Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსალოდნელი სიახლეები ოპოზიციის ფლანგზე


საქართველოში ხელისუფლების პოლიტიკურმა ოპოზიციამ აქტიურად დაიწყო ფიქრი ურთიერთშეთანხმებულ საარჩევნო მოქმედებაზე. ფიქრს პირველი გადაწყვეტილებაც მოჰყვა.

მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერმა დავით გამყრელიძემ 29 ივნისს ახალი მემარჯვენეების პოლიტიკური საბჭოს შეკრებაზე განაცხადა, რომ მისი პარტია მზად არის მიიღოს კონსერვატორების წინადადება შუალედური მაჟორიტარული არჩევნების წინ წინასწარი სარეიტინგო არჩევნების ჩატარების შესახებ. როგორც ცნობილია, ეს წინადადება ოპოზიციის ყველაზე ძლიერი კანდიდატურების გამოვლენას ისახავს მიზნად, ამავდროულად კი, გულისხმობს შეთანხმებას იმაზე, რომ ყველაზე ძლიერებს სახელისუფლებო კანდიდატურებთან ჭიდილისას ოპოზიციის სხვა კანდიდატურები არ დაუპირისპირდნენ. კონსერვატორების წინადადებას განიხილავენ რესპუბლიკურ პარტიაშიც.


რესპუბლიკურ პარტიაში მზად არიან განიხილონ ნებისმიერი საინტერესო წინადადება არჩევნებისთვის - მათ შორის, შუალედური მაჟორიტარული არჩევნებისთვის - ოპოზიციის კოორდინირებულ მოქმედებასთან დაკავშირებით. ეს ჩვენთან საუბრისას ამ პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა დაადასტურა. მისი თქმით, რესპუბლიკელებს უკვე ჰქონდათ კონსულტაციები კონესერვატორებთან, რადგან პირველი საქმიანი ინიციატივა სწორედ მათგან წამოვიდა და ეს კონსულტაციები გრძელდება. კონსულტაციები კონსერვატორებთან მემარჯვენე ოპოზიციასაც ჰქონდა, რის შედეგადაც ამ პოლიტიკურმა ძალამ უკვე გადაწყვიტა მიიღოს მონაწილეობა შუალედური მაჟორიტარული არჩევნების წინ წინასწარ სარეიტინგო არჩევნებში:

[დავით გამყრელიძის ხმა] ”მე მინდა მივიღო ეს შემოთავაზება, ეს გამოწვევა წინასწარი არჩევნებისა. ჩვენ და მინიმუმ კონსერვატორები - იმედი მაქვს, რესპუბლიკელებიც და იგივე ლეიბოსრიტებიც - მივიღებთ მონაწილეობას წინასწარ არჩევნებში და ამ გზით ჩვენ გამოვავლენთ ყველაზე ძლიერ კანდიდატურებს სახელისუფლებო კანდიდატურებთან დასაპირისპირებლად.”

ეს განცხადება მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერმა დავით გამყრელიძემ პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე გააკეთა. იქვე მან დაასახელა ის კანდიდატურები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას წინასწარ არჩევნებში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ლაპარაკია შუალედური მაჟორიტარული არჩევნების წინ სარეიტინგო არჩევნების შესახებ. შუალედური არჩევნები კი შემოდგომით უნდა გაიმართოს. ამ არჩევნებისთვის შუახევში მემარჯვენე ოპოზიცია ვახტანგ ზოიძის კანდიდატურას ასახელებს, ტყიბულის რაიონში -ფსიქოლოგ ნინო ქვარიანის კანდიდატურას, ხოლო თბილისში, ისნის რაიონში, - თბილისის საკრებულოს წევრის გიორგი მოსიძის კანდიდატურას. ზემოთ ჩამოთვლილ რაიონებში დაუპირისპირდებიან თუ არა დასახელებული პირები მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს, ამას წინასწარი არჩევნები გადაწყვეტს.
აღვნიშნავთ კიდევ ერთ სიახლეს, რაც ახალი მემარჯვენეების პოლიტიკური საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე გამოვლინდა. “ახლების” პოლიტიკური პარტნიორების, ”მრეწველების”, სახელით, ზურაბ ტყემალაძემ “ახლების” და “მრეწველების” ერთ ძალად ჩამოყალიბების დიდი ალბათობა დაადასტურა:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] ”უკვე დადგა დრო და უახლოეს მომავალში ჩვენ ვეცდებით ერთ პოლიტიკურ ძალად ჩამოვყალიბდეთ, ერთად დავდგეთ. ”

“მრეწველებთან” ერთ პოლიტიკურ ძალად გაერთიანებამდე “ახლები” იწყებენ სერიოზულ მზადებას გაცილებით მრავალრიცხოვან და კონკურენტუნარიან პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებისათვის. მიზანი სერიოზულია: ახალი მემარჯვენეები გამოთქვამენ მზადყოფნას, არჩევნების გზით ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა იტვირთონ. ამასთან დაკავშირებით პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე ბევრი ითქვა, სხვათა შორის, ესეც:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] ”მიუხედავდ იმისა, რომ დათო გამყრელიძე, ჩემი აზრით, იქნება ყველაზე კარგი ლიდერი და მმართველი, მე არ მინდა, რომ ის საქართველოს მოსახლეობამ აირჩიოს 80 ან 90 პროცენტით, რადგან ეს არის დემოკრატიის საზიანო. ”

მინიშნება ფიქრია ჩიხრაძეს ეკუთვნოდა. ის პარტიის პოლიტიკური მდივანი ხდება. ამ პარტიული პოსტის გარდა, ახალი მემარჯვენეები საერთაშორისო მდივნის პოსტის შემოღებაზე შეთანხმდნენ. ამ პოსტს გიორგი მოსიძე იბარებს. “ახლებმა” მიიღეს აგრეთვე გადაწყვეტილება ჩამოაყალიბონ ანალიტიკური ცენტრი. ამასთანავე, “ახლების” ერთ-ერთი სახე, კოკა გუნცაძე, სათავეში ჩაუდგება კომისიას, რომელიც კონსტიტუციის რეფორმის პროექტზე იმუშავებს. კოკა გუნცაძის თქმით, ამ პროექტის სახით, “ახლები” საზოგადოებას შესთავაზებენ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას და პარლამენტის უფლებამოსილების გაზრდას, ნამდვილ დამოუკიდებელ სასამართლოსა და ნამდვილ თვითმმართველობას.
XS
SM
MD
LG