Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპორტულ სამყაროს არ სჯერა დაკავებული ქართველი ფალავნების დანაშაულისა


ქართველი სამართალდამცველების მიერ 28 ივნისს, სპეცოპერაციის შედეგად, ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ალეკო დავითაშვილისა და 1999-2000 წლებში

ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონის გიორგი რევაზიშვილის დაპატიმრებამ საქართველოს სპორტულ სამყაროში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ქართველ სპორტსმენებს და სპორტულ ჟურნალისტებს არ სჯერათ ოფიციალური ვერსიისა, რომ დაკავებულები ფულის გამოძალვას ეწეოდნენ. ყველა კი იმ ოპერატიული კადრების ჩვენებამ აღაშფოთა, რომელზეც ცნობილი სპორტსმენები ხელბორკილდადებულები და მიწაზე განრთხმულები ჩანდნენ. მე რამდენიმე ცნობილ სპორტსმენსა და სპორტულ ჟურნალისტს დავუკავშირდი.

საქართველოს შვიდგზის ბეჭდაუდებელი ფალავანი ალეკო დავითაშვილი და მსოფლიოს ექს-ჩემპიონი გიორგი რევაზიშვილი 28 ივნისს პირველად იხილა საქართველოს მოსახლეობამ მიწაზე განრთხმული. ხელბორკილდადებულ მოჭიდავეებს თავზე ავტომატიანი სპეცრაზმელები ადგნენ, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ და ფარული კამერით გადაღებულ ოპერატიულ კადრებში ჩანდა, თუ როგორ სთხოვდნენ დაკავებული სპორტსმენები ერთ-ერთ მოქალაქეს, ვილი იორდანოვს, ფულის დაბრუნებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ დაკავებულები 8 000 დოლარს სძალავდნენ ბერძენ ბიზნესმენს და რომ მათ ფართო კავშირი აქვთ საბერძნეთში მცხოვრებ კანონიერ ქურდ ვახო ჩაჩანიძესთან. ამ ინფორმაციამ ბევრი ქართველი მოჭიდავე და სპორტის მოყვარული საგონებელში ჩააგდო, განსაკუთრებით კი - ქართველ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი შოთა ხაბარელი, რომელიც ნაკრებს, რომლის ღირსებასაც დავითაშვილიც იცავს, მსოფლიო ჩემპიონატისათვის ამზადებს.
[შოთა ხაბარელის ხმა] “დეტალები არ ვიცი, - ალბათ, გამოძიება დაადგენს ყველაფერს, - მაგრამ, ხომ გეუბნებით, მე ამ ბიჭზე სულ სხვა წარმოდგენა მქონდა, სულ სხვა. ის იყო შრომისმოყვარე, კარგი სპორტსმენი, არავითარ ამნაირ საქმიანობაში შემჩნეული არ იყო. ჩემთვის ყველაფერი ეს იყო გაუგებარი, რაც მოხდა.”

ფულის გამოძალვის ბრალდებით ერთ-ერთი დაკავებული ალეკო დავითაშვილი საქართველოს შვიდგზის ფალავანი და ქართული ჭიდაობის ვიცე-პრეზიდენტია. და იგი ძიუდოისტთა ნაკრების წევრებთან ერთად ივლისის დასაწყისში შეკრებაზე უნდა გამგზავრებულიყო. ტიტულოვანი სპორტსმენის ასეთი ფორმით დაპატიმრებამ თანაგუნდელების პროტესტი გამოიწვია. მით უფრო, რომ, არაოფიციალური ვერსიით, დავითაშვილი და რევაზიშვილი ფულს კი არ სძალავდნენ დაზარალებულს, არამედ ვალის დაბრუნებას სთხოვდნენ. ნაკრების ზოგიერთი წევრი ცხელ გულზე იმასაც ამბობდა, რომ არ წავიდოდა შეკრებაზე. ცნობილი ქართველი ფალავნის დაპატიმრების ფორმას არაეთიკური უწოდა ჩვენთან საუბარში საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დილარ ხაბულიანმა და დასძინა, რომ ხელისუფლებაც თანაგრძნობით არის გამსჭვალული ცნობილი სპორტსმენის მიმართ:

[დილარ ხაბულიანის ხმა] “არაეთიკურია, რასაკვირველია, როცა ჩვენი ქვეყნის შვიდგზის ფალავანი (და სხვა არავინ ყოფილა ასეთი ტიტულოვანი, არც კულა გლდანელი, არც მაისურაძე და არც არავინ ყოფილა)... მაგრამ პოლიციას თავისი შეხედულებები აქვს და გააკეთეს ესე. რაც შეეხება მის მიმართ განწყობას, დღეს სულ სხვა არის, ვიდრე გუშინ იყო.”(სტილი დაცულია)
[კობა ლიკლიკაძე] “ეცადეთ ხელისუფლებამდე მიგეტანათ თქვენი დამოკიდებულება?”
[დილარ ხაბულიანის ხმა] “ რა თქმა უნდა, მიტანილიც არის და მათი განწყობაც ასეთია. ხელისუფლების განწყობაც ასეთი არის.”(სტილი დაცულია)

გაზეთ “24 საათის” სპორტული მიმომხილველი მიხეილ აბაიშვილი, რომელიც პირადად იცნობდა ალეკო დავითაშვილსა და გიორგი რევაზიშვილს, ნაკლებად დარწმუნებულია დღევანდელი სასამართლო ხელისუფლების მიუკერძოებლობაში. მაგრამ მიხეილ აბაიშვილი სვამს კითხვას, რომელიც არ გასჩენია არც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არც იმ მედიასაშუალებებს, რომლებმაც ოპერატიული მასალა უკომენტაროდ გაუშვეს ეთერში.
[მიხეილ აბაიშვილის ხმა] “ახლა რომ აღმოჩნდეს, რომ ეს ყველაფერი არის გაუგებრობა და იმ პიროვნებას, იმ ბიზნესმენს მართლაც ჰქონდა რაღაც ვალი, მაშინ რა გამოდის? წლების განმავლობაშ ოფლს ღვრიდნენ, ქვეყნისათვის მედლებს, ჯილდოებს, ტიტულებს აგროვებდნენ და უცბად ასე გამოაჭენეს სახალხოდ.”

სასამართლოს სამდღიანი ვადა აქვს იმის დასადგენად, თუ აღკვეთის რა ფორმა მიუსაჯოს ცნობილ სპორტსმენებს. თუმცა 28 მაისს ნაჩვენები კადრები აღარასოდეს ამოიშლება ადამიანების მახსოვრობიდან.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG