Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა განაპირობებს ტექნიკური უნივერსიტეტის რეფორმირების სიმშვიდეს


უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი არც საპროტესტო აქციების არენად ქცეულა და არც სერიოზული აჟიოტაჟის მიზეზად.

იმას, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი დღემდე სიმშვიდეს ინარჩუნებს, მისი წარმომადგენლები რეფორმირების პროცესის საჯაროობით ხსნიან. რით გამოიხატება საჯაროობა?

თბილისში ერთმანეთისგან საკმაოდ ახლოს მდებარე ორ უნივერსიტეტში რეფორმის პროცესი ერთი კანონით, თუმცა განსხვავებული ემოციური ფონით მიმდინარეობს. თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე არჩილ ფრანგიშვილი ამბობს, რომ მისთვის უცნობია სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილი სიტუაციის მიზეზი, განსხვავებით იმისგან, რაც ტექნიკურ უნივერსიტეტში ხდება:

[არჩილ ფრანგიშვილის ხმა] ,,ჩვენთან პრობლემები არ არის მარტივი რამის გამო. არსებობს რეფორმა, რომელიც გაწერილია კანონში. ჩვენ არავინ არ გვავალდებულებს არანაირ შემცირებებს, არავითარი იმპერატიული ფორმები მმართველობის აქ არ არის. ჩვენ თვითონ ვწყვეტთ ჩვენს ბედს, მაგრამ ვწყვეტთ ამას კათედრებთან შეთანხმებით, პროფესურასთან შეთანხმებით, ლაბორატორიებთან შეთანხმებით. ასე რომ, ყველაფერი მოდის ქვევიდან ზევით.” (სტილი დაცულია)

არჩილ ფრანგიშვილი განმარტავს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ პროფესორ-მასწავლებლებს რეფორმის მიზანი გააცნო და მისი განხორციელების ალტერნატიული სქემების მოფიქრება შესთავაზა:

[არჩილ ფრანგიშვილის ხმა] ,,ანუ ჩვენ დავუსახეთ სტრატეგია და ტაქტიკური ნაბიჯები, ტაქტიკური გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ თვითონ კათედრებმა და ფაკულტეტებმა, რასაც აკეთებენ. ჩვენ ვხვდებით ინდივიდუალურად ყველას აბსოლუტურად და ერთად ვიხილავთ პროცესს. პრაქტიკულად დამკვეთის როლში გამოდიან. ჩვენ უკვე კანონთან შესაბამისობაში ვაკეთებთ ამ პროცესს. ამიტომაც არ ხდება არანაირი კატაკლიზმები.” (სტილი დაცულია)

ისევე, როგორც სხვა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, დიდი სამეცნიერო საბჭო და რექტორატი ტექნიკურ უნივერსიტეტშიც გაუქმდა და თანამშრომელთა შემცირების პროცესიც დაიწყო. უნივერსიტეტის პროფკავშირების ხელმძღვანელი ვანო თვალავაძე უპირატესობად იმ ფაქტორს მიიჩნევს, რომ, კანონების შესაბამისად, თანამშრომელთა გაფრთხილება დროულად დაიწყო:

[ვანო თვალავაძის ხმა] ,,არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ ჩვენ, რომ კანონის დარღვევა მოხდეს. აუცილებლად უნდა იყოს პროფკავშირების თანხმობით, აუცილებლად უნდა იყოს გაფრთხილებული 1-2 თვით ადრე თითოეული შესამცირებელი სუბიექტი. თქვენ წარმოიდგინეთ, ჯერჯერობით ამ ეტაპზე პრეტენზია იმისი, რომ რატომ შემამცირეთ, მინიმალურია.” (სტილი დაცულია)

მიუხედავად შედარებითი სიმშვიდისა, ვანო თვალავაძე ამ პროცესს მტკივნეულს უწოდებს. ტექნიკური უნივერსიტეტის 700-მდე მეცნიერ-თანამშრომლიდან 400-ზე მეტი გრანტს უკვე ვეღარ იღებს და, მიუხედავად განათლების სამინისტროს დაპირებისა, მათ ჯერჯერობით არც ივნისის ხელფასი მიუღიათ. ამჟამად ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორის ხელფასი 117 ლარია, დოცენტის - 65, უფროსი მასწავლებლის - 50, ლაბორანტის კი - 29 ლარი:

[ვანო თვალავაძის ხმა] ,,მე ამას ხელფასს არ ვეძახი, ცინიზმია. ამიტომაც ვამბობთ: რეფორმა აუცილებელია, გასაკეთებელია, მაგრამ რეფორმა მკვდარი იქნება, თუ ჩვენი ხელისუფლება ისევ ჩათვლის, რომ შრომის ანაზღაურება უნდა იყოს 30-50 ლარი.” (სტილი დაცულია)

რეფორმის ერთ-ერთ მიზნად თანამშრომელთა პირობების გაუმჯობესებას ასახელებს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე არჩილ ფრანგიშვილი:

[არჩილ ფრანგიშვილის ხმა] ,,ამიტომ ჩვენ გვინდა ახალი ელემენტების შემოტანა. ერთ-ერთი, რაც ჩვენ მოვიფიქრეთ და ძალიან დაუჭირეს ამას მხარი პროფესორ-მასწავლებლებმა და ტექნიკურმა პერსონალმა, არის ტექნოპარკები. ეს არის რეალურად საუნივერსიტეტო მეცნიერებისა და მრეწველობის გაერთიანება ერთ ჰოლდინგად და ამაში უნდა იყოს მონაწილე ყველა თანამშრომელი.” (სტილი დაცულია)

რაც შეეხება ფაკულტეტების გაერთიანებას, რომელმაც სახელმწიფო უნივერსიტეტში საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, ტექნიკურ უნივერსიტეტში ეს ჯერჯერობით არ მომხდარა. განსხვავება ისიცაა, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში უპირატესობას არა კონკრეტულად ფაკულტეტების გაუქმებას და გაერთიანებას, არამედ სპეციალობების გამსხვილებას ანიჭებენ. უნივერსიტეტში ამტკიცებენ, რომ ეს პროცესიც საჯარო და შეთანხმებული იქნება.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG