Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუმცა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და


თუმცა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და

ბალეტის თეატრი სეზონს, ტრადიციულად, ”დაისით” დახურავს, ფაქტია, რომ წელს თეატრში არა საოპერო, არამედ საბალეტო დასმა გამოიჩინა თავი. ”აიდას” პრემიერის შემდეგ თეატრი ვერა და ვერ ახერხებდა ახალი ოპერის დადგმას, არადა, ოპერის მოყვარულებმა იცოდნენ, რომ დასის სტაჟიანი და ახალგაზრდა სოლისტები დღეს ფორმაში არიან ისე, როგორც არასდროს და ისე, როგორც არასდროს, ენატრებათ სიმღერა კარგ სპექტაკლში. მაგრამ კარგი ოპერა ან უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ბალეტი, ან კიდევ, ხელისუფლებას ბალეტი უფრო უყვარს (ამ შემთხვევაში ვამბობთ ბალეტს და ვგულისხმობთ ნინო ანანიაშვილს), ბალეტს უფრო პატრონობს. ფაქტია, რომ ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრმა მხოლოდ სეზონის დასასრულს დადგა ახალი საოპერო წარმოდგენა, დონიცეტის ”დონ პასკუალე”, და ფაქტია, რომ დაარწმუნა მსმენელი: საოპერო ხელოვნების დონე საქართველოში მნიშვნელოვნად ამაღლდა.

”საოპერო ხელოვნების დონეო” როცა ვამბობთ, ამ შემთხვევაში მომღერლებს, უფრო სწორად, მომღერლების ხმას არ ვგულისხმობთ. თბილისის ოპერა კარგი ხმების დეფიციტს არ უჩივის - შეიძლება ითქვას, ბედი სწყალობს. წლების განმავლობაში არაერთმა ვარსკვლავმა დატოვა საქართველო და მსოფლიო საოპერო თეატრების სცენაზე ამღერდა, მაგრამ დასს შეემატა ნიჭიერი ახალგაზრდობა, რომელმაც ჯერ ”აიდაში”, ახლა კი “დონ პასკუალეში” დაამტკიცა, რომ ვოკალურ ხელოვნებას საქართველოში კრიზისი არ შეხებია.

”დონ პასკუალეს” ახალი დადგმა სხვა მხრივ არის მნიშვნელოვანი. ამ სეზონში ფალიაშვილის სახელობის თეატრის უკანასკნელ საოპერო პრემიერაზე მოსული მაყურებელი დარწმუნდა, რომ ჩვენში თითქმის ყოველთვის ”რეტროგრადული” საოპერო ხელოვნება მარწუხებისგან თავისუფლდება. თბილისმა იხილა მართლაც ძალიან მხიარული, სანახაობრივი წარმოდგენა, რომლის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს: დამდგმელმა დირიჟორმა გიორგი ჭიჭინაძემ, მხატვარმა გიორგი ნადირაძემ, ქორეოგრაფმა ირაკლი შენგელიამ, ყველა მომღერლმა, განსაკუთრებით ნინო მაჩაიძემ, მაგრამ მაინც უნდა გამოვყოთ დამდგმელი რეჟისორის მაია გაჩეჩილაძის როლი - უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ რეჟისორმა ”მოსწმინდა მტვერი” თბილისის ოპერას, სწორედ რეჟისორის დამსახურებაა ის უწყვეტი დინამიკა, რომელიც თან ახლავს ამ წარმოდგენას.

ჩვენი საუბარი მაია გაჩეჩილაძესთან მომღერლებით დაიწყო. საიდან გაჩნდა ასეთი თავისუფლება საოპერო სპექტაკლში? ვისი დამსახურებაა ეს - რეჟისორის, ქორეოგრაფის თუ თავად არტისტების? იქნებ მომღერლების ახალი თაობაა, უბრალოდ, ასეთი პლასტიკური, თავისუფალი?

[მაია გაჩეჩილაძის ხმა] ”ჯერ ერთი, მართლა ახალი თაობაა და სხვა კრიტერიუმებით უდგებიან ოპერის ხელოვნებას. თანაც, მე ვთვლი, რომ არიან ნიჭიერები... ბარიერის გადალახვა ჭირს, რა თქმა უნდა. რთულია სიმღერის დროს ხტუნვა.. რაღაც-რაღაცების დამტკიცება დამჭირდა, იმიტომ რომ აუცილებლად გეწინააღმდეგება... მაგრამ ძალიან კარგად იცოდნენ პარტია, ისე რომ, ღამე რომ გაგეღვიძებინა და გეთქვა, მიმღერე ესა და ეს, მაშინვე გიმღერებდნენ. თან მუსიკაა იმისთანა, რომ ამ მუსიკაზე ვერ დადგები მარტო, თვითონ გამოძრავებს - თითქოს უკნიდან გარტყამსო, რომ უნდა გაინძრე...”(სტილი დაცულია)

[მუსიკა]

მაგრამ დონიცეტის ეს ოპერა ადრეც იდგმებოდა თბილისში. ზუსტად ეს მუსიკა ჟღერდა, თანაც მშვენიერი სოლისტები მღეროდნენ. მაგრამ ”დონ პასკუალე” არასდროს გამოირჩეოდა ასეთი სანახაობრიობით. მაია გაჩეჩილაძისა და გოგი ჭიჭინაძის ახალი წარმოდგენის მიმართ უკვე გამოითქვა განსხვავებული აზრი, თუმცა სპექტაკლის ოპონენტებიც კი აღნიშნავენ: მსახიობები აქ სიამოვნებით თამაშობენ და მღერიან, იმპროვიზაციის არ ეშინიათ და, რაც მთავარია, ამყარებენ კონტაქტს მაყურებელთან... რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი, შესაძლებელია, მაინცდამაინც ვერ ერკვეოდეს საოპერო ხელოვნების ნიუანსებში, მაგრამ ”დონ პასკუალეს” აუცილებლად ეყოლება მაყურებელი... მაია გაჩეჩილაძეს ვკითხეთ, როგორ დაიბადა ასეთი სპექტაკლის იდეა, ხომ არ იყო საფრთხე ამ ეკლექტიკას, სტილისა და ნიღბების ცვლას უარყოფითად ემოქმედა მუსიკაზე - დონიცეტის ოპერა, მართლაც, კიტჩად ქცეულიყო.

