური კულტურა ტექსტში.

[ზაზა შათირიშვილის ხმა] “აკა მორჩილაძე ჩემი თაობის ადამიანია. როცა ჩვენ ვყალიბდებოდით 70-ანი-80-ანი წლების მიჯნაზე, ვთქვათ ასე, ინტელექტუალურ წრეებში უფრო პოპულარული იყო გერმანული ლიტერატურა და კულტურა. აკა მორჩილაძე აქაც პარალელური აღმოჩნდა; ეს არის განსაკუთრებული, ალბათ, ერთადერთი მწერალი ქართულ სივრცეში, რომელმაც შემოიტანა ინგლისური ლიტერატურა ასე მძაფრად – დისკურსებისა და ჟანრების თვალსაზრისით. ადამიანი არის ის, რასაც ის კითხულობს და რაც მას ახსოვს. აქედან გამომდინარე, აკა მორჩილაძე სრულიად შეუძლებელი იქნებოდა სტივენსონის, დიკენსის, კონან-დოილის გარეშე”.

ბორხესი, პავიჩი, კორტასარი, პელევინი – გაგა ნიჟარაძისა და ზაზა შათირიშვილის აზრით, ამ მწერალთა კვალის დანახვაც შეიძლება “სანტა ესპერანსაში”. ორივე ამბობს, რომ აკა მორჩილაძის რომანი პოსტმოდერნისტული პოეტიკის კანონთა თანახმად არის დაწერილი, ოღონდ ზაზა შათირიშვილი ამ კანონების დარღვევაზეც ლაპარაკობს:

[ზაზა შათირიშვილის ხმა] “მას აქვს ერთი განსაკუთრებული თვისება, რომელიც არ შემხვედრია არც ერთ პოსტმოდერნიტს მწერალთან. მასთან არ ხდება ქართული ცხოვრების დემითოლოგიზაცია. ის არ არის რევოლუციონერი. და ესეც არის არის ძალიან ღრმად ინგლისური. მანდელშტამი ამბობდა ბლოკზე, ის რუსულ ლექსში რეფორმას ახორციელებდა, მაგრამ ამ ყველაფერს ისე აკეთებდა, თითქოს ინგლისელ ლორდს მორიგი ბილი გააქვს თემთა პალატაშიო. რაღაც ამას ჰგავს”.

ისეც არ არის, რომ “სანტა ესპერანსას” ნაკლი არ ჰქონდეს. გაგა ნიჟარაძე ამბობს, რომ დეტექტიურ სიუჟეტში ზოგ მოქმედებას მოტივაცია აკლია, მაგალითად, სანტა ესპერანსაზე გადახვეწილი ვერელი ნიკა აბაიშვილის მკვლელობას. მაგრამ აქვე აღნიშნავს რომანის, მისი აზრით, დიდ ღირსებას – ესაა ქართული ენის გრამატიკის შესაძლებლობათა უაღრესი ოსტატობით გამოყენება. ქართულ თარგმნილ ტექსტებში ხშირია რუსული გავლენა, ამბობს გაგა ნიჟარაძე, რაც განსაკუთრებით იგრძნობა გრამატიკული დროის გადმოტანისას, რომელიც რუსულში სულ სამია – აწმყო, წარსული და მომავალი.

[გაგა ნიჟარაძის ხმა] “ქართული ზმნა გაძლევს შესაძლებლობას, უფრო რთული დროები დაატრიალო და სანტა ესპერანსაში ეს არის ძალიან კარგად გაკეთებული. ჰარმონიულად, ყოველგვარი ძალდატანებისა და გადაპრანჭვის გარეშე გამოყენებულია ზოგჯერ არქაული ქართული კონსტრუქციები, რომლებიც კარგად ჯდება სრულიად თანამედროვე ტექსტებში”.

ერთი ციტატა ნათქვამის საილუსტრაციოდ:

“ვერესა ალაგსა შინა და მეზობელსა მისსა ვაკე ალაგსა მრავალნი იყუნეს ყრმანი და ჭაბუკნი ასევითარ ოჯახისა სიმდიდრითა ქებულისა და სწავლითა განთქმულისა და იცნობდის ყოველიან, ხოლო ყრმანი და ჭაბუკნი ესე მისდევდის განცხრომასა მას ეშმაკეულსა ბალახისა მის ხითხითასი წევასა და მათრიაქებლისა მისისა მოსარჩენელისა წოდებულისა წამლად შთარსხმას სხეულსა შინა ნემსითა სააქიმოთი და ესევითარ განაცხრობოდის” (ლაშა ბაქრაძის ხმით) - ეს გახლავთ ფრაგმენტი მეოცე საუკუნის მიწურულის ბერძენი ჟამთააღმწერლის, პანტელეიმონ ბერის საისტორიო თხზულებიდან, რომელიც ბერის ქართველი მეგობრის ცხოვრებას მოგვითხრობს თბილისში. ბერი სანტა ესპერანსას მართლმადიდებელ მონასტერში ცხოვრობს.

აქ დავასრულოთ საუბარი აკა მორჩილაძის რომანზე. თავს ბედნიერად ჩავთვლით, თუ ამ წიგნისადმი მსმენელთა ინტერესს გამოვაცოცხლებთ.
XS
SM
MD
LG