Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო უწყების “ცხელი” ზაფხულის დღეები


საქართველოს სამხედრო ძალებში, როგორც ჩანს, მეტად “ცხელი”ზაფხულის პერიოდი იწყება. სულ რაღაც ბოლო კვირის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროსა და

გენერალური შტაბის აპარატებმა დაასრულეს გადასვლა ახალ შენობაში, სამხედრო ძალები მულოდნელად ყაზარმულ მდგომარეობაში აღმოჩნდა გადაყვანილი და დაიწყო ფართომასშტაბიანი საარტილერიო სწავლება “ორფოლოს” საწვრთნელ პოლიგონზე. ამ ყველაფერს სამხედრო უწყებაში დაერთო მორიგი შემცირება, რაც ყველას დასრულებული ეგონა.მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, თუ რა ხდება ახალ შენობაში გადასული სამხედრო უწყების შიგნით.


საქართველოს სამხედრო ძალების არსებობის ისტორიაში მთელი სისტემის ყაზარმულ მდგომარეობაში გადაყვანა სხვადასხვა მიზეზით მომხდარა: აკაკი ელიავას ამბოხის დროს, პანკისის ხეობის კრიზისის დროს და, თქვენ წარმოიდგინეთ, 2001 წლის 11 სექტემბრის საჰაერო ტერაქტის დროს, როდესაც საფრთხე ამერიკის შეერთებულ შტატებს დაემუქრა. ამჯერად ორდღიანი ყაზარმული მდგომარეობის გამოცხადება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, პოლკოვნიკ ლევან ნიკოლეიშვილის პირადი ბრძანებით მოხდა და იგი, როგორც ამ უკანასკნელმა რადიო “თავისუფლებას” უთხრა, სამხედრო ძალებში დისციპლინის მდგომარეობის შეფასებით ყოფილა განპირობებული:

[ლევან ნიკოლეიშვილის ხმა] “ მე გამოვაცხადე ყაზარმული მდგომარეობა და სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ ზოგადად დისციპლინა შემოწმდა: თუ რა მდგომარეობაში და რამდენ ხანში შესრულდებოდა ეს ამოცანა. დღეს დილით ის მოიხსნა.” (სტილი დაცულია)

ყაზარმული მდგომარეობა სამხედრო ძალებში სულ ორ დღეს გაგრძელდა. გენერალური შტაბის უფროსი შედეგებით ზოგადად კმაყოფილია, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ ყველა რელაციის შესწავლის შემდეგ მკაცრი დასკვნებიც გაკეთდეს:

[ლევან ნიკოლეიშვილის ხმა] “ზოგიერთმა ქვედანაყოფმა ძალიან მალე შეასრულა და სწრაფად მქონდა მოხსენებები ყაზარმულზე გადასვლასთან დაკავშირებით. ზოგმა გეგმის მიხედვით, ზოგმა კი - ნელა. მაგრამ ამის თაობაზე მოხსენებები კეთდება. მე ამჟამად ეხლა დავბრუნდი თბილისში და მოხსნებებს განვიხილავ და შემდეგ მეცოდინება ზუსტად, თუ ვინ როგორ მოქმედებდა. მაგრამ ზოგადი შეფასება დადებითია.”(სტილი დაცულია)

სამხედრო ძალებში ყაზარმული მდგომარეობის გაუქმების გარდა, 30 ივნისს დღის წესრიგიდან კიდევ ერთი საკითხი მოიხსნა. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი რჩება პოსტზე და არ გამართლდა ხმები მისი პრემიერ-მინისტრად გადაყვანის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ წელიწად--ნახევრის განმავლობაში დანიშნული მესამე თავდაცვის მინისტრია. თანაც ყველა მინისტრის დანიშვნას თან ახლდა მწვავე და იურიდიულად არცთუ დასაბუთებული საკადრო ცვლილებები, რაც დიდ ვნებათაღელვას იწვევდა ქვეყნის შიგნით. “ავრალური” საკადრო ცვლილებების პოლიტიკა შენელდა, მაგრამ, როგორც ჩანს, არ დასრულებულა. როგორც თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარემ მამუკა კიკალეიშვილმა რადიო “თავისუფლებას” განუცხადა, 1 ივლისიდან კადრების განკარგულებაში გადის გენერალური ინსპექციის 30 თანამშრომელი, რომელთა უმრავლესობა სამხედროები არიან.

[მამუკა კიკალეიშვილის ხმა] “1 ივლისიდან შედის ეს ბრძანება თავისთავად ძალაში. რამდენადაც ვიცი, ამავე ფუნქციის მატარებელი რაღაც დანაყოფი აუცილებლად იქნება თავდაცვის სამინისტროში. ამჟამად ზუსტდება, თუ რა ტიპის სამსახური იყოს და ვის დაექვემდებაროს - თავდაცვის მინისტრის ოფისს თუ გენერალური შტაბის უფროსის ოფისს.”

გენერალური ინსპექცია, რომლის მეშვეობითაც ხდება სამხედრო ნაწილებში დისციპლინის, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციისა და მთლიანად საბრძოლო მდგომარეობის შიდა კონტროლი, თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის ერთგვარი თვალი და ყურია. გენერალური ინსპექციის მოვალეობის შესრულება 6 კაციან განყოფილებას დაეკისრა. თუ რა ბედი ელის დანარჩენ 25 თანამშრომელს, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG