Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აუქმებს ესტონეთთან სასაზღვრო ხელშეკრულებას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი გამოდის ესტონეთთან სასაზღვრო ხელშეკრულებიდან, რომელიც ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, 18 მაისს გაფორმდა.

გადაწყვეტილების მიზეზად დასახელდა ესტონეთის მოქმედება: რომ ხელშეკრულების დადების შემდეგ, მის რატიფიცირებამდე პრეამბულაში (ანუ, შესავალ ნაწილში) ჩაიწერა “საბჭოთა ოკუპაციის” ცნება. ამას კი, ლავროვის თქმით, ორი მხარის შეთანხმებები არ ითვალისწინებდა.

[ლავროვის ხმა] “იმის გამო, რომ ესტონეთის მხარემ არ შეასრულა წინასწარ შეთანხმებული პირობები, ჩვენ ვაუქმებთ ხელმოწერას ამ შეთანხმებებზე. რასაკვირველია, ლაპარაკიც ზედმეტია რატიფიკაციაზე, რადგან არ არსებობს ხელშეკრულება, რომლის რატიფიცირებაც უნდა მოხდეს. რუსეთსა და ესტონეთს შორის სასაზღვრო საკითხების მოსაგვარებლად, საჭიროა მოლაპარაკებების თავიდან დაწყება”. ეს განცხადება სერგეი ლავროვმა ორშაბათს ჰელსინკიში ვიზიტისას გააკეთა.

მაინც რა ჩაიწერა პრეამბულაში ისეთი, რომ რუსეთმა ორმხრივი სასაზღვრო ხელშეკრულების გაუქმება გადაწყვიტა? როგორც ჩვენი კორესპონდენტები გვაუწყებენ, მასში შეტანილია არაპირდაპირი მითითება საბჭოთა კავშირის მიერ ესტონეთის ოკუპაციაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ლაპარაკია “საბჭოთა კავშირის აგრესიაზე”. არადა, მოსკოვი არ მიიჩნევს ოკუპაციად ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის მიერთებას - ეს, მოსკოვის შეხედულებით, სამივე ქვეყნის შემთხვევაში ნებაყოფლობით მოხდა.

ესტონეთში ამ შეფასებას არ იზიარებენ, როგორც რუსეთთან ხელშეკრულების ახლა უკვე გახმაურებული პრეამბულა მოწმობს. მაგრამ როგორც უნდა იყოს, ირწმუნებიან ესტონეთის წარმომადგენლები, პრეამბულა არ ცვლის ხელშეკრულების პირობებს, ორი ქვეყნის სახმელეთო და საზღვაო საზღვრებს რომ ადგენს. თუმცა რუსეთის გადაწყვეტილება უკვე ცნობილია და, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი კოზირევის განცხადებით, სავსებით გამართლებული. აი, რა თქვა კოზირევმა ჩვენი რადიოს რუსულ სამსახურთან ინტერვიუში: [კოზირევის ხმა]
“ახალი რუსეთი ვერ იკისრებს და არც იკისრებს ფინანსურ და იურიდიულ ვალდებულებებს, დაკავშირებულს სტალინის პოლიტიკასთან. პოლიტიკური თვალსაზრისით, ერთი მხრივ, მესმის ესტონელებისა, მაგრამ იურიდიულად - ამ საკითხის საერთაშორისო ხელშეკრულებებში შეტანა საჭირო არ არის”.

ხელშეკრულების ჩავარდნა - ბალტიისპირეთის ქვეყნებთან (ახლა უკვე არა საბჭოეთის, არამედ ნატოსა და ევროკავშირის წევრებთან) რუსეთის მძიმე ურთიერთობებზე მიუთითებს. აქამდე ესტონეთი მეორე იყო ბალტიის ქვეყნებიდან, რომელმაც დიდ მეზობელთან სასაზღვრო ხელშეკრულების გაფორმება მოახერხა. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ გაუქმებულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერას წინ უსწრებდა თითქმის 10-წლიანი მოლაპარაკება.

რა მოხდება ახლა, ძნელი განსაჭვრეტია, ამბობს ესტონელი ჟურნალისტი ელკონდ ლიბმანი: [ლიბმანის ხმა] “ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს მიზეზს, სარატიფიკაციოდ კიდევ ერთხელ წარუდგინოს პარლამენტს რუსეთთან სასაზღვრო ხელშეკრულების ტექსტი. მისივე თქმით, ესტონეთმა ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც შეეძლო და ბურთი ახლა რუსეთის ნახევარზეა”.

რუსეთს სასაზღვრო ხელშეკრულების პრობლემა, მოგეხსენებათ, არა მარტო ესტონეთთან აქვს: მიმდინარეობს მოლაპარაკებები ყაზახეთთან, ერთობ რთული მოლაპარაკება ლატვიასთან. რომ აღარაფერი ვთქვათ საქართველოზე...
XS
SM
MD
LG