[მაია გაჩეჩილაძის ხმა]”მუშაობის წინა პერიოდი ჩემთვის არის მუსიკის მოსმენა. ექსპლიკაციას არ ვწერ, ამის ნერვები არა მაქვს - რაღაც საერთო კონცეფცია არის, მაგრამ რაღაც ადგილები შეიძლება ღამე მოვიფიქრო... უცებ რაღაც მოვიდოდა თავში, უცებ რაღაცას იტყოდა არტისტი, მათგანაც მოდიოდა ეს მუხტი, იმდენად დაინტერესებულნი იყვნენ და ”ავარდნილები”... ვცდილობდი, რომ ჩარჩოებში არ მომექცია და მიმეცა თავისუფლება.”

[მუსიკა]

ამ შემთხვევაში სანახაობრიობამ და ოპერა-ბუფისთვის ნორმალურმა ”სტილების აღრევამ” გაამართლა - ”არტ-ნუოვო” და ნეოკლასიკური სახეები სცენოგრაფიაში, სპექტაკლის მსვლელობაში მოულოდნელად ჩართული ხორუმი, ავანგარდული კოსტიუმები, ბროწეულები წარმოდგენის ფინალში - ყველაფერი ეს ორგანული აღმოჩნდა ”დონ პასკუალესთვის”. მაგრამ რას გააკეთებდა მაია გაჩეჩილაძე, მისთვის დრამატული სპექტაკლის დადგმა რომ შეეთავაზებინათ?

[მაია გაჩეჩილაძის ხმა] ”გოგი ჭიჭინაძე სულ ამბობს, ისე მეშინია შენთან რაიმე დრამატულის დადგმა, რაღაც არ ქნაო... მაგაზე რომ ვიფიქრო, რომ ვიყო ორიგინალური, მე ვერასდროს დავდგამ ვერაფერს... მით უმეტეს, ცნობილია, რომ კომედია ბევრად უფრო ძნელი დასადგმელია, ვიდრე ტრაგედია.

[მუსიკა]

თუ კომედია უფრო ძნელი დასადგმელია, რატომ შეაჩერა არჩევანი თეატრმა მაინცდამაინც ”დონ პასკუალეზე”? იქნებ მხოლოდ დარბაზის შესავსებად? ხომ ფაქტია, რომ მთელ მსოფლიოში გაიზარდა მოთხოვნილება სანახაობრივ წარმოდგენებზე, ხომ ფაქტია, რომ ძალიან ხშირად ადამიანი ოპერაში იმიტომ მიდის, რომ პირობითი, ლამაზი, ფერადოვანი სანახაობით დატკბეს. მაია გაჩეჩილაძე ნაწილობრივ გვეთანხმება და შეგვახსენებს, რომ ასეთი წარმოდგენის დადგმას ბევრი ფული უნდა:

[მაია გაჩეჩილაძის ხმა] ”ფინანსებთან ნამდვილად არის დაკავშირებული. მე და გიორგი ნადირაძეს რაც გვქონდა ჩაფიქრებული სცენოგრაფიის თვალსაზრისით, - მე კოსტიუმებს არ ვეხები, რადგან კოსტიუმები მართლა ძალიან ლამაზი იყო, ჩვენ გვინდოდა უფრო თამაშში შემოსულიყო სცენოგრაფია, მაგრამ არ გამოგვივიდა ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებით, - უფრო გავამარტივეთ. საერთოდ, საოპერო სპექტაკლი არის ძალიან ძვირი სიამოვნება... უნდა იყოს ძვირი ბილეთი, დიდი ხელფასი უნდა ჰქონდეთ მომღერლებს... მე ვთვლი, რომ არ უნდა იყოს კუსტარულად გაკეთებული - მოვიდნენ მაშინ კონცერტზე და კონცერტს მოუსმინონ... ოპერა სინთეზური ხელოვნებაა, ამიტომ არ უნდა იყოს კუსტარული და იყოს ლამაზი.”

ქართულმა მედიამ თბილისის საოპერო თეატრის ეს პრემიერა, რბილად რომ ვთქვათ, ”ძუნწად” გააშუქა. პრემიერის დღეებში ტელევიზიები უფრო მოსკოვიდან ქეთა თოფურიას თბილისში ჩამოსვლით დაინტერესდნენ, ვიდრე დონიცეტის ოპერის უაღრესად ორიგინალური ინტერპრეტაციით. დღეს კიდევ არაფერია - მსახიობებს უხარიათ პრემიერა და სიამოვნებით მღერიან, მაგრამ თუ ახალ სეზონში ოპერის მიმართ პრესის დამოკიდებულება ასეთივე იქნება, მომღერლებს ენთუზიაზმი გაუქრებათ - ვიღაც საზღვარგარეთ წავა სამუშაოდ, ვიღაცას კი, თუნდაც ”დონ პასკუალეში”, მოძრაობაც დაეზარება სცენაზე და სიმღერაც.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG