Accessibility links

logo-print

გასული კვირის ქართული პრესა ბუნებრივად მიჰყვებოდა იმ დრამას, რომელიც სამშაბათს


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირის ქართული პრესა ბუნებრივად მიჰყვებოდა იმ დრამას, რომელიც სამშაბათს დაიწყო და თანდათან გადაფარა მეორე მოვლენა - მღელვარება თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტში. ინტერესი უნივერსიტეტის თანამშრომელთა სამდღიანი პროტესტისადმი სწრაფად ჩაანაცვლა ყურადღებამ გამოძალვაში ეჭვმიტანილი მოჭიდავეების დაპატიმრებისადმი. 29 ივნისის „ახალი ვერსია“, მაგალითად, ასე ეხმაურებოდა ალექსი დავითაშვილისა და გიორგი რევაზიშვილის დაპატიმრებას:

„მოჭიდავეებს კისერი საჯაროდ მოუგრიხეს. ვალის დაბრუნება, გამოძალვა თუ დიდი გაუგებრობა? ძნელია თქმა, რა ხდება სინამდვილეში. არაერთი ფაქტია დაფიქსირებული, როცა ფულის გამოძალვისათვის აკავებენ ადამიანებს, რეალურად კი ისინი საკუთარ ვალს ითხოვენ.“

30 ივნისს კი ამ საქმეზე გაზეთი „ალია“ აუწყებდა მკითხველს, რომ მოჭიდავეთა დაკავებიდან რამდენიმე საათში ზოგიერთი პარლამენტარი და ძიუდოს ნაკრების წევრები შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს შეხვდნენ, შემდეგ კი თავად დაკავებულებს და მათთან საუბრის შემდეგ თავი შეიკავეს აქციებისაგან. ერთი ინფორმაციით, დაკავებულები ბიზნესმენს თავიანთ ფულს კი არ სძალავდნენ, არამედ ე.წ. შუამავლობას ეწეოდნენ, ანუ, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, მევალეების თხოვნით, მოვალისაგან ფულს იღებდნენ.

უკვე პირველ ივლისს კი გაზეთი „რეზონანსი“ „კუნთების არშემდგარ რევოლუციას“ უწოდებდა წინა დღის მოვლენებს. სასამართლოს გადაწყვეტილებას, ბრალდებულთათვის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდებინა, დარბაზში ვნებათაღელვა მოჰყვა. სპორტსმენების გულშემატკივართა მხრიდან მოსამართლის მისამართით შეურაცხმყოფელი ხმამაღალი რეპლიკები გაისმა. მოჭიდავეები უწმაწური სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტსაც მოიხსენიებდნენ. მათ მაგიდები და დამცავი მოაჯირი დააზიანეს.“

შაბათის, 2 ივლისის, პრესაში კი უკვე გაცილებით მეტი წერია იმაზე, რაც დაპატიმრებულ მოჭიდავეთა მხარდამჭერების პროტესტს მოჰყვა საქართველოს პარლამენტშიც, არასამთავრობო ორგანიზაციებშიც და თბილისის ქუჩებშიც. გაზეთი „ახალი თაობა“ წერს, რომ 1 ივლისს თავისუფლების ინსტიტუტში შეკრებილმა პოლიტოლოგებმა და ექსპერტებმა რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები შეაფასეს. პრესკონფერენციის ორგანიზატორები აუცილებლად მიიჩნევენ, დადგეს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც უზენაესი სასამართლოს დარბაზის დარბევაში მონაწილეობდა. „ახალ თაობას“ მოჰყავს პოლიტოლოგ გია ნოდიას სიტყვები: „ბოლო დროს პოლიტიკური პროცესები არასასურველი მიმართულებით ვითარდება. ადამიანები, რომლებსაც მივიჩნევ დემოკრატიული ღირებულებების დამცველებად, ერთმანეთთან არა მხოლოდ დაპირისპირებაში არიან, არამედ სრულიად არაცივილიზებული მეთოდებით გამოხატავენ ამ დაპირისპირებას. თუ ასეთ დემოკრატიულ ელიტაში სხვაგვარად შეუძლებელია ურთიერთობის მოგვარება, მაშინ ძალიან რთულია ვიყოთ ოპტიმისტები და ვიფიქროთ საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე.“

გაზეთ „24 საათის“ სათაურით კი - “ჩხუბში გაპარული კანონი“ - მიხვდებით, რაზე ამახვილებს ის მკითხველის ყურადღებას. ამ სტატიაში წაიკითხავთ, რომ, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მტკიცებით, ხელისუფლებამ რუსთაველის გამზირზე და პარლამენტში წარმოდგენები იმიტომ მოაწყო, რომ მერის არჩევითობის საკითხი მეორე პლანზე გადასულიყო. თუ ეს მართლაც ასეა, გამოდის, რომ მიზანი მიღწეულია: თბილისის შესახებ კანონში მესამე მოსმენით ცვლილებების შეტანას და ამ ცვლილებათა საბოლოოდ მიღებას დეპუტატებმა სულ რაღაც 4 წუთი მოანდომეს, - წერს “24 საათი”.

გაზეთი “ალია” კი ასეთ გარემოებას ამხელს: „საუბარი ეხება ორგანიზებულ კრიმინალურ ჯგუფს, რომელიც სპორტულ სამყაროს წლების მანძილზე წურბელასავით აჯდა კისერზე და ამ სფეროს წარმომადგენლებს დანაშაულებრივ საქმიანობაში იყენებდა. ეს ჯგუფი შევარდნაძის დროიდან არსებობს და მისი კრიმინალური საქმიანობა სამარშრუტო ტაქსების ფულის გამოძალვისა და ადამიანთა გატაცების დანაშაულებრივ ფაქტებს შეიცავს,“ - წერს “ალია”.
XS
SM
MD
LG