Accessibility links

logo-print

”ევრაზჰოლდინგმა” მთავრობას ახალი თავისტკივილი გაუჩინა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს მთავრობა მორიგ საპრივატიზებო სკანდალში გაეხვია. რუსული „ევრაზჰოლდინგის“ მიერ „ჭიათურმანგანუმსა“ და „ვარციხეჰესის“ ყიდვაზე 2005

წლის იანვარში მიღწეული შეთანხმების მოულოდნელი დარღვევით ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა. საქართველოს ისტორიაში ყველაზე სარფიან გარიგებად აღიარებულმა პროცესმა მოულოდნელი, თუმცა ბოლო პერიოდში ქართული პრივატიზაციისათვის ტრადიციული, განვითარება პოვა. არადა, „ჭიათურმანგანუმისა“ და „ვარციხეჰესის“ პრივატიზებიდან მისაღები 132 მილიონი დოლარი მთავრობას წლევანდელი წლის ბიუჯეტში დიდი ხანია გათვალისწინებული აქვს. შესაბამისად, ამ თანხის კომპენსირების ბედი და, რაც მთავარია, ქვეყნის საინვესტიციო რეპუტაცია სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ოპოზიცია პრივატიზების პროცესის გამოძიებას და კონკრეტული ჩინოვნიკების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, მთავრობა კი გარეგნულ სიმშვიდეს რის ვაივაგლახით ინარჩუნებს და თავის გასამართლებლად ის 20 მილიონი დოლარიღა რჩება, რომელიც, გარიგების პირობების დაცვის გარანტიის სახით, „ევრაზჰოლდინგმა“ და ზესტაფონის „ფეროს“ აქციონერებმა მთავრობის დეპოზიტზე დადეს.
ამ სკანდალში საინტერესოა „ევრაზჰოლდინგის“ მოტივაცია. კომპანია, რომელიც მსოფლიოში ფოლადის მსხვილ მწარმოებელთა ოცეულში შედის და რომელიც არც საინვესტიციო კაპიტალის დეფიციტს განიცდის, საპრივატიზებო პოლიტიკის შეცვლას თავისი ექსპერტების რეკომენდაციით ხსნის. თურმე, საქართველოს მთავრობასთან საპრივატიზებო შეთანხმების ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, კომპანიის ექსპერტებმა "ჭიათურმანგანუმისა" და "ვარციხეჰესის" ეკონომიკურ მიმზიდველობას რამდენიმეთვიანი ექსპერტიზა ჩაუტარეს და დაასკვნეს, რომ ეს საწარმოები არარენტაბელური და წამგებიანია. "საბოლოოდ, ჩვენი ექსპერტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ამ აქტივებში კომპანიის კაპიტალის ინვესტირება არ ღირდა," - წერია "ევრაზჰოლდინგის" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ანუ რუსული მეტალურგიული გიგანტისათვის „ჭიათურმანგანუმი“ იმდენად ზედმეტ ტვირთად იქცა, რომ კომპანია 10 მილიონი დოლარის „წყალში გადაყრასაც“ არ ერიდება. „ევრაზჰოლდინგის“ ბუნდოვანი არგუმენტები „ახალ მემარჯვენეებში“ არცთუ ჯანსაღი გარიგების ეჭვს ბადებს.
ოპოზიციის ძირითადი რისხვა, ტრადიციულად, მიმართულია სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძისკენ, რომელსაც პრივატიზების არაგამჭვირვალედ ჩატარებასა და „ევრაზჰოლდინგის“ ლობირებაში ადანაშაულებენ. ბენდუქიძისთვის გარიგების ჩაშლის ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა, სანაოსნოს პრივატიზების სკანდალური პრეცედენტიდან გამომდინარე, შექმნილ სიტუაციაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს:
[კახა ბენდუქიძის ხმა] „ოფიციალურად არაფერი არ მიგვიღია, მთავრობა აგრძელებს მუშაობას და, საერთოდ, ეს პროცესი ისე იყო დალაგებული, რომ თუ ვიღაც უარს განაცხადებს, მაგალითად, „ევრაზჰოლდინგი“ განაცხადებს უარს, დაკარგავს 20 მილიონს. ანალოგიური სიტუაცია მოხდა სანაოსნოზე: იქ ერთმა კომპანიამ მოიგო, გადაწყვიტა მერე რაღაც პირობები არ შეესრულებინა, მაგრამ იყიდა მეორემ უფრო ძვირად.“
