Accessibility links

logo-print

პოლიტიკური ოპოზიციის პირველი ხალხმრავალი საპროტესტო აქცია “ვარდების რევოლუციის” შემდგომ საქართველოში


ხელისუფლებას პოლიტიკური ოპონენტების პრეტენზიების არ ესმის, ხელისუფლების ოპოზიციას კი - ხელისუფლების ქმედებებისა. ამ ორ მხარეს შორის ურთიერთობა უფრო და

უფრო დაძაბული ხდება: პოლიტიკოსებს შორის კამათში მუშტი ერევა და, ამასთან ერთად, ოპოზიციის ლიდერების ორგანიზებით იწყება მოძრაობა ხელისუფლებიდან მომდინარე ძალადობის წინააღმდეგ. 1 ივლისს თბილისში, ვერის ბაღში, შედგა ხალხმრავალი საპროტესტო აქცია და ამ აქციის საშუალებით ოპოზიციონერმა ლიდერებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, უარი თქვას ძალადობაზე. რატომ გამწვავდა ურთიერთობა ხელისუფლებასა და მის პოლიტიკურ ოპოზიციას შორის და როგორ ვითარდებოდა მოვლენები 1 ივლისს საქართველოს პარლამენტში, შემდეგ კი ვერის ბაღში?


სახელისუფლებო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობა თბილისის მერის არჩევის წესზე კამათმა დაძაბა, მუშტი-კრივამდე კი საქმე ახლახან დაკავებული ცნობილი მოჭიდავეების მხარდამჭერთა საპროტესტო გამოსვლის წინააღმდეგ რუსთაველის პროსპექტზე სპეცრაზმის გამოყვანამ მიიყვანა. ოპოზიციის ლიდერებმა საჭიროდ მიიჩნიეს მისულიყვნენ იქ, სადაც ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს პოლიციის მთელ მანქანას უპირისპირებდა,ხელისუფლებამ კი ოპოზიციის ლიდერებს ეს ნაბიჯი კრიმინალებთან ალიანსში შესვლად შეუფასა.

[გიგი უგულავას ხმა] ”ოპოზიცია იცავს კალატოზასა და ჯღანას, რომელიც არის კრიმინალური ავტორიტეტი. ჩვენ აღარ გვაქვს საქმე ოპოზიციასთან, ჩვენ გვაქვს საქმე კრიმინალურ დაჯგუფებასთან.”

ასეთი შეფასებები გაკეთდა კანცელარიაშიც და პარლამენტშიც, პარლამენტის სხდომაზე, - მანამდეც, სანამ დეპუტატების მიერ რუსთაველის პროსპექტზე განვითარებული მოვლენების შეფასებას უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ჩხუბი მოჰყვებოდა და ამ ჩხუბის შემდეგაც, რაც, თავის მხრივ, გინებებს მოჰყვა. დედის გინებით, ჯერ იყო და, გივი თარგამაძემ უპასუხა კობა დავითაშვილს, რომელმაც მას კორუმპირებული უწოდა.

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ”შემდეგ გაარტყეს ხელი ბეჟან გუნავას, შემდეგ გიგა ბოკერიაც იგინებოდა, გუშინ გიგა ბოკერიამ შეაგინა ლევან ბერძენიშვილს, დღეს დაადასტურა, ღირსი ხარ და შეგაგინეო და ამიტომ გიგა ბოკერიასაც მოხვდა. ”

გიგა ბოკერიას დავით ბერძენიშვილმა დაარტა, სხვამ - ლაშა ნაცვლიშვილს და ასე შემდეგ. ამ აყალმაყალის შემდეგ ოპოზიციამ სხდომა დატოვა. პარლამენტის სხდომაზე წამოყენებული მოთხოვნა - რუსთაველის პროსპექტზე საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დაშლისთვის გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი - მან პარლამენტიდან ქუჩაში გაიტანა. პარლამენტში დარჩენილებმა კი წესრიგის აღსადგენად ზომების გატარებისათვის შინაგან საქმეთა მინისტრი შეაქეს. რუსთაველის პროსპექტზე წესრიგის დაცვის გამო შექება პოლიციამ და მისმა შეფმა პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტისგანაც მიიღო. აშკარაა, რომ პრეზიდენტი ოპოზიციისგან არ მიიღებს წინადადებას, რომელიც მას უკვე ვერის ბაღში გამართულ ხალხმრავალ საპროტეტსო მიტინგზე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა დავით ბერძენიშვილმა შესთავაზა:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ”ჩვენ მოვუწოდებთ სააკაშვილს, თუ მას არ სურს ვადაზე ადრე გაპანღურება, მიიღოს ჩვენი ახალი წინადადება: სააკაშვილი - მერაბიშვილის გარეშე. თუმცა მერაბიშვილი ერთადერთი არ არის, ვინც ამ ხელისუფლების ტვირთია.”

