Accessibility links

logo-print

რას მოელიან ახლად არჩეული პრეზიდენტისგან ირანში


თეირანის აწ უკვე ყოფილმა მერმა მაჰმუდ აჰდინეჯადმა 24 ივნისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იოლად დაამარცხა ყოფილი პრეზიდენტი და საარჩევნო

კამპანიის დროს უდავო ფავორიტად მიჩნეული აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი. ეს ფაქტი ირანში, და არამხოლოდ ირანში, ბევრისთვის ნამდვილ სიურპრიზად იქცა. თუმცა ეს უკვე ფაქტია და ამჟამად აქტუალური იმაზე ფიქრი უფრო გახდა, თუ როგორი პრეზიდენტი იქნება დედაქალაქის ყოფილი მერი. ირანის ახლად არჩეული პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი ქვეყანაში გარდაქმნების პირობას დებს და ამბობს იმასაც, რომ მისი ხელისუფლება თითოეული ირანელის სამსახურში ჩადგება. თუმცა ბევრს მისი არ სჯერა. ასეთები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი აჰმადინეჯადი მისი წინამორბედის მოჰამად ხათამის დროს გატარებულ მწირ რეფორმებსაც კი უგულებელყოფს და რომ ადამიანის უფლებებს ქვეყანაში, შესაძლოა, სერიოზული საფრთხე დაემუქროს.

ირანის ახლად არჩეული პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი კვირას მთავარ სამომავლო ამოცანებზე საუბრობდა:

(მაჰმუდ აჰმადინეჯადის ხმა) " საშინაო საქმეებში მთავრობის პოლიტიკა ზომიერი იქნება. სახალხო მთავრობაში ექსტრემიზმს არაფერი ესაქმება. სახალხო მთავრობა მაქსიმალურად გამოიყენებს მთელ თავის ძალას და უნარს, ყველა შესაძლებლობასა და კომპეტენციას. საგანგებო ყურადღება მიექცევა ეროვნულ ინტერესებს, ეროვნულ ღირსებას და წინსვლას."

მიუხედავად იმისა, რომ მაჰმუდ აჰმადინეჯადი კვირას მხოლოდ შემწყნარებლობაზე, მეგობრობაზე, ურთიერთგაგებასა და ანტიექსტრემისტულ განწყობაზე საუბრობდა, მისი ოპონენტების აზრით, ის თავად არის ექსტრემისტი.

გუშაგთა საბჭოს ყოფილი წევრი ირანის მართვას აგვისტოდან შეუდგება. არსებობს მოსაზრება, რომ მისი მმართველობა ირანის ისლამისტურ წრეებში არსებულ დაძაბულობას განმუხტავს. თუმცა, პარალელურად, ქვეყანაში შიშობენ, რომ აქტივისტებსა და დისიდენტებზე გაძლიერდება ზეწოლა და რომ სოციალური და პოლიტიკური თავისუფლება შეიზღუდება.

აჰმადინეჯადი და მისი მოკავშირეები აკონტროლებენ როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო მმართველობასაც. მათსავე ხელშია გუშაგთა საბჭოც და სასამართლო სისტემაც და ეს იმას ნიშნავს, რომ აჰმადინეჯადს, მის წინამორბედთან, რეფორმატორ მოჰამად ხათამისთან შედარებით, მოქმედების მეტი თავისუფლება ექნება.

მოქმედებები – აგვისტოდან, ჯერ კი ისევ დაპირებების ეტაპია. კვირას გამოსვლისას აჰმადინეჯადმა ირანის მომავალ მთავრობას "70 მილიონის მთავრობა" უწოდა და თითოეულ მოქალაქეს ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში თავისუფლად ჩაბმის პირობა მისცა.

რაც შეეხება მომავალი პრეზიდენტის მიერ ადამიანის უფლებების დაცვას, ირანში ამ საკითხს სერიოზული ეჭვები უკავშირდება. ამ პრობლემაზე საუბრობს მოჰამად ალი დადხაჰიც – ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის წარმომადგენელი. აქვე ვიტყვი, რომ ხსენებული ცენტრი ნობელის პრემიის ლაურეატის შირინ ებადის მიერ არის დაარსებული. დადხაჰი აჰმადინეჯადის მიერ დასახული მიზნების კონტურებს ვერ ხედავს:

(მოჰამად ალი დადხაჰის ხმა) "შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ბატონ აჰმადინეჯადს, არც თავისი საარჩევნო კამპანიის დროს და არც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, არ დაუკონკრეტებია, თუ რა ხერხით აპირებს ადამიანის უფლებების დარღვევასთან ბრძოლას ირანში. ამიტომაც მის სამომავლო გეგმებზე საუბრისას ყველა ეჭვსა და შიშს გამოხატავს."

ამასობაში კი, აჰმადინეჯადი კრიტიკოსების მიმართ ერთგვარი სიმპათიების გამომჟღავნებას ცდილობს - კრიტიკას "ღმერთის საჩუქარს უწოდებს", ხოლო კრიტიკოსებს "ხელზე კოცნის" ღირსად მოიხსენიებს. თუმცა ოპონენტები ვარაუდობენ, რომ აჰმადინეჯადი კრიტიკის მიმართ ლოიალური ვერასოდეს გახდება და რომ რეჟიმის მოწინააღმდეგეები მისი მმართველობის დროს კიდევ უფრო მწარედ დაისჯებიან.

და კიდევ ერთი ყურადსაღები ფაქტი: შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა ვაშინგტონში განაცხადა, რომ აჰმადინეჯადი დემოკრატიისა და თავისუფლების მეგობარი არ არის. რამსფელდი ვარაუდობს, რომ დროთა განმავლობაში აჰმადინეჯადი მიუღებელი გახდება ირანელი ახალგაზრდებისა და ქალებისთვის.
XS
SM
MD
LG