Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა საკითხებთან დაკავშირებით აპირებენ ოპოზიციის ლიდერები სამომავლოდ შეთანხმებულ მოქმედებას


გასული კვირის მიწურულს საპარლამენტო ოპოზიციამ სცადა იმის დამტკიცება, რომ, რიცხობრივი სიმცირის მიუხედავად, ძალუძს ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდეს.

საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა უმრავლესობის წარმომადგენლებს აჩვენეს, რომ მუშტის გამოყენება მათაც შეუძლიათ და, რაც უფრო საყურადღებოა, აჩვენეს, რომ შეძლებიათ ხელისუფლების წინააღმდეგ ხალხის ქუჩაში გამოყვანა. პირველსავე დაძახილზე ვერის ბაღში 3000-მდე კაცის მობილიზება საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა იმის დადასტურებად მიიჩნიეს, რომ მათ მოთხოვნებს, მათ განწყობილებას საზოგადოებაში მხარდაჭერა აქვს. როგორ იმოქმედებს ამის შემდეგ ოპოზიცია, აირჩევს თუ არა ის ქუჩას პოლიტიკური ბრძოლის ასპარეზად?


[დავით გამყრელიძის ხმა] ”მე ვიცი, რომ თქვენ უკვე აღარ მოგეთხოვებათ გონიერება, ნაკლებად არის მოსალოდნელი თქვენგან გონივრული მოქმედებები, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებელი ჩვენს ქმედებებზე. ”

ამ სიტყვებით დავით გამყრელიძემ ხელისუფლებას ვერის ბაღში შემდგარი საპროტესტო მიტინგიდან მიმართა. მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერის მსგავსად, არც სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები ელიან მაინცდამაინც გონივრულ მოქმედებას ხელისუფლებისგან, მათ შორის, პირადად პრეზიდენტისგან. მიხეილ სააკაშვილის რევოლუციამდელი თანამებრძოლი ზვიად ძიძიგურიც ფიქრობს, რომ სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კრიტიკის მიმართ დამოკიდებულება კარდინალურად შეიცვალა:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] ”ის, როცა არ ფლობდა ძალაუფლებას, ძალზედ კარგად ღებულობდა კრიტიკულ აზრს, ადეკვატურად აფასებდა ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას და, რაც მთავარია, ჰქონდა ყოველდღიური ურთიერთობა საკუთარ ხალხთან. დღეს ამ ბედნიერებას ის მოკლებულია და, აქედან გამომდინარე, მისი ქმედებები არის შეუსაბამო. ”

შეუსაბამო სიტუაციასთან, შეუსაბამო საზოგადოების მოთხოვნილებებთან - ასე აფასებს ძიძიგური ხელისუფლების ქმედებებს, მის გადაწყვეტილებებს და ამაში გულისხმობს იმ ყველაფერს, რამაც მას და მის თანამოაზრეებს გასულ კვირაში საპროტესტო აქციის ჩატარება გადააწყვეტინა. ამ აქციაზე კი, როგორც ცნობილია, მოხდა დაპირისპირება ძალადობასთან, რაშიც მერის პირდაპირი გზით არჩევაზე უარის თქმაც იგულისხმებოდა. რა იქნება შემდეგ? გახდება თუ არა ქუჩის საპროტესტო აქციები ოპოზიციისთვის პოლიტიკური ბრძოლის მთავარი იარაღი? - ამ საკითხისადმი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. კონსერვატორების წარმომადგენელი ზვიად ძიძიგური ფიქრობს, რომ საპროტესტო გამოსვლები აუცილებლად უნდა გაგრძელდს , რესპუბლიკელ დავით ბერძენიშვილს კი მიაჩნია, რომ ამ ეტაპისთვის ჯობს ოპოზიციამ დაძაბული ურთიერთობა ხელისუფლებასთან კონფრონტაციაში კი არა, კონკურენციაში გადაიყვანოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაც კონკურენციას აირჩევს და არა კონფრონტაციას:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ” რაც უფრო მალე დაბრუნდება - თუნდაც მძიმე ფორმებით, მაგრამ თანაარსებობის პირობით - პოლიტიკური დებატები პარლამენტში და მედიაში, უკეთესია. წინ არის სარეფერენდუმო პროცესი, შუალედური არჩევნები, ასე რომ, პოლიტიკური ბრძოლისთვის ასპარეზი არის, თუ, რა თქმა უნდა, ხელისუფლება არ აირჩევს ღია კონფრონტაციის გზას. ”

ამ ორ გზას შორის არჩევანი ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, - მიაჩნია დავით ბერძენიშვილს. რაც შეეხება ოპოზიციას, ის ფიქრობს, რომ მას აუცილებლად მოუწევს კოორდინაცია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, პირველ რიგში კი, შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებზე ურთიერთშეთანხმებული კანდიდატურების დასახელებასთან დაკავშირებით.” ამისთვის, შესაძლოა, შევიმუშაოთ უფრო ეფექტური წინადადება, ვიდრე წინასწარი სარეიტინგო არჩევნების ჩატარების წინადადებაა, რადგან ასეთი არჩევნები ხელისუფლებამ, შესაძლოა, კონფრონტაციისთვის გამოიყენოს, ” - აღნიშნავს დავით ბერძენიშვილი. არც ის და არც ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები სამომავლოდ არ გამორიცხავენ ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს შექმნას, თუმცა ეს ჯერჯერობით მხოლოდ იდეაა. მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა ამ კონკრეტული იდეის რეალიზაცია, ოპოზიციას რომ კოორდინაცია მოუწევს, ამაში ოპოზიციური ლიდერები თანამოაზრეები არიან.
XS
SM
MD
LG