Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის კანონის ცვლილებათა პროექტი მხოლოდ უმნიშვნელოდ შეიცვალა


პარასკევს საქართველოს პარლამენტი საბოლოოდ დაამტკიცებს ,,თბილისის შესახებ კანონის” ცვლილებათა პროექტს, რომელსაც მესამე მოსმენამდე სიახლე შეემატა.

საკრებულოს არჩევნებისთვის კანდიდატების წარდგენის უფლება არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ საინიციატივო ჯგუფებსაც ექნებათ. რაც შეეხება მერს, მისი არჩევის წესი უცვლელია და ეს უფლება თბილისის საკრებულოს რჩება. საპარლამენტო უმრავლესობა თავის მიერ შემუშავებულ მოდელს რევოლუციურს უწოდებს, ოპოზიცია კი - აფრიკის რამდენიმე ქვეყნის პრაქტიკას ადარებს.

თბილისის კანონის ცვლილებათა პროექტი, რომელიც პარასკევიდან ოფიციალურ კანონად იქცევა, ზოგადად ასე გამოიყურება: თბილისის მერს მოსახლეობის მიერ არჩეული საკრებულო აირჩევს, მისი შემადგენლობის ერთ მესამედს მერის გადარჩევის საკითხის დასმა შეუძლია, თავად საკრებულოს წევრთა კანდიდატურების წარდგენის უფლება კი, პოლიტიკური პარტიების გარდა, საინიციატივო ჯგუფებსაც ექნებათ. იმის დასტურად, რომ მერის პირდაპირი წესით არჩევის პრინციპის უარყოფა დემოკრატიაზე უარის თქმას არ ნიშნავს, კანონპროექტის ავტორმა გიგა ბოკერიამ მოიხმო გაზეთი, რომელმაც უცხოელი და ქართველი ექსპერტების მოსაზრებები დაბეჭდა:

[გიგა ბოკერიას ხმა] ,,მთელი ეს ისტერია იმასთან დაკავშირებით, რომ საკრებულოსთან ერთად არჩეული მერი არის დემოკრატიისგან უკან დახევა, არის, უბრალოდ, სიცრუე და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი აფასებს ცენტრალიზებული სისტემიდან ამ სისტემაზე გადასვლას, როგორც რევოლუციურ ცვლილებას.” (სტილი დაცულია)

რევოლუციური ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ საღად მოაზროვნეთა კატეგორიაში არ აღმოჩნდნენ საპარლამენტო ოპოზიციის წევრები, რომლებიც სიცრუეში თავად კანონპროექტის ავტორს ადანაშაულებენ და დასტურად ასევე უცხოელი ექსპერტების აზრი მოჰყავთ. კონსერვატორი კახა კუკავა ამბობს, რომ შეხვდნენ ევროსაბჭოს წარმომადგენლებს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მსგავს საარჩევნო მოდელზე ევროპამ უარი 10 წლის წინ თქვა:

[კახა კუკავას ხმა] ,,ასეთი პრაქტიკა არსებობს მხოლოდ და მხოლოდ აფრიკულ ქვეყნებში. მოიტყუა რამდენჯერმე გიგა ბოკერიამ, სხვადასხვა ქალაქები დაასახელა ევროპის, თითქოს აქ გამოიყენებოდა ეს მოდელი. ჩვენ გადავამოწმეთ ვარშავაც, გადავამოწმეთ ლონდონიც - არაფერი მსგავსი. ასეთი მოდელი აღმოვაჩინეთ საქართველოდან ძალიან შორს, საჰარის უდაბნოში, ჩადში და კამერუნში.” (სტილი დაცულია)

საპარლამენტო ოპოზიცია პროტესტს გამოთქვამს არა მხოლოდ თბილისის მერის არჩევის, არამედ თავად საკრებულოს დაკომპლექტების წესის გამოც. მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერი დავით გამყრელიძე აცხადებს, რომ ეს მოდელი სრულადაა მორგებული სახელისუფლებო პარტიის ინტერესებზე:

[დავით გამყრელიძის ხმა] ,,ამით იქნება უზრუნველყოფილი, რომ, უმცირესობის მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაში, სრული უმრავლესობა, ორი მესამედი, აიღოს ნაციონალურმა მოძრაობამ და ეს ასეც მოხდება, აი, ნახავთ! მე, უბრალოდ, მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას, რომ ვიყოთ ერთიანები იმ პოზიციაზე, რასაც ჰქვია გამიჯვნა ამ არჩევნებისგან, არმონაწილეობა, ბოიკოტირება, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი საშუალება საბოლოო ლუსტრაცია მოხდეს ხელისუფლებისა.” (სტილი დაცულია)

ოპოზიციას არჩევნების ბოიკოტირებასთან დაკავშირებული დანაპირების შესრულებისკენ გიგა ბოკერიამაც მოუწოდა:

[გიგა ბოკერიას ხმა] ,,გააგრძელეთ ესე. მე პირადად ვთვლი, რომ ეს გამოიწვევს მხოლოდ გაჯანსაღებას პოლიტიკური სპექტრის, იმიტომ რომ ოპოზიციური ადგილი ეს წმინდა ადგილია. ცნობილი ნათქვამია, რომ წმინდა ადგილი ცარიელი არ დარჩება. თუ თქვენ წახვალთ, თქვენს ადგილს დაიკავებენ სხვები. ქვეყანა ამით მხოლოდ იხეირებს.” (სტილი დაცულია)

ოპოზიციური წმინდა ადგილიდან ხელისუფლებაში გადასულ მმართველ პარტიას ამჟამინდელ პოლიტიკურ ოპონენტთაგან გათავისუფლების პერსპექტივა ჯერჯერობით არა აქვს, რადგან ოპოზიცია მერის პირდაპირი წესით არჩევისთვის ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. 15 ივლისამდე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ საკითხთან დაკავშირებული რეფერენდუმის დანიშვნის საკითხი უნდა გადაწყვიტოს. უარყოფითი პასუხისა და მისგან გამოწვეული სასამართლო განხილვების უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში, კიდევ ერთი გზა, საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება, არსებობს, - ამბობს რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ,,თვითმმართველობის არჩევნების წინ ხელისუფლება, რომელსაც იმ დროისთვის და გაცილებით ადრე ექნება ჩვენი მხრიდან შეგროვებული ძალიან დიდი რაოდენობა ხელმოწერებისა, რომლითაც შემოვალთ საკანონმდებლო ინიციატივით და მოვითხოვთ მერის პირდაპირ არჩევნებს და თუ ამასაც უარყოფს, ასეთი ხელისუფლება იქნება გაკოტრებული და რანაირი მოდელიც არ უნდა მოიფიქროს, მაინც წააგებს.” (სტილი დაცულია)

თბილისის მერის არჩევასთან დაკავშირებული დავისას, რომელიც მეტი თუ ნაკლები დემოკრატიულობისა და მეტი თუ ნაკლები კაცობის დამტკიცებაში გადაიზარდა, ყველაზე ძლიერ არგუმენტად, შესაძლოა, გამოდგეს თავად მოქალაქეების პოზიცია და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ თბილისის მერი პირდაპირი წესით უნდა ირჩეოდეს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG