Accessibility links

logo-print

საოლქო სასამართლოში ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის დავით მირცხულავას პროცესი განახლდა


27 ივნისს თბილისის საოლქო სასამართლოში ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის დავით მირცხულავას საქმის ხელახალი მოსმენა დაიწყო. მეორე ინსტანციის სასამართლოში

მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მირცხულავას მხარემ გაასაჩივრა, რადგან ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. შეგახსენებთ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მირცხულავას თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 10 წლით თავისულების აღკვეთა მიუსაჯა. ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის პატიმრობის კანონიერება, თბილისის საოლქო სასამართლოს გარდა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც განიხილება.

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი და ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ის ერთადერთი ჩინოვნიკია შევარდნაძის ხელისუფლებიდან, რომელმაც უარი თქვა ეგრეთ წოდებულ საპროცესო შეთანხმებაზე, ანუ ფულის გადახდის სანაცვლოდ თავისუფლების მოპოვებაზე. იგი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

სხვაგვარად ფიქრობს საქართველოს გენერალური პროკურატურა, რომელმაც დავით მირცხულავა სახელმწიფოსთვის წამგებიანი ხელშეკრულების გაფორმებაში დაადანაშაულა. პროკურატურის მტკიცებით, მირცხულავას ქმედებით სახელმწიფო ბიუჯეტმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა იზარალა. კერძოდ, მირცხულავას მიერ სომხეთის ენერგოკომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების დროულად შეუსრულებლობის გამო ქართული მხარე დაჯარიმდა. ეს საქმე 2001 წლის დეკემბერში თბილისის საარბიტრაჟო პალატის არბიტრმა რეზო შავიშვილმა განიხილა:

[რეზო შავიშვილის ხმა] ”თბილისის საარბიტრაჟო პალატამ განიხილა ეს საკითხი - თანხის მოცულობა იყო 69 ათასი დოლარი - და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, დააკმაყოფილა ენერგომაშკორპორაციის მოთხოვნა, იმიტომ რომ დასაბუთებული იყო, იმ დოკუმენტებით და იმ არგუმენტაციით რაც იყო წარმოდგენილი.”

ამ ეპიზოდს სომხური მხარეც ადასტურებს, თუმცა საოლქო სასამართლოში ”არმენენერგოს” წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ და თავიანთი ჩვენების ერთგულება წერილობითი ფორმით დაადასტურეს.
ეს ჩვენებები საქართველოს გენერალური პროკურატურის ძირითადი არგუმენტებია, რომლებიც 2005 წლის 30 მაისს პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა და მირცხულავა დამნაშავედ ცნო.

იმაში, რომ ქართულ მხარეს ჯარიმა დაეკისრა თანხის დროულად გადაუხდელობის გამო, დავით მირცხულავას დანაშაულს ვერ ხედავს მისი დაცვის მხარე. ადვოკატ ეკა ბესელიას კომენტარი:

[ეკა ბესელიას ხმა] ”ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ეს განაჩენი იყო უკანონო, აშკარად დაუსაბუთებელი, და ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს ვთხოვეთ გადაემოწმებინა ამ განაჩენის კანონიერება და ასევე მოვითხოვეთ ხელახლა სასამართლო გამოძიების ჩატარება.”

სასამართლო გამოძიება მხოლოდ ახლა დაიწყო და ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, თუ როდის იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. როგორიც არ უნდა იყოს საოლქო სასამართლოს განაჩენი, მისგან დამოუკიდებლად მირცხულავას საქმეს მაინც განიხილავს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო.

[ეკა ბესელიას ხმა] ”აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო უკანონოდ მიიჩნევს მირცხულავას პატიმრობას...”

დავით მირცხულავა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს ხელისუფლებისგან, კომპენსაციის სახით, 500 ათას ევროს მოითხოვს. მირცხულავას გამართლების შემთხვევაში ამ თანხის გადახდა მოუწევს საქართველოს ბიუჯეტს, რომლისთვის 69 ათასი დოლარის ზარალის მიყენების გამო დავით მირცხულავა ციხეში აღმოჩნდა.
XS
SM
MD
LG