Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მკვიდრდება ქართული კომპიუტერის ოპერაციულ სისტემებში


საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულ კომპიუტერის ოპერაციულ სისტემაში ვინდოუსში (Windows) ქართული ენის ოფიციალური მხარდაჭერა 2000 წლიდან გამოჩნდა.

მაშინ მაიკროსოფტმა (Microsoft) ”ვინდოუსის” ქართულენოვან მომხმარებელს ”ვინდოუს 2000”-ში ინტეგრირებული ქართული შრიფტი და ქართული კლავიატურის დრაივერი შესთავაზა. მაიკროსოფტმა ქართული ენის მხარდაჭერა კიდევ უფრო სრულყო ვინდოუსის მომდევნო ვერსიაში, ”ვინდოუს იქს-პიში” (Windows XP). ამით საბოლოოდ, ოფიციალურად წერტილი დაესვა კომპიუტერში ქართულად წერა-კითხვის პრობლემას. თუმცა უბრალო მომხმარებლები მაინც აწყდებიან გარკვეულ წინააღმდეგობებს კომპიუტერში ქართული დამწერლობის გამოყენებისას. თუ რა სახისაა ეს პრობლემები და როგორ ხდება მათი დაძლევა ამას კახა მჭედლიძის მასალიდან შეიტყობთ.

[ისმის კლავიატურის ხმა]

[ჟურნალისტის ხმა] ”ქართულად ბეჭვდისას რომელ შრიფტს იყენებ?”

[ბორის ნაფეტვარიძის ხმა] ”ძირითადად სილფაენს ვიყენებ, სტანდარტულია და იმიტომ”.

ეს არის ბორის ნაფეტვარიძე, იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტია და პარალელურად ერთ-ერთ კომპიუტერულ ფირმაში მუშაობს.

ბორისის მიერ ნახსენები კომპიუტერული შრიფტით ვინდოუს იქს-პის ავტომატურად მოყვება და მისი მეშვეობით უპრობლემოდ ხორციელდება კომპიუტერში ინფორმაციის ქართულად შეტანა თუ გამოტანა. ამას უბრალო მომხმარებლები ადრეც ახერხებდნენ, ვინდოუსის უფრო ძველ ვერსიებში, თუმცა ეს ყველაფერი არსტანდარტულად, კომპიუტერული სისტემის მოტყუების მეშვეობით ხდებოდა. თუმცა მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ახლაც არასტანდარტულ შრიფტებს იყენებს, იმიტომ რომ ან არაფერი იციან სიახლის შესახებ, ან კიდევ ძველის ჩვევის დაძლევა უჭირთ. გამომცემლობა ”სახეების” მბეჭდავ-ოპერატორს თამილა ვაჭრიძეს მოვუსმინოთ:

[თამილა ვაჭრიძის ხმა] ”მე აკადნუსხურით ვბეჭდავ, იმიტომ რომ ასოები კლავიატურის ლათინურ ასოებს ემთხვევა.”

[ჟურნალისტი] ”სილფაენს რატომ არ იყენებ?”

[თამილა ვაჭრიძის ხმა] ”არაფერი ვიცი მაგის შესახებ, საქმეს აკადნუსხურითაც ვაკეთებ...”

თამილა სწორედ იმ არასტანდარტულ ფონტს იყენებს, რომლითაც კომპიუტერის ქართველი მომხმარებლების დიდი ნაწილი დღესაც სარგებლობს. ამ ძველ კომპიუტერულ შრიფტში ლათინური ასოები ქართული ასოებითაა შეცვლილი და მისი მეშვეობით კომპიუტერში ქართულად ბეჭვდა არ მოითხოვს დამატებით პროგრამულ უზრუნველყოფას თუ სპეციალურ კომპიუტერულ ცოდნას.

[ალექსანდრე რუხაძის ხმა] ”შეუძლებელი ხდება არასტანდარტული შრიფტით შექმნილი დოკუმენტის თუ ვებგვერდის წაკითხვა თუ შენს კომპიუტერში ზუსტად ის შრიფრი არ გაქვს რომლითაც დოკუმენტის თუ ვებგვერდის ავტორმა ისარგებლა. ამიტომ ჩვენ ვებსაიტებს უნიკოდის სტანდარტის ქართული შრიფტებით ვაკეთებთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ კომპიუტერში სადაც ვინდოუსის ახალი ვერსია დგას, ვებგვერდის ქართულად წაკითხვა უპრობლემოდ ხდება.”

