Accessibility links

რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების კანონიერი და უკანონო ასპექტები

  • ნინო როდონაია

საქართველოს ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” პროტესტს გამოთქვამს თბილისში ხუთშაბათს გამართული აქციის მონაწილეთა ძალის გამოყენებით დაშლის გამო და

დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვს. ასოციაციის წევრები დაკავებულ პირთა მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის ყველაზე არადემოკრატიული მუხლის გამოყენებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპასუხისმგებლობა ჯერ კიდევ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებამდე გამოიჩინა.
მინდა ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სამართლებრივ განმარტებებზე მოგითხროთ:

სპეციალური დანიშნულების რაზმმა და საპატრულო პოლიციამ გამოიყენეს ძალა, რომელიც მანიფესტაციის დასაშლელად აუცილებელი არ იყო, რაც არღვევს არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას, არამედ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს - ამგვარად აფასებს ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” რუსთაველის გამზირზე ხუთშაბათს განვითარებულ მოვლენებს:

[ანა დოლიძის ხმა] ,,ძალის გამოყენება უნდა იყოს მიზნების თანაზომიერი. ხელკეტებით გამკლავება - მასობრივად ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ალაგ-ალაგ ხომ ამას ადგილი ჰქონდა, რისი საჭიროებაც საერთოდ არ არსებობდა - აი, ეს არის დარღვევა. ადამიანები დგანან, სპეცდანიშნულების რაზმი იღებს და ხელკეტებს ურტყამს.” (სტილი დაცულია)

,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ანა დოლიძე განმარტავს, რომ აქციის მონაწილეებს სრული უფლება ჰქონდათ არ დამორჩილებოდნენ იმ სამოქალაქო ფორმიანი პირების მოთხოვნას, რომლებიც შეკრების დაშლაში მონაწილეობდნენ:

[ანა დოლიძის ხმა] ,,იმ ადამიანებს, ვისაც ეს თანამშრომლები უყენებდნენ მოთხოვნებს, არავითარი ვალდებულება დამორჩილებისა არ ჰქონდათ, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა იმის იდენტიფიცირება, რომ ეს ადამიანები იყვნენ შსს-ს უფლებამოსილი წარმომადგენლები.” (სტილი დაცულია)

კანონი დაირღვა მაშინაც, როდესაც თავად მანიფესტანტებმა თბილისის მერიას აქციის ორგანიზების თაობაზე არაფერი აცნობეს. მიტინგებისა და მანიფესტაციების კანონით, ამ შემთხვევაში ადგილობრივი მმართველობითი ორგანო წინასწარ ინფორმირებული უნდა იყოს. თუმცა ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი ნიკა ძიმცეიშვილი განმარტავს, რომ ეს კანონი თბილისის მერიამაც დაარღვია:

[ნიკა ძიმცეიშვილის ხმა] ,,იგივე კანონი იცნობს დებულებას, რომელიც მიუთითებს, რომ ადგილობრივი მმართველობის ორგანო ვალდებულია თავისი წარმომადგენელი გააგზავნოს იმ ადგილას, სადაც ტარდება მანიფესტაცია და ხალხს განუმარტოს, თქვენი შეკრება არის უკანონო და დაიშალეთო. თუ ხალხი არ დაიშლება, ამის შემდეგ შესაძლებელია უკვე ჩართული იყოს სამართალდამცავი ორგანოები. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ასეთ გაფრთხილებას ადგილი არ ჰქონია.” (სტილი დაცულია)

,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამოც, რაც აქციის დაშლამდე საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოხდა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ განსასჯელთა მხარდამჭერების მიერ დარბაზის დარბევას ასოციაცია სასამართლოს შეურაცხყოფად აფასებს და მიიჩნევს, რომ პოლიციას კანონი სწორედ იმ მომენტში უნდა დაეცვა:

[ანა დოლიძის ხმა] ,,შსს ვალდებული იყო ადგილზევე გაეკეთებინა რეაგირება ამ ფაქტის მიმართ და სწორედ იქიდან აღეკვეთა არაკანონიერი ქმედებები. გულგრილობას შსს-ს მიერ მოჰყვა მოვლენების ისეთი განვითარება, რომელსაც ადგილი ჰქონდა.” (სტილი დაცულია)

ანა დოლიძის ინფორმაციით, მოვლენათა შემდგომი განვითარების შედეგად დაპატიმრებულ პირთაგან ამჟამად იზოლატორში იმყოფება 10 ადამიანი, მათგან ერთი არასრულწლოვანია, ცხრას კი - სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება. ეჭვმიტანილთა ნაწილი აცხადებს, რომ ისინი უშუალოდ აქციის მონაწილენი არ ყოფილან. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უპასუხისმგებლოს უწოდებს შსს-ს განცხადებას იმის თაობაზე, რომ დაკავებულთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება კოდექსის 226-ე მუხლით, რომელიც დაჯარიმებას ან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ანა დოლიძის შეფასებით, ეს მუხლი ერთ-ერთი ყველაზე არადემოკრატიულია:

[ანა დოლიძის ხმა] ,,ეს ადამიანები, ეს 10 პიროვნება, რომელსაც ეს ბრალდება აქვს წაყენებული, - გუშინდელ შეკრებაში მონაწილეობა, ან თუნდაც დასწრება, - უნდა გათავისუფლდნენ. შესაბამისად, მათ ბრალი არავითარ შემთხვევაში არ უნდა წაეყენოს.” (სტილი დაცულია)

,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” აცხადებს, რომ მანიფესტაციის მონაწილენი და ორგანიზატორები დემოკრატიულ სახელმწიფოში პატიმრობით არ უნდა ისჯებოდნენ და, ეჭვმიტანილთა სურვილის შემთხვევაში, მზად არის მათი ინტერესების დასაცავად. მიუხედავად კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციისა, იმის შესაძლებლობა, რომ დაკავებულ პირებს სწორედ პატიმრობას მიუსჯიან, საკმაოდ დიდია.
XS
SM
MD
LG