Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ იღუპებიან მშვიდობიან დროს ჯარისკაცები


ჩვენი დღევანდელი სამხედრო პროგრამა “ჯარისკაცი და

სახელმწიფო” მძიმე თემას, მშვიდობიან პერიოდში სამხედრო ნაწილებში ჯარისკაცების დაღუპვას, შეეხება. ეს პრობლემა, რომელიც “ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოში ყველას მოგვარებული ეგონა, ბოლო სამი თვის განმავლობაში - მას შემდეგ, რაც გამჟღავნდა 5 ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტი - კვლავ მთელი სიმწვავით დადგა დღის წესრიგში. იმის გასარკვევად, თუ რა იწვევს სამხედროების დაღუპვას მშვიდობიან დროს, სამხედრო უწყებას და ჯარისკაცთა უფლებათდამცველებს დავუკავშირდი.

საქართველოს სამხედრო ძალებში სამი თვის განმავლობაში 5 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა - ერთი საზღვრის დაცვის დეპარტამენტის და 4 თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამხედრო ნაწილებში. ინფორმაცია ჯარისკაცთა დაღუპვის შესახებ სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართალმა და თავისუფლებამ” გაავრცელა. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა რადიო “თავისუფლებას” უთხრა, რომ სიკვდილის მიზეზი რამდენიმე შემთხვევაში კვლავ თვითმკვლელობა აღმოჩნდა. თუმცა რამ მიიყვანა ჯარისკაცები თვითმკვლელობამდე, ცნობილი არ არის.

[ირაკლი სესიაშვილის ხმა] “ჯერჯერობით ყველაფერი დაუდგენელია, რადგან გამოძიება არ არის დასრულებული. ასე რომ, ჩვენ უნდა ვთქვათ მხოლოდ ფაქტი: ეს არის სიკვდილი. ერთი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ეს უკვე დადასტურებულია და საქმე არის აღძრული. ერთი არის მკვლელობა, ერთი არის თვითმკვლელობა და ერთი არის კიდევ “რეზერვში” თვითმკვლელობა.”(სტილი დაცულია)

ჯარისკაცთა დაღუპვის ყველა ფაქტის გამოძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მონაწილეობდა. მაია ნიკოლეიშვილი, რომელიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელობდა, უფრო დეტალურად საუბრობს ერთ-ერთი ჯარისკაცის სიკვდილის გამომწვევ გარემოებებზე:

[მაია ნიკოლეიშვილის ხმა] “ იღუპება ფილტვების ანთებით გელაშვილი გორის წმინდა წყაროს ნაწილში. ჩამოჰყავთ ბოლოს სამხედრო ნაწილში, მაგრამ აბსოლუტური უყურადღებობა. დიაგნოზი, როგორც ჩანს, ვერ იყო სწორად დასმული თავის დროზე და პნევმონია იყო დაახლოებით ისეთი, 20-იან წლებში - ანტიბიოტიკების არარსებობამდე - რომ შეგვხვდებოდა.” (სტილი დაცულია)

მეორე შემთხვევა, რომელიც მაია ნიკოლეიშვილმა შეისწავლა, ჯარისკაცის თვითმკვლელობას ეხება. ივნისის თვეში სერჟანტმა კევლიშვილმა,“ორხევის” ბატალიონიდან, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა. თუმცა საბედისწერო გადაწყვეტილების მიღებამდე სერჟანტმა ახლობლებს დაურეკა.

[მაია ნიკოლეიშვილის ხმა] “თუ ნახევარ საათში მომისწრებთ, ბიჭები წამოვიდნენ, ბიძაშვილებმა წამოიყვანონ ბიჭები, იქნება მომისწროთ, მერე ვეღარ მომისწრებთ. მიდიან, კისრის მიდამოებშია ნასროლი, ახლო მანძილია აქაც, მაგრამ შუბლის მიდამოში მასაც აქვს რაღაც მკვრივი მყარი საგნით ზემოქმედების კვალი, რაც ეხლა დაცემით ძალიან ნაკლებსავარაუდოა. სუყველა ამ შემთხვევაში მიმდინარეობს გამოძიება.”(სტილი დაცულია)