ეს არის ალექსანდრე რუხაძე, ვებსტუდია ”რენომეს” მენეჯერი. მის მიერ ნახსენები ”უნიკოდი” - საერთაშორისო სტანდარტია, რომელის მეშვეობითაც ქართული დამწერლობა ”ვინდოუსის” გარდა ”ლინუქსის”, ”იუნიქსის” და ”მაკის” ოპერაციულ სისტემებშიც თავისუფლად დამკვიდრდა. ამ სტანდარტის შრიფტებით ქართულად ბეჭვდისთვის საჭიროა კლავიატურის დრაივერი, ისეთი როგორიც რუსულად თუ ინგლისურად ბეჭვდისაას გამოიყენება. ასეთივე ქართული დრაივერით აღჭურვილია ვინდოუს 2000 და ვინდოუს ექს-პი, მაგრამ მათ გასააქტიურებლად კომპიუტერის სპეციალისტის ჩარევაა საჭირო. ასევე ამ დრაივერიში ქართული ასოები ძველი საბეჭდი მანქანის ასო-განლაგების მიხედვითაა განაწილებული. კომპიუტერთან მომუშავე ქართველების დიდი უმრავლესობა კი ლათინური ასოების მიხედვით ბეჭვდასაა შეჩვეული.

ამ პრობლემის გადაწყვეტა ორიოდე წლის წინ პროგრამისტმა კახა ორკოშნელმა სცადა და სპეციალური ალგორითმით კლავიატურაზე ქართული ასო-ნიშნების განლაგების სტანდარტი შეიმუშავა.

[კახა ორკოშნელის ხმა] ”დღეს რაც არსებობს ეს არის შემთხვევით შემოსული განლაგებები. ეხლა რაც გაკეთდა, საკმაოდ მაღალ დონეზე გაკეთდა. ეს არის ოპტიმიზაციის სპეციალური მეთოდი, რომელიც გამოიყენეს საფრანგეთში და კიდევ სხვა ქვეყნებში. ასევე წარმატებით თუ დაინერგება ჩვენთანაც კარგი იქნება. ახალმა თაობამ რომ ისწავლოს კარგი იქნება.”

კახა ორკოშნელის და მისი თანამოაზრეების ნამუშევარი საქართველოს სტანდარტიზაციის დეპარტამენტში ელოდება სახელმწიფო სტანდარტად აღიარებას, თუმცა დეპარტამენტში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების გამო ვერადა ვერ მოხერხდა მისი დამტკიცება. არადა კლავიატურის განლაგების ახალი სტანდარტის მიმართ დაინტერესება გამოთქვა მაიკროსოფტმა, რომელმაც ახლახანს ვინდოუსის მთლიანად გაქართულებაც გადაწყვიტა.

[ისმის კამათის ხმა]

ასეთი კამათის პირობებში მიმდინარეობს ვინდოუსისთვის ქართული ტერმინოლოგიის შემუშავება, მაიკროსოფტის პარტნიორი კომპანია ”იუ-ჯი-თის” ოფისში. მე ვინდოუსის გაქართულების პროექტის ერთერთ ხელმძღვანელს ნოშრე ჩხაიძეს გავესაუბრე.

[ნოშრე ჩხაიძის ხმა] ”ვინდოუსის გაქართულების პროექტი დაყოფილია 2 ეტაპად. პირველი ეტაპი გულისხმობს ღია სამუშაოს, ტერმინოლოგიის შექმნას, ჩამოყალიბებას. რომელიც იქნება საზოგადოების საკუთრება და არ იქნება მაინც და მაინც მაიკროსოფტის საკუთრება. და შესაძლებელი იქნება ეს ტერმინოლოგია გამოყენებული იქნას სხვა პროგრამებში სხვა ოპერაციულ სისტემებში. მეორე ეტაპი დაახლოებით თვენახევარში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება რაც ნიშნავს, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან მომხმარებელს შეეძლება გადმოიწეროს ქართული ენის ფაილი და გააქართულოს ვინდოუსი.”

როგორც ნიშრეს კომენტარიდან შეიტყვეთ ქართულენოვანი ვინდოუსი მომავალი წლიდან იქნება ხელმისაწვდომი, რაც მისი ავტორების აზრით კომპიუტერთან ქართულ ენაზე ურთიერთობას კიდევ უფრო გააიოლებს.
XS
SM
MD
LG