Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა საბჭოთა პასპორტების გაუქმების ვადა 1 სექტემბრამდე გადასწია


როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქეების ერთი ნაწილი არ აპირებს საბჭოთა სიმბოლიკიან პასპორტებთან განშორებას. იუსტიციის სამინისტროს სტატისტიკის თანახმად,

არარსებული ქვეყნის პასპორტს გულისჯიბით საქართველოს მოქალაქეების 20-25 პროცენტი დაატარებს. მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, იუსტიციის სამინისტრომ, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, რეგიონებში ახალი ტიპის სახელმწიფო რეესტრის სამსახურები გახსნა, პარალელურად კი გამოვიდა პრეზიდენტის ნომერი 551-ე ბრძანებულება, რომლის თანახმადაც, საბჭოთა სიმბოლიკიან პასპორტებს მოქმედების ვადა მორიგი ორი თვით, 1 სექტემბრამდე, გაუგრძელდა. რატომ ვერ ელევიან საქართველოს მოქალაქეები საბჭოთა კავშირის ნარჩენებს?

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საბჭოთა პასპორტებს მოქმედების ვადა არა ერთხელ და ორჯერ გაუგრძელდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეების მეხუთედზე მეტი მაინც ვერ ჩაეტია დათქმულ ვადაში, რომელიც 2005 წლის პირველ ივლისს იწურება. არადა, იუსტიციის სამინისტრომ, პირადობის მოწმობის გაცემის მექანიზმის გამარტივების პარალელურად, ბოლო ორი თვის განმავლობაში ინტენსიური სარეკლამო კამპანიაც ჩაატარა.

სატელევიზიო რეკლამა: „მოქალაქეთა საყურადღებოდ: იუსტიციის სამინისტრო გაცნობებთ, რომ საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა გაიცემა საბუთების წარდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში...“

სამინისტროს აქტიურობამ, როგორც სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ფორჩხიძე ამბობს, დადებითი შედეგი მაინც გამოიღო: ოფიციალური ინფორმაციით, წელს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 300 ათასზე მეტმა ადამიანმა აიღო.

[ირაკლი ფორჩხიძის ხმა] „ბოლო ორი წლის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, რომ პირადობის მოწმობების გაცემის სტატისტიკა არის მკვეთრად გაზრდილი. კერძოდ, წინა წელს გაიცა დაახლოებით 540 ათასი, წელს ხუთი თვის განმავლობაში კი - 300 ათასი ცალი პირადობის მოწმობა. თუ ამ მაჩვენებელს წინა წლების მაჩვენებლებს შევადარებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაზრდილია 5-6-ჯერ.“(სტილი დაცულია)


თუმცა, მთელი რიგი მიზეზების, მათ შორის, მოქმედი საპასპორტო სამსახურების არაეფექტურობის გამო, ბევრი მოქალაქე დღემდე საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტებით სარგებლობს. საპასპორტო სამსახურები - განსაკუთრებით რეგიონებში - პირადობის მოწმობის აღების მსურველთა რიგებს ვერ აუდის.

[ქალბატონის ხმა] „მთელი დღე აქ ხომ არ უნდა დავაღამოთ? საქმე ისაა, რომ არც გვიწევს რიგი. დღეში 30 კაცს გაუშვებენ და მორჩა, დამთავრდა სამუშაო საათებიო, გვეუბნებიან.“

ასეთი ვითარება იყო ბოლო დრომდე რუსთავში, ვიდრე, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, მოსახლეობის რეგისტრაციისა და პასპორტიზაციის ახალი განყოფილება არ გაიხსნა. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ვიკა ქავჟარაძის თქმით, ახალი ოფისი თვისებრივად განსხვავდება ძველი საპასპორტო სამსახურისაგან. კერძოდ:

[ვიკა ქავჟარაძის ხმა] „ადრე მოქალაქეს რამდენიმე ადგილზე უწევდა საბუთების მოსაგროვებლად მისვლა. მას შემდეგ, რაც პილოტური პროექტი ხორციელდება, რუსთავში მოქალაქეს შეუძლია მივიდეს და ერთ ადგილზე აიღოს 14 დასახელების დოკუმენტი. ეს იქნება ქორწინების, განქორწინების, ბავშვის დაბადების მოწმობა, მამობის დადგენა და, რა თქმა უნდა, პასპორტი და პირადობის მოწმობა.“(სტილი დაცულია)

თუმცა იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების გარდა, საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტების შეცვლის პროცესს ასევე დააჩქარებს პარლამენტის ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, პირადობის მოწმობის აღებისას მოქალაქეები აღარ გადაიხდიან სახელმწიფო ბაჟს.

[ირაკლი ფორჩხიძის ხმა] „2,5 ლარი არის ის თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს მოქალაქემ სახელმწიფო ბაჟის სახით. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ უკვე მესამე მოსმენით მიიღეს კანონპროექტი, რის საფუძველზეც გაუქმდება აღნიშნული ბაჟი სულ ცოტა ხანში. შესაბამისად, მოქალაქეები უფასოდ მიიღებენ პირადობის მოწმობას.“

ნათქვამის გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტს აღარ დასჭირდება მორიგი ბრძანებულების გამოცემა და 2005 წლის პირველი სექტემბრიდან საბჭოთა პასპორტი, საქართველოს მოქალაქეების გულისჯიბეების ნაცვლად, მუზეუმის ვიტრინებში დაიდებს ბინას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG