Accessibility links

საქართველოში შეძლებული ადამიანები თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოში შეძლებული და წარმატებული ადამიანები თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ. ხელისუფლება ინვესტიციების მოსაზიდად, ტურისტული ინფრასტრუქტურის

გასავითარებლად და მსოფლიოში მშვიდობიანი და კაპიტალისათვის უსაფრთხო ქვეყნის იმიჯის შესაქმნელად ძალისხმევას არ იშურებს, მაგრამ სახელმწიფოს, სადაც არათუ კერძო საკუთრება, ადამიანის სიცოცხლეა დაუცველი, მსხვილი კაპიტალის დარწმუნება საინვესტიციო კლიმატის კეთილსაიმედოობაში, აშკარად, გაუჭირდება. რა პრობლემები ექმნებათ საქართველოში შეძლებულ ადამიანებს?

მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე ზრუნავს, შინ და გარეთ ხმაურიან ბიზნესფორუმებს ატარებს, მსხვილ უცხოურ კაპიტალს ქვეყანაში ფულის დაბანდებისაკენ მოუწოდებს და ინვესტიციების უსაფრთხოებაში არწმუნებს, საქართველოს დედაქალაქის ცენტრში დღისით, უამრავი მოწმეების თანდასწრებით, წარმატებულ ბიზნესმენს იტაცებენ. მიუხედავად იმისა, რომ ”ულტრასონოგრაფიის” ცენტრის ხელმძღვანელის დავით ტატიშვილის გატაცება ბოლო პერიოდში გახმაურებული ამ ტიპის დანაშაულის ერთეული შემთხვევაა, ბიზნესწრეებმა ამ ფაქტს მკაცრი შეფასება მისცეს. საბედნიეროდ, ”ტატიშვილის შემთხვევა” ბედნიერად დასრულდა და დამნაშავეები გატაცებიდან რამდენიმე წუთში დააკავეს, თუმცა თავად ფაქტი, როდესაც მეტ-ნაკლებად წარმატებული ადამიანის უსაფრთხოების და სიცოცხლის ხელყოფა ასე ცინიკურად შეიძლება, ბევრმა ნეგატიურ სიგნალად აღიქვა.

ამ შემთხვევის შემდეგ დავით ტატიშვილი გეგმავს შეხვედრას პრეზიდენტთან, რომელთანაც ბიზნესმენთა უსაფრთხოებაზე სურს საუბარი. ადამიანები, რომლებმაც სხვადასხვა სფეროში მეტ-ნაკლებ წარმატებას მიაღწიეს და თავიანთი შრომით ქონების დაგროვება შეძლეს, საქართველოში თავს დაუცველად გრძნობენ, მიაჩნია ”ულტრასონოგრაფიის” ცენტრის ხელმძღვანელს, რომელიც პირადი დაცვის თანხლების გარეშე უკვე ერიდება გადაადგილებას:

[დავით ტატიშვილის ხმა] ”თუ მე და იმ ადამიანებმა, რომლებიც ქმნიან ამ ქვეყანაში რამეს, იცხოვრა მხოლოდ შიშის ქვეშ, იარა დაცვით, იმაზე არ იფიქრა, რა შექმნას, რა ააშენოს და იფიქრა მარტო იმაზე, მის შვილს და შვილიშვილს როდის მოკლავენ და რა მოხდება, აქ, ამ ქვეყანაში, არაფერი გაკეთდება.”

რამდენიმე წლის წინ დანაშაულის ყველაზე ცინიკური და ამაზრზენი ფორმა – გამოსასყიდის მიზნით ადამიანის გატაცება - საქართველოში მომგებიან ბიზნესად იყო ქცეული. დასავლური პრესა აჭრელებული იყო იმ ხმაურიანი ისტორიებით, რომელიც საქართველოში მოღვაწე უცხოელ თუ ადგილობრივ ბიზნესმენებს გადახდათ. ამ დანაშაულის მსხვერპლნი სხვადასხვა დროს გახდნენ: ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი, ესპანელი ბიზნესმენები, ბრიტანელი ბანკირი პიტერ შოუ, ”გაერთიანებული ქართული ბანკის” აქციონერი თამაზ მაღლაკელიძე. თუმცა ეს მხოლოდ საზოგადოებისთვის ცნობილი შემთხვევებია. არის ასეულობით პრეცედენტი, როდესაც დანაშაული იმალება და მძევლები გამოსასყიდს იხდიან, ან ვერ იხდიან და ისევ ტყვეობაში რჩებიან, ან უარესი: ამგვარი დანაშაული ტრაგედიით სრულდება. მადლობა ღმერთს, ასეთი შემთხვევების რიცხვმა მკვეთრად იკლო და ეს ნამდვილად სახელმწიფოს დამსახურებაა. ამასთან, ხელისუფლება, მართლაც, ცდილობს სამეწარმეო გარემოს გასაუმჯობესებლად გარკვეული ნაბიჯები გადადგას – შეამციროს გადასახადები, გაამარტივოს ლიცენზირების სისტემა, შეზღუდოს ბიუროკრატიული ბარიერები. თუმცა მანამდე, სანამ ქვეყანაში ასეთი დანაშაულის თუნდაც ცალკეული ფაქტი ფიქსირდება და შეძლებული ადამიანები, თავისი ბიზნესის განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად, პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფით არიან დაკავებულნი, ძნელია მეწარმე კაპიტალის დაბანდებისა და ფულის გამოჩენის აუცილებლობაში დაარწმუნო.
XS
SM
MD
LG