Accessibility links

logo-print

სტიქიით დაზარალებულებს ქართველი მომღერლები და ჟურნალისტები ეხმარებიან


წლევანდელმა წყალდიდობამ საქართველოს თითქმის ყველა რაიონს მიაყენა ზარალი. სტიქიით დაზარალებულები ყველგან და, მათ შორის, საქართველოს მაღალ მთიან

რაიონებში ხელისუფლებისგან დაპირებულ ზარალის ასანაზღაურებელ თანხებს ელიან. უსახლკაროდ დარჩენილები სვანეთსა თუ რაჭაში დღემდე ნათესავების სახლებს აფარებენ თავს. მანამდე, სანამ ხელისუფლება უსახლკაროდ დარჩენილების პრობლემას გადაწყვეტს, მისმა ცალკეულმა წარმომადგენლებმა, კერძოდ კი, თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტის ჩატარებისთვის შეეწყო ხელი და თბილისელები მომღერლებისა და ჟურნალისტების დუეტების მოსასმენად ფილარმონიის დიდ საკონცეტრო დარბაზში მიეწვია.

საქართველოს მასმედიის მეტ-ნაკლებად ცნობილმა სახეებმა ბოლო დროს მათსავით მეტ-ნაკლებად ცნობილ მომღერლებთან დუეტების ჩაწერას მოუხშირეს. დუეტების ჩაწერა მხოლოდ სახალისოდ არ ხდება. ჟურნალისტებმა პოპულარულ მომღერლებთან ერთად ჩაწერილი დუეტების პრეზენტაცია, ჯერ იყო და, ტელეეკრანებიდან მოაწყვეს, ამის შემდეგ კი უკვე - ფილარმონიის დიდი საკონცეტრო დარბაზის სცენიდან. ეს მოხდა საქველმოქმედო აქცია ტელემარათონზე ”ქართული მასმედია სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ”, რომლის პირდაპირი ტრანსლაციაც ტელეკომპანია ”იმედმა” უზრუნველყო. სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ქართული მასმედია - ყოველ შემთხვევაში, მისი ნაწილი -არც მეტი არც ნაკლები, ფილარმონიის სცენაზე ამღერდა.

[ხმა კონცერტიდან]

მაია სიხარულიძე და კაბუ, კოკა ყანდიაშვილი და ეთერ კაკულია, ირაკლი მაისურაძე და ეკა კვალიაშვილი, გიორგი ახვლედიანი და რონდო, ეკა ბერიძე და ფორტე , მათთან ერთად მარიკა ვერულაშვილი და დათო არჩვაძე - ეს არის არასრული ჩამონათვალი საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეებისა.

როგორც უკვე ვთქვით, საქველმოქმედო აქცია თბილისის საკრებულოს პატრონაჟით გაიმართა, აქციის იდეის ავტორიც საკრებულოს პრეს-სამსახურის თანამშრომელი თეონა ფირალიშვილი გახლავთ. როგორც მან ჩვენთან საუბრისას გაამხილა, ჟურნალისტებისა და პოპულარული მომღერლების ფილარმონიის სცენაზე ერთად ამღერების იდეა ჟურნალისტების ჰიმნის დაწერისა და ჩაწერის შემდეგ გაჩნდა. მაგრამ, რადგან კონცერტის გასამართად მარტო ჰიმნი არ გამოდგებოდა, გამოსავალი დუეტების ჩაწერით მოიძებნა. თეონა ფირალიშვილის თქმით, ჟურნალისტებისა და მომღერლების მონაწილეობით საქველმოქმედო აქცია-კონცერტის ჩატარების იდეა მანამდე არსებობდა, სანამ საქართველოს სხვადასხვა რაიონებს ადიდებული მდინარეები შეუტევდა. არსებობდა ასეთი კონცერტით მოხუცთა თავშესაფრის დახმარების გეგმა, მაგრამ გეგმა სტიქიამ შეცვალა. 30 ივნისის ტელემარათონისთვის ბილეთები საკრებულოს წევრებმაც შეიძინეს და პარლამენტარებმაც - მათ გარდა, კიდევ სხვებმაც - და კონცეტრი შედგა. ბილეთებისთვის გადახდილი ფული და, მასთან ერთად, ტელემარათონის მიმდინარეობისას სპეციალურ ანგარიშზე გადარიცხული თანხა თავს მოიყრის სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდში. ეს ფონდი კი ბევრს ვერ გასწვდება. ხელისუფლებას ჟურნალისტებივით მოსწონს შოუ, კონცერტები, პოპულარულ მომღერლებთან დუეტების ჩაწერაც, მაგრამ სტიქიით დაზარალებულები მისგან სანახაობაზე მეტად დაპირებულ ზარალის ასანაზღაურებელ თანხებს ელიან. ამისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო 20 მილიონი, თუმცა ფული პირდაპირ ადრესატებამდე ჯერ არ მისულა - მათ შორის, არც რაჭაში.

[ვახტანგ რაზმაძის ხმა] ”დახმარება ის არის, რომ ერთი კამაზი მუშაობს რიონის გადაგდებაზე. დახმარება მივიღეთ ფქვილის, კარტოფილის სახით. მატერიალური ზარალის ანაზღაურების თაობაზე იყო დაპირება, მაგრამ ასეთი რამე არ არის.”(სტილი დაცულია)

ონის მკვიდრი ვახტანგ ჯაფარიძე იტოვებს იმედს, რომ დაპირებული დახმარება, ბოლოს და ბოლოს, რაჭაშიც ჩააღწევს...
XS
SM
MD
LG