ვერის ბაღში 1 ივლისს პოლიტიკური ოპოზიციის და მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია შედგა და შეიძლება იმის თქმა, რომ ეს იყო ხელისუფლების წინააღმდეგ პირველი სერიოზული საპროტესტო გამოსვლა “ვარდების რევოლუციის” შემდგომ საქართველოში. საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ ორგანიზებულ შეკრებას შეუერთდნენ არასაპარლამენტო ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლები - მათ შორის, ლეიბორისტები, თავიანთი ლიდერით - და, რაც ყველაზე საყურადღებოა, საკმაო რაოდენობის ხალხი. ვერის ბაღში შეკრებილი რიგითი მოქალაქეების განწყობა, დამოკიდებულება ხელისუფლების პოლიტიკისა და მისი ქმედებების მიმართ ასეთი იყო:

[ერთ-ერთი მოქალაქის ხმა] ”მსგავსი გარყვნილება და დოყლაპიობა, რაც დღევანდელ ხელისუფლებაშია, საქართველოში არასდროს არ ყოფილა. პრეზიდენტი ფიქრობს ორ რამეზე - ეს არის მისი ვოიაჟები და გართობა და მისი გუნდის კეთილდღეობა. ხალხს რომ ფეხებზე იკიდებს, ეს დღესაც გამოვლინდა, როცა პარლამენტში მესამე მოსმენით მიიღეს კანონი თბილისის მერის არჩევნების შესახებ. ”

[ერთ-ერთი მოქალაქის ხმა] ”აქტიური მხარდამჭერი ვიყავი ნოემბრის აქციების, მაგრამ მე არ ვიდექი იქ იმისთვის, რომ ხელისუფლებას დაეშვა იგივე შეცდომები, რასაც უშვებდა შევარდნაძე. მე ვხედავ, რომ დღეს ხელისუფლება აკეთებს იმაზე ცუდს, რასაც აკეთებდა შევარდნაძე. ”


სახელისუფლებო უმრავლესობის სხვადასხვა წარმომადგენლების მიერ კრიმინალურ ოპოზიციად მონათლული ოპოზიციის ლიდერებმა ვერის პარკში სიტყვა “კრიმინალური” სააკაშვილის ხელისუფლების მისამართით ახსენეს. გაიხსენეს სააკაშვილის ხელისუფლების მიერ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენების სხვადასხვა პირდაპირი და ირიბი მაგალითები - მათ შორის, მერის პირდაპირი გზით არჩევითობაზე უარის თქმაც - და საზოგადოებას შემდეგნაირი დაპირება მისცეს:

[დავით გამყრელიძის ხმა] ”როცა ხელისუფლება დააპირებს თქვენ წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, ჩვენი ვალია ვიდგეთ თქვენთან ერთად - დაე, ჩვენ მოგვხვდეს პირველი ხელკეტები, პირველი ტყვიები, ვიდრე მშვიდობიან მოსახლეობას, ვიდრე ქალებს, ბავშვებს, გამვლელებს ავტომატები მოუღერონ.”


ეს იყო მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერის დავით გამყრელიძის გამოსვლა. ვერის ბაღში შეკრებილ საზოგადოებას ოპოზიციის სხვა ლიდერებმაც მიმართეს. ისინი ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ ხელისუფლების მხრიდან ძალადობის გამოვლინებების მკვეთრი რეაგირების გარეშე დატოვება ამ ქვეყანაში ძალადობის ტალღას უფრო და უფრო ააგორებს, რომ საზოგადოება არ უნდა შეშინდეს და აქტიურად უნდა გააპროტესტოს ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც ქვეყანას ავტორიტარიზმისაკენ მიაქანებს. მაგრამ რისი შეცვლა შეუძლია ასეთ მოწოდებებს, ანდა ისეთ აქციას, როგორიც პარასკევს ვერის ბაღში გაიმართა?

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] ”ხელისუფლებას ასეთი მიტინგები არ აშინებს, მას აშინებს დიდი მიტინგები. მისთვის რაოდენობას აქვს მნიშვნელობა და არა განწყობას. ის ვერ გრძნობს ღირებულით სხვაობას - ხომ შეიძლება უმცირესობა მართალი იყოს, მაგრამ ამას მისთვის მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია ბევრი არ იყოს ეს ხალხი. ანუ ოპოზიციას უბიძგებს მის თამაშზე გადასვლას, მის თამაშზე გადასვლა კი ნიშნავს ქვეყანაში უკონტროლო სიტუაციის შექმენას. ” (სტილი დაცულია)

ეს გახლდათ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის პაატა ზაქარეიშვილის კომენტარი. მისი თქმით, ძალას, რომელსაც თავად წარმოადგენს, არანაირად არ სურს ქვეყანაში მორიგი უკონტროლო სიტუაცია, მაგრამ ხელისუფლება თავისი ქმედებებით ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნის საბაბს სერიოზული საპროტესტო მღელვარების აგორებისთვის, რაზეც სწორედ ის არის პასუხისმგებელი და არა ოპოზიცია.
XS
SM
MD
LG