გამოძიება მიმდინარეობს რეზერვისტ ნიკო ყიფიანის თვითმკვლელობის ფაქტზეც. ამ ბოლო შემთხვევამ ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია საქართველოში, რადგან ნიკო ყიფიანი თავად ასწავლიდა ხაშმის სკოლაში სამხედრო საქმეს, წერდა მოთხრობებს, იყო პატრიოტულად განწყობილი პედაგოგი და კახეთის რეზერვისტთა ბანაკში საკუთარი სურვილით წავიდა. 15 ივნისს - ერთი დღით, ადრე სანამ სამკვირიან შეკრებაზე წავიდოდა - ნიკო ყიფიანს 29 წელი შეუსრულდა. სარეზერვო შეკრებიდან ნიკო ყიფიანმა ორ დღეში დედას, ცარო ხარაშვილს, დაურეკა და სიხარულით უთხრა, რომ ბანაკს საქართველოს პრეზიდენტი ეწვეოდა და ეყურებინა ღამის საინფორმაციო გამოშვებებისათვის. გადის კიდევ ორი დღე და ცარო ხარაშვილი საკუთარ ვაჟს სახლში სულთმობრძავს პოულობს.
[ცარო ხარაშვილის ხმა] “ დაახლოებით 3 საათზე მეზობელთან ვიყავი, პური უნდა გამომეცხო მეზობლის თონეზე. რაღაც 15 წუთში შემოვბრუნდი და კარებში ზონარებგამომძვრალი ტუფლები დამხვდა ჩემი შვილის. დავიძახე, კარები ღია იყო. ხმა არავინ არ გამცა. შემოვედი ოთახში და რას ვხედავ - სისხლში ცურავს ჩემი შვილი, გულში ჰქონდა სანადირო თოფი მორტყმული თურმე. იმ წუთში მე რა ვიცოდი, რა ხდებოდა.”

მოგვიანებით ოჯახს აჩვენეს ნიკო ყოფიანის ხელით დაწერილი უკანასკნელი ბარათი, სადაც იგი დედას და დას ეთხოვება სიტყვებით: “გაუძელით, გიყვარდეთ ერთმანეთი, მე თქვენ არ შემირცხვენიხართ.” გარდაცვლილის დედა იმ დღის შემდეგ საგონებელშია. მას ვერავინ უთხრა, თუ რა მოხდა იმ ხუთი დღის განმავლობაში რეზერვისტთა შეკრებაზე ისეთი, რამაც მის შვილი აიძულა თავი მოეკლა. შვილმოკლულ დედას, რომელთანაც თანაგრძნობის სათქმელად არავინ მისულა, საკუთარი ვერსია აქვს:

[ცირა ხარაშვილის ხმა] “მას კონფლქიტი ჰქონდა ხელმძღვანელობასთან, რომელმაც დამალა ინფორმაცია და არ მისცა არავითარი ჩვენება რეპორტიორებს.”

მშვიდობიან დროს ზედიზედ 5 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვას დამოუკიდებელი ექსპერტები იმით ხსნიან, რომ სამხედრო ნაწილებში დისციპლინა დაქვეითდა და რუსულ “დედოვშჩინას” ქართული კუთხურობა ჩაენაცვლა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უფრო სტრატეგიულ ინტერესებზე გადართულ სამხედრო ხელმძღვანელობას, შესაძლოა, გამოეპარა რეალური ვითარება სამხედრო ნაწილებში. თუმცა, აი, რა განაცხადა ამ მოსაზრების პასუხად რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა ლევან ნიკოლეიშვილმა:
[ლევან ნიკოლეიშვილის ხმა] “ მე ვერ ვიტყოდი, რომ უშუალოდ “დედოვშჩინა” არის განვითარებული შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ, ეტყობა, მაინც იჩინა თავი სუსტმა და ძლიერმა მხარეებმა ჯარისკაცებს შორის. ეს მთლიანად საზოგადოებაშიც ხდება ესე, მაგრამ, რაც მთავარია, ამ მხრივ მუშაობა მიმდინარეობს და მთლიანობაში ეს პრობლემა, საბოლოო ჯამში, გადაიჭრება დადებითად, რაც განპირობებული იქნება იმით, რომ საკონტრაქტო სამსახურზე გადადის ბევრი ნაწილი და იქ უკვე ეს პრინციპი აღარ იარსებებს. იქ უკვე პროფესიონალიზმსა და სპეციალისტების მომზადების დონეზეა დამოკიდებული ის, თუ ვინ როგორ იქცევა.”(სტილი დაცულია)

საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პროფესიონალი ჯარისკაცები რომ უფრო იოლად ეგუებიან ყოფით სირთულეებს და მათ რიგებში რომ უბედური შემთხვევები და თვითმკვლელობები იშვიათი მოვლენაა, ამ აზრს იზიარებენ ჯარისკაცთა უფლებათდამცველები. თუმცა მათ არ ესმით ერთი რამ, კერძოდ, თუ რატომ გაურბის საზოგადოებასთან კონტაქტს და რატომ იკეტება კიდევ უფრო ღრმად თავის ნაჭუჭში სამხედრო ხელმძღვანელობა, როდესაც მშვიდობიან დროს იღუპებიან ჯარისკაცები; რატომ აქვთ აკრძალული სამხედრო ნაწილებში ვითარების მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომელთა მიმართ ანგარიშვალდებულია სამხედრო ხელმძღვანელობა და, საბოლოო ჯამში, მთელი ხელისუფლებაც.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG