Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ იცვლება რუსეთის ტაქტიკა, ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით, და რატომ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რატომ არ იცვლება რუსეთის ტაქტიკა, ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით, და რატომ მოუხშირა საქართველოში ვიზიტებს დევნილმა ოლიგარქმა ბორის

ბერეზოვსკიმ - რუსეთის პრესის გაცნობისას ჩვენი ყურადღება ამ საკითხებმა მიიქცია.

27 ივნისის ინტერნეტგამოცემა „გაზეტას“ ცნობით, რუსეთის სამხედრო ავიაციის მეთაური ვლადიმირ მიხაილოვი ირწმუნება, რომ რუსეთის ბომბდამშენები მზად არიან წერტილოვანი დარტყმები მიაყენონ რუსეთის ფარგლებს გარეთ მდებარე ტერორისტულ ბაზებს. „ როცა ვიცით, სად არიან ტერორისტები, რატომ არ უნდა გავანადგუროთ თუნდაც რუსეთის საზღვრებს გარეთ?“ - განაცხადა გენერალმა შაბათს და, პარალელურად, აშშ-ს საერთაშორისო ურთიერთობების შეგნებულ დაძაბვასა და ცივი ომის გაგრძელებაში დასდო ბრალი. „გაზეტა“ წერს:


ექსპერტთა აზრით, მიხაილოვის განცხადების მიზანი ნათელია: საზოგადოებას გენერალიტეტის არსებობა შეახსენოს. ამ განცხადებას რომ არავითარი ქმედება არ მოჰყვება, ფაქტია. შეიძლება ითქვას, რომ ვლადიმირ მიხაილოვი თავისი ხელმძღვანელობის ნაკვალევს მიჰყვება. ჯერ კიდევ 2001 წელს თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად იყო დაებომბა ჩეჩენი სეპარატისტების ბანაკები საქართველოში. 2004 წლის სექტემბერში, ბესლანის ტრაგედიის შემდეგ, მსგავსი განცხადება უკვე გენერალური შტაბის უფროსმა იური ბალუევსკიმ გააკეთა.
„გაზეტას“ ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ გენერლების განცხადებას არავითარი ქმედება არ მოჰყვება. „ უცხოეთის სახელმწიფოს ნებისმიერი დაბომბვა - გინდაც წერტილოვანი და გინდაც მასიური - საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევად ჩაითვლება. ჩვენ არ ვიმოქმედებთ ამერიკელების მსგავსად, რომლებიც ერაყს და სერბიას ბომბავდნენ,“ - განუცხადა “გაზეტას” ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ ოზეროვმა. მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის პროფესორის ალექსეი მალაშჩენკოს აზრით კი, სამხედროებს წარმოდგენა არა აქვთ ახალ პოლიტიკურ რეალობაზე და დაპირისპირების ძველი სქემის დაბრუნება სურთ.



რუსული პრესის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია იმან, რომ ბოლო 20 დღის მანძილზე ძებნილი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი ორჯერ ეწვია საქართველოს. 28 ივნისის „გაზეტას“ ცნობით, მას საქართველოში ასევე ძებნილი ოლიგარქი ბადრი პატარკაციშვილი მასპინძლობდა. „გაზეტა“ წერს:


უნდა ითქვას, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება პლატონ ელენინის - სწორედ ამ სახელზე გასცა ბორის ბერეზოვსკის პასპორტი ბრიტანეთმა - მიმართ რადიკალურად შეიცვალა. თუ 2003 წელს ბერეზოვსკის საქართველოში ჩასვლას საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ინფორმატიკისა და ანალიზის უფროსის ირაკლი პაპავას დაკავებაც კი მოჰყვა, - მას ბრალად უფლებამოსილების გადამეტება დასდეს, - რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაუარესების შემდეგ ოფიციალური თბილისი არავითარ დაბრკოლებას არ ქმნის საქართველოში ბერეზოვსკის ჩასვლისთვის. მაგალითად, ბოლო 20 დღის მანძილზე ბერეზოვსკი საქართველოში ორჯერ ჩავიდა. მასპინძელმა ბადრო პატარკაციშვილმა მას ურეკში ე.წ. იმედის ქალაქი დაათვალიერებინა. ვიზიტს ოფიციალური ხასიათიც კი ჰქონდა. მაგალითად, ურეკში ის ადგილობრივ სკოლასაც კი ესტუმრა, სადაც სკოლის ტექნიკური აღჭურვილობის საკითხით დაინტერესდა და მოსწავლეებსაც ესაუბრა.
XS
SM
MD
LG