Accessibility links

პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის მშენებლობის ტემპი ”ბაზელ-ჯგუფის” მიერ თანხების დროულ გადახდაზეა დამოკიდებული


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ”ჭიათურმანგანუმის” შემდეგ პრივატიზაციის პროცესში მთავრობას პრობლემები მეორე ინვესტორთან, ”ბაზელ-ჯგუფთანაც”, შეექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტს არც

ამერიკულ-შვეიცარიული კომპანია ადასტურებს და არც ეკონომიკის სამინისტრო, წინაწარი შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა ”ბაზელ-ჯგუფს” ჯერ არ გადაუხდია.

”საპრივატიზებო მარათონში” პრობლემები ხელისუფლებას ლამის ქრონიკულ დაავადებად ექცა. ”ევრაზჰოლდინგის” მხრიდან ”ჭიათურმანგანუმის” შეძენაზე გარიგების ჩაშლის შემდეგ სახელმწიფოს გაყიდული კრწანისის რეზიდენციიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში კუთვნილი თანხის მიღების პრობლემაც დაუდგა, თუმცა მყიდველიც და გამყიდველიც ამ ეტაპზე ირწმუნება, რომ თანხის გადახდაში მხოლოდ ტექნიკური ხასიათის შეფერხებაა და იგი უახლოეს მომავალში გამოსწორდება.

კრწანისის რეზიდენციის 440 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ფართობი, იქ არსებული სამთავრობო შენობებით, ამერიკულ-შვეიცარიულმა ”ბაზელ-ჯგუფმა” 15 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. ინვესტორი რეზიდენციის ადგილზე ელიტარული საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას აპირებს. კრწანისის ლანდშაფტის და იქ არსებული ინფრასტრუქტურის გამო ამ პროექტს იმთავითვე წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ. ამას რეზიდენციის ახალი მფლობელებიც ადასტურებენ. მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა და ამ უბანში საცხოვრებელი ბინების შეძენის სურვილს უკვე უამრავი ადგილობრივი თუ უცხოელი გამოთქვამს. რაც შეეხება გადახდის გრაფიკს, ”ბაზელ-ჯგუფი” იღებდა ვალდებულებას თანხის ნაწილი, 7 მლნ. აშშ დოლარი, ივნისის ბოლომდე დაეფარა, ხოლო მთლიანი ღირებულება 2005 წლის ბოლომდე იქნებოდა გადახდილი. როგორც გაირკვა, ამ დროისათვის ამერიკულ-შვეიცარიულ კომპანიას მხოლოდ 2 მილიონი დოლარი აქვს ჩარიცხული. ”ბაზელ-ჯგუფის” წარმომადგენელი შალვა ქოჩლიძე ირწმუნება, რომ ისინი თანხის გადახდაში პრობლემას არ შექმნიან და შეთანხმება არ იქნება დარღვეული:

[შალვა ქოჩლიძის ხმა] ”პრობლემა ფულის გადახდასთან დაკავშირებით არ არის ნამდვილად და ჩვენ რაც გვქონდა მანამდე გადასახდელი, ცოტა უფრო მეტს ვიხდით ამ ეტაპზე და, ვფიქრობთ, უფრო სწრაფად დავფარავთ საერთოდ 15 მილიონს, ვიდრე ეს არის შეთანხმებული საქართველოს სახელმწიფოსთან.”

გადახდის გრაფიკში არსებული შეფერხების მიუხედავად, პრობლემის არსებობას უარყოფს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი კახა თოდუა, რომელიც გავრცელებულ ხმებს გარიგების ჩაშლის შესახებ ამ ეტაპზე არ ადასტურებს:

[კახა თოდუას ხმა] ”პირველი ტრანში 2 მილიონი გადახდილია, მეორე ტრანშს დაახლოებით 5 მილიონს გვპირდებიან, რომ 5 რიცხვამდე გადაიხდიან და, ვფიქრობ, პრობლემები არ იქნება, თუ ამ დრომდე გადაიხდიან. კონტრაქტი არ დარღვეულა, არის შეიძლება პატარა გადაცდენა, მაგრამ კონტრაქტი არ დარღვეულა ჯერჯერობით.”(სტილი დაცულია)

ამ ისტორიას დამატებით ინტრიგას მატებს ის ფაქტი, რომ, ”ჭიათურმანგანუმის” პრივატიზაციისაგან განსხვავებით, კრწანისის რეზიდენციის გაყიდვით შემოსული თანხა საქართველოს პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის მშენებლობას უნდა მოხმარდეს. შესაბამისად, ახალი საპრეზიდენტო სასახლის მშენებლობის ტემპიც ”ბაზელ-ჯგუფის” მიერ თანხის დროულ გადახდაზეა დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG