Accessibility links

რატომ ჭიანურდება თბილისის აეროპორტის მშენებლობის დაწყება


საქართველოს ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა ჯერაც არ დაწყებულა. თბილისის აეროპორტის ადმინისტრაცია,

რომელიც ამ პროექტში ქართულ მხარეს წარმოადგენს, მშენებლობის დაწყების კონტრაქტით განსაზღვრული ვადების დარღვევას იმას მიაწერს, რომ მშენებლობაზე პასუხისმგებელმა, 3 კომპანიისგან შემდგარმა, კონსორციუმმა ფინანსური გარანტია ვერ წარმოადგინა. სწორედ ამიტომ ამ კონსორციუმს უარი ეთქვა აეროპორტის პროექტში შემდგომ მონაწილეობაზე. ქართულმა მხარემ გადაწყვიტა, რომ თანამშრომლობას მხოლოდ კონსორციუმის ყოფილ წევრთან, თურქეთის კომპანია ”ჩელებთან”, გააგრძელებს.

საქართველოს ხელისუფლების დაპირებისამებრ, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი 2006 წლის 26 მაისს უნდა გაიხსნას. ამ მიზნის მისაღწევად ჯერჯერობით არაფერია გაკეთებული, თუ არ ჩავთვლით 24 მაისს, აეროპორტის მშენებლობის ოფიციალურად დაწყებისას, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ამოთხრილ მცირე ზომის ორმოს.

[სააკაშვილის ხმა] ”ახლა მე... თუ ყველას გეზარებათ, მე დავიწყებ მშენებლობას.”

სააკაშვილმა კი დაიწყო, მაგრამ მშენებლობის გამგრძელებელი აღარავინ აღმოჩნდა. არადა, ორიოდე თვის წინ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ დიდი ენერგია მოახმარა საკუთარი გადაწყვეტილების დაცვას, იმ გადაწყვეტილებისა, რომლის მიხედვითაც აეროპორტის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად ცნობილ იქნა სამი კომპანიისგან შემგარი კონსორციუმი.

პესიმისტების პროგნოზი გამართლდა, თურქეთის ”ჩელების”, ლუქსემბურგის ”ჯი-თი-ესის” და შეერთებული შტატების ”ეი-ენდ-ჯეის” მიერ შემდგარმა კონსორციუმმა პირობის დაცვა ვერ შეძლო და, არათუ მშენებლობა დაიწყო, არამედ ფინანსური გარანტიაც კი ვერ წარმოადგინა. თბილისის აეროპორტის გენერალური დირექტორის ნიკოლოზ მანჯგალაძის განცხადებით, ფინანსური გარანტიის უქონლობის გამო კონსორციუმთან თანამშრომლობა შეწყდა:

[ნიკოლოზ მანჯგალაძის ხმა] ”ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რით დასრულდა ეს ყველაფერი, დასრულდა იმით, რომ “ჩელები”, რომელიც იყო კონსორციუმის ერთ-ერთი მონაწილე... მოხდა ხელშეკრულების ნოვაცია და დარჩა ერთი მოთამაშე, “ჩელები”, რომელიც უზრუნველყოფს ყველა იმ ფუნქციას, რაც იყო გადანაწილებული 3 კომპანიაზე.”(სტილი დაცულია)

ნიკოლოზ მანჯგალაძის განცხადებით, ხელახალი ტენდერი იმიტომ არ გამოცხადდა, რომ ურთიერთობა კვლავ ძველ მოთამაშესთან გაგრძელდა.

ტენდერის გარეშე აეროპორტის ახალი მშენებელი კომპანიის გამოვლენის კომენტირება ჯერჯერობით ვერავინ შეძლო, რადგან ოფიციალურ ინფორმაციას არავინ ფლობს. ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკო ლეკიშვილიც კი მხოლოდ ძველ შეცდომებზე ამახვილებს ყურადღებას:

[ნიკო ლეკიშვილის ხმა] ”საერთოდ ტენდერი ჩატარდა აჩქარებულად, ძალიან ბევრი ხარვეზები ჰქონდა, აი, ამ ტენდერს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ რაღაც მოხდა. 60 მილიონის ათვისება 1 წელში მე არარეალურად მეჩვენება, მით უმეტეს, რომ ჯერ არაფერია დაწყებული.”

მიუხედავად ნიკო ლეკიშვილის ეჭვებისა, რომელსაც, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრები, ასევე ოპოზიციონერებიც გამოთქვამენ, აეროპორტის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ახალი აეროპორტის მშენებლობა ადრე გამოცხადებულ ვადებში დასრულდება. ნიკოლოზ მანჯგალაძის განცხადებით, ამის გარანტიას კომპანია ”ჩელები” იძლევა:

[ნიკოლოზ მანჯგალაძის ხმა] ”26 მაისისთვის შეგიძლიათ დაჯავშნოთ ბილეთები ახალი აეროპორტიდან.”

საინფორმაციო სააგენტო “კავკას-პრესის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩელების” ყოფილი პარტნიორი კონსორციუმის წევრი ”ჯი-თი-ესი” ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივილს აპირებს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. ნიკოლოზ მანჯგალაძე კი ირწმუნება, კონსორციუმის დაშლა ქართულ მხარეს არ ეხება და სასამართლოც არ გვემუქრებაო.
XS
SM
MD
LG