Accessibility links

არის თუ არა მაღალი ხელფასი მექრთამეობის, კორუფციის აღკვეთის გარანტია


როგორც ცნობილია, 28 ივნისს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მაღალი

თანამდებობის რამდენიმე პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ფარული ვიდეოკამერებით გადაღებულ ვიდეომასალაში, რომელიც საქართველოს ტელეარხებმა გაავრცელეს, ნათლად ჩანდა საგადასახადო სამსახურის მაღალი რანგის ერთ-ერთი ჩინოვნიკი, რომელმაც 150 ათასი ლარი ქრთამად აიღო. არადა, სახელმწიფო მოხელეებისთვის მაღალი ხელფასების დანიშვნის წინ საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებდა, რომ ჯამაგირის გაზრდის შემდეგ ქრთამის აღების სურვილი აღარავის გაუჩნდებოდა.

28 ივნისს საგადასახადო დეპარტამენტში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსური პოლიციის მიერ დაკავებულ ჩინოვნიკთა შორის არიან: საგადასახადო სამსახურის კონტროლის სამმართველოს უფროსი თენგიზ გაბელია, თბილისის საგადასახადო სამსახურის უფროსი თეიმურაზ დვალი და მისი მოადგილე. გაბელია 150 ათასი ლარის ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი. იგი, ამ ქრთამის სანაცვლოდ, ერთ-ერთ ფირმას ბიუჯეტის მიმართ არსებული 3 მილიონიანი დავალიანების ჩამოწერას დაჰპირდა. რაც შეეხება დვალს და მის მოადგილეს, მათ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედებათ ბრალი.

აღსანიშნავია, რომ მექრთამეობასა და კორუფციაში ეჭვმიტანილ ამ ჩინოვნიკთა ჯამაგირი 900-დან 1400-მდე მერყეობს. 500 ლარია ხელფასი მთაწმინდა-კრწანისის რაიონის საგადასახადო სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის ნინო ანანიაშვილისა, რომელიც 200 ლარის ქრთამის აღებისას დააკავეს.

საქართველოს გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის კომენტარი:

[ზურაბ ადეიშვილის ხმა] ”ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა ამ სისტემაში. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას - როგორც საქართველოს პროკურატურა, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო და ფინანსური პოლიცია - და უახლოეს ხანებში ჩვენ ასევე განვახორციელებთ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.”(სტილი დაცულია)

არადა, რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმედოვნებდა, რომ ხელფასების გაზრდითა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებით სახელმწიფო მოხელეებს კორუფციას დაავიწყებდა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ის ხალხი, ვინც ლაპარაკობს, რომ 100 და 200 ლარი თუ აიღო ქრთამი, - და ამ შემთხვევაში აიღო 100 ათასი, 150 ათასი თუ რამდენიც არის, - ეს თურმე თვითონ არის მსხვერპლი და გაჭირვებისგან აიღო...
...ეს ხალხი არის საშიში საზოგადოებისთვის.”(სტილი დაცულია)

ეს განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმა 29 ივნისს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გააკეთა და ფინანსთა მინისტრის ვალერი ჩეჩელაშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენა.

არის თუ არა მაღალი ხელფასი იმის გარანტია, რომ სახელმწიფო მოხელეს ქრთამის აღების თუ სხვა კორუფციული ქმედების სურვილი გაუქრეს? - ამ შეკითხვით ყოფილი ანტიკორუფციული ბიუროს მდივანს, ახლა კი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელს, კახა უგულავას მივმართე.

[კახა უგულავას ხმა] ”ხელფასების გაზრდა ეს არის სტიმული და სამართლიანობის პრინციპი, ადამიანს რომ მოსთხოვო იმუშაოს ისე, რომ არ აიღოს ქრთამი, არ ჩაიდინოს დანაშაული, მაგრამ, ამასთანავე, უნდა იყოს შიში იმისა, რომ თუ ჩაიდენ დანაშაულს, შენ დაგიჭერენ და, შესაბამისად, აგებ პასუხს. უერთმანეთოდ ეს არ შეიძლება გაკეთდეს, ორივე ერთად არის საჭირო - როგორც ხელფასების გაზრდა და სტიმულების გაზრდა სახელმწიფო სამსახურში, ასევე კანონის უზენაესობის დამკვიდრება.” (სტილი დაცულია)

დაამკვიდრებს თუ არა საგადასახადო სამსახურის მაღალხელფასიანი ჩინოვნიკების დაკავება კანონის მიმართ სახელმწიფო მოხელეების შიშს, ეს მომავალში გახდება ნათელი.
XS
SM
MD
LG