Accessibility links

logo-print

ტელეკომპანია „თრიალეთი“ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სასამართლოში უჩივის


მინდა გესაუბროთ ერთი დავის შესახებ, რომელსაც თბილისის საოლქო სასამართლოში განიხილავენ. ლაპარაკია სარჩელზე, რომელიც რეგიონალურმა

ტელეკომპანია „თრიალეთმა“ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ შეიტანა და რომლის თანახმადაც შიდა ქართლის ტერიტორიაზე მაუწყებელი ტელევიზიის მესვეურები ჩამორთმეული ლიცენზიის დაბრუნებას ითხოვენ. რა არის ეს - ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების დარღვევა თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მორიგი შევიწროება?

[ხმაური სასამართლო დარბაზიდან] „სხდომის მდივანს ვთხოვ მოგვახსენოს, ვინ გამოცხადდა...“

ტელე-რადიოკომპანია „თრიალეთის“ მესვეურები საოლქო სასამართლოში კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის 2004 წლის 20 ოქტომბრის ნომერ 545-ე გადაწყვეტილების იმ მუხლს ასაჩივრებენ, რომლის თანახმადაც კომპანიას მე-13 დეციმეტრულ არხზე მაუწყებლობის ლიცენზია ჩამოერთვა. კომისიის წარმომადგენელი ინგა თოდრია გადაწყვეტილების სადავო მუხლს განმარტავს:

[ინგა თოდრიას ხმა] „ერთ-ერთი ლიცენზია გაუქმდა იმის გამო, რომ „თრიალეთმა“ ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა არ განახორციელა ლიცენზიის მიღების დღიდან.“

„თრიალეთის“ გენერალური დირექტორი ჯონი ნანიტაშვილი საოლქო სასამართლოსგან მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს. ნანიტაშვილის თქმით, კომპანიამ ლიცენზიით განსაზღვრულ ვადებში მაუწყებლობა ობიექტური მიზეზების გამო ვერ დაიწყო:

[ჯონი ნანიტაშვილის ხმა] „იმ არხზე საქმიანობის დაწყება არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ცენტრალური ტელევიზიის პირველ არხს შეეშლებოდა ხელი. მე-12 არხზე გადის საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, ამიტომ ჩვენ თუ ჩავრთავდით მე-13 არხს, მაშინ ეს ორი მაუწყებლობა გადაფარავდა ერთმანეთს.“

ეს არგუმენტი მარეგულირებელი კომისიის წევრებმა არ გაითვალისწინეს, თუმცა არაერთი სპეციალისტი - მათ შორის, საქართველოს სატელევიზიო გადამცემი ცენტრის ექსპლუატაციის უფროსი ზურაბ მოსიაშვილი - ამბობს, რომ, მოქმედი სტანდარტით, არხების სიხშირეებს შორის სხვაობა 8-10 მეგაჰერცზე ნაკლები არ უნდა იყოს:

[ზურაბ მოსიაშვილის ხმა] „უნდა იყოს 8-10 მეგაჰერცზე მეტი. მე-12 და მე-13 არხებს შორის განსხვავება ამ სტანდარტს არ შეესაბამება, სხვაობა სულ არის 2-3 მეგაჰერცი, ამიტომ ეს სიხშირეები აუცილებლად გადაფარავენ ერთმანეთს. 12-ს აჯდება ხმაზე, მე-13 კი საერთოდ იშლება“.

ამ გარემოების გამო, „თრიალეთის“ მესვეურებმა, როგორც კომპანიის იურისტი ვასილ ბელაშვილი ამბობს, კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სიხშირის შეცვლა სთხოვეს:

[ვასილ ბელაშვილის ხმა] „2003 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, აღნიშნეს, რომ შესაძლებლად მიიჩნევდნენ სიხშირის შეცვლას და მიანიჭებდნენ 34-ე დეციმეტრულ არხს, თუმცა კომისიის ახალი თავმჯდომარის დანიშვნის შემდეგ, 2004 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში, ეს რატომღაც კანონის დარღვევად ჩათვალეს - მაუწყებლობის არდაწყება. მაგრამ გაუგებარია, როგორ უნდა დაეწყო ტელეკომპანიას მაუწყებლობა, როცა თვითონვე მიუთითებენ, რომ ტექნიკურად შეუძლებელია და პრაქტიკულად გამოუყენებელი სიხშირე მიანიჭეს თავისივე შეცდომით.“(სტილი დაცულია)

მარეგულირებელ კომისიაში კი განმარტავენ, რომ კანონი არხების მექანიკურ შეცვლას არ ითვალისწინებს. ყოველ ახალ სიხშირეზე ახალი კონკურსი უნდა გამოცხადდეს. თუმცა აღნიშნულ დავაში გადამწყვეტ სიტყვას იტყვის საოლქო სასამართლოს კოლეგია, რომელიც მორიგ სხდომას სამი კვირის თავზე, 13 ივლისს, გამართავს.
XS
SM
MD
LG