Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი ასტანაში


რუსეთის, ჩინეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ლიდერებმა დღეს თავი მოიყარეს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში,

სადაც გაიხსნა ე.წ. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცის ორდღიანი სამიტი. უმაღლეს დონეზე შეხვედრა ნათლად წარმოაჩენს ჩინეთის მზარდ მისწრაფებას, გავლენა გააძლიეროს ცენტრალურ აზიაში და გზა გაიკაფოს რეგიონის ენერგომატარებლებისკენ. ამასთან, პეკინს რუსეთთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაც აინტერესებს.

ასტანაში გახსნილი სამიტი პეკინისთვის არის შანსი, კიდევ ერთხელ სცადოს გააძლიეროს ორგანიზაცია, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა "შანხაის ხუთეულის სახელწოდებით" და რომელსაც იგი რეგიონში საკუთარი ინტერესებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას ანიჭებს.

მოუსმინეთ რეგიონის ექსპერტს უპსალის უნივერსიტეტიდან, ნიკლას სვანსტრომს, რომელმაც ჩვენს რადიოს მისცა ინტერვიუ:

[სვანსტრომის ხმა] "ჩინელებს იმედი აქვთ, რომ გააძლიერებენ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას. რუსებს მაინც და მაინც არ სურდათ მონაწილეობა. არც უზბეკებს, ვინაიდან უზბეკები გრძნობენ, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია ასუსტებს მათს, როგორც ცენტრალური აზიის ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს, გავლენას. რუსები კი ამბობენ: რატომ ვიქონიოთ მათთან მრავალმხრივი ურთიერთობები, როცა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობები შეგვიძლია გვქონდესო?"

სვანსტრომის აზრით, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის გაძლიერებით ჩინეთი ორ ძირითად მიზანს ისახავს. პირველი მიზანია რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფა.

[სვანსტრომის ხმა] "თუკი ცენტრალური აზია არასტაბილური იქნება, ჩინეთისთვის უფრო ნაკლებ ხელმისაწვდომი გახდება ნავთობი და გაზი. ეს საკითხი, ცხადია, უფრო მწვავედ დგას ყაზახეთთან დაკავშირებით, ვიდრე ცენტრალური აზიის რომელიმე სხვა ქვეყანაში."

ყაზახეთისა და ჩინეთის დამაკავშირებელი 988-კილომეტრიანი ნავთობსადენის გახსნა 16 დეკემბრისთვის არის დაგეგმილი.

სტაბილურობის მისაღწევად პეკინი პარტნიორებთან თანამშრომლობას ესწრაფვის შეიარღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეშიც.

ჩინეთის მეორე მიზანია რეგიონში სეპარატიზმის, მათ შორის ჩინეთში მცხოვრები უიგურების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება. კვლავ სვანსტრომს მოუსმინეთ:

[სვანსტრომის ხმა] "ჩინელებს ეჭვი აქვთ, ანდა მიაჩნიათ, რომ უიგურებს ცენტრალური აზიის ქვეყნები უწევენ დახმარებას. აუცილებლად მთავრობები კი არა, არამედ - მოსახლეობა. გარკვეული სიმართლე არის ალბათ იმაში, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ზოგიერთ წევრ ქვეყანაში უიგურებს საკმაოდ დადებითად უყურებენ."

მაგრამ ეს ორმხრივი ინტერესი შესაძლოა არ იყოს საკმარისი საიმისოდ, რომ ჩინეთმა უფრო ძლიერი როლი ითამაშოს ცენტრალურ აზიაში.

საქმე ისაა, რომ რეგიონის ქვეყნები, მართალია, ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავებას ესწრაფვიან, მაგრამ ძალიან უფრთხიან პეკინის გავლენის ზრდას. მათ არ სურთ, რომ რუსეთის დომინირება ჩინეთის დომინირებით შეიცვალოს. ასტანის სამიტი ჩინეთს შანსს აძლევს გააქრწყლოს ამგვარი შიშები.

სამშაბათს, სამიტის პირველ დღეს, ექვსი მონაწილე ქვეყნის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც გმობს მათ შინაურ საქმეებში გარედან ჩარევას. ძნელი განსაჭვრეტი არ არის, რომ ეს განცხადება რეგიონში შეერთებული შტატების მზარდი გავლენის წინააღმდეგ არის მიმართული.

დეკლარაცია შეიცავს შეერთებული შტატებისადმი მოწოდებას, რომ მან დათქვას უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან თავისი ჯარების გაყვანის ვადა. სამიტის წევრები ასევე მოითხოვენ ავღანეთიდან ამერიკის ჯარების გაყვანის ვადის გამოცხადებას.
XS
SM
MD
LG