განმეორდება თუ არა სანაოსნოს პრეცედენტი „ჭიათურმანგანუმის“ შემთხვევაში და შეძლებს თუ არა სახელმწიფო ამ ობიექტის თუნდაც იმავე ფასში გაყიდვას, ცნობილი არ არის. ოპოზიცია ფიქრობს, რომ მთავრობას, რომელსაც, ერთმანეთის მიყოლებით, ორი მსხვილი ინვესტორი „დაუსხლტა ხელიდან“, ძნელი წარმოსადგენია სერიოზული კომპანიები ენდონ და მაღალი ფასი და ხელსაყრელი პირობები შესთავაზონ. საპირისპიროს ამტკიცებს ეკონომიკის მინისტრი ლექსო ალექსიშვილი: მთავრობა „ჭიათურმანგანუმსა“ და „ვარციხეჰესს“ ხელახლა გამოიტანს გასაყიდად და მას, პირველ რიგში, იმ კომპანიებს შესთავაზებს, რომელთაც ამ ობიექტების მიმართ ინტერესი ჰქონდათ, თუმცა 2005 წლის იანვარში „ევრაზიაჰოლდინგთან“ ჭიდილში დამარცხდნენ.
[ლექსო ალექსიშვილის ხმა] „ამ ეტაპზე ჩვენ კონსულტაციებს ვმართავთ და მიმდინარეობს ძირითადი საუბრები კომპანიებთან, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ პროცესში. მათ შორის, ბუნებრივია, არ გამოირიცხება ზესტაფონის ფეროც, რომელსაც თავის დროზე ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერესი ჰქონდა გამოხატული. არ გამოირიცხება „დეკამეტალიც“, რომელიც ზესტაფონის ფეროს ერთ-ერთი აქციონერია. არ გამოირიცხება ჩეხური კომპანია „მორავია“, რომელსაც ჰქონდა ინტერესი. არ გამოირიცხება სხვებიც.“
მთავრობას „ჭიათურმანგანუმის“ და „ვარციხეჰესის“ ხელახალი გაყიდვა შემჭიდროებულ ვადებში მოუწევს, რადგან ამ გარიგებიდან შემოსასვლელი თანხა ბიუჯეტში უკვე გაწერილია. და თუ ხელისუფლება ობიექტების რეალიზაციას სწრაფად ვერ განახორციელებს და, თანაც, „ევრაზჰოლდინგის“ მიერ იანვარში შემოთავაზებულ ფასში ვერ გაყიდის, ოპოზიციას გამორიცხულად არ მიაჩნია, რომ მთავრობას ბიუჯეტის სეკვესტრის პროცედურის განხორცილებაც მოუხდეს. თუმცა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს ამ ვარიანტის დაშვებაც კი არ სურს, რადგან საბიუჯეტო შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით სრულდება და იგი ერთ კონკრეტულ გარიგებაზე არ არის დამოკიდებული:
[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] „ჩვენ ფულის რაღაც სასწრაფო საჭიროება არ გვაქვს და, ამის გარდა, ბიუჯეტის შემოსავალი - მათ შორის, საპრივატიზაციო შემოსავლები - ამ ერთ პრივატიზაციაზე აღარ არის დამოკიდებული, საბედნიეროდ, და შესაბამისად, ამ ერთ პროცესზე ბიუჯეტი დამოკიდებული ვერ იქნებოდა ვერანაირად და არც არის. საბიუჯეტო პროცესი საქართველოში ბევრად უფრო მდგრადია, ვიდრე ეს ერთი კონკრეტული საკითხი.“ (სტილი დაცულია)
ამ განცხადების მიუხედავად, „ევრაზჰოლდინგის“ „საპრივატიზებო მარათონიდან“ უცნაურმა გამოთიშვამ ხელისუფლებას აშკარად სერიოზული საფიქრალი გაუჩინა. მთავრობას გვარიანად შელახული რეპუტაციის აღდგენისა და ობიექტების ფორსირებული გაყიდვისათვის იმ კომპანიების შემორიგება მოუწევს, რომელთაც ნახევარი წლის წინ პრივატიზებაში მონაწილეობის ინტერესი ჰქონდათ და რომლებიც შეცვლილ რეალობაში თავიანთთვის ხელსაყრელი პირობების წასაყენებლად, აპრიორი, მომგებიან პოზიციაში იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG