Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი ჟურნალისტები სპეციალურ განცხადებას ამზადებენ


ერთდღიანი შესვენების შემდეგ, სამშაბათს, ტელეკომპანია ,,მზის” საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა განაახლა. თუმცა, არსებული ინფორმაციით, უახლოეს ხანში

ტელეარხი საინფორმაციო პროგრამების გარეშე დარჩება, რასაც ოფიციალურად ტელეკომპანიის კონცეფციის შეცვლითა და რეორგანიზაციით ასაბუთებენ. დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მაუწყებლობის ერთი დღით შეწყვეტას წინ უძღოდა მედიისადმი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ გამოთქმული უკმაყოფილება და ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ივლისიდან სახელმწიფო დაწესებულებები პრესას აღარ იღებენ. რა სახის საპასუხო განცხადებას ამზადებენ ჟურნალისტები?

რატომ ვერ შეკრიბა მეფე ერეკლემ აღა-მაჰმად ხანის წინააღმდეგ საბრძოლველად 3 ათასზე მეტი მებრძოლი? - ეს შეკითხვა საქართველოს პრეზიდენტმა ტექნიკურ უნივერსიტეტში გამოსვლისას ორშაბათ საღამოს დასვა და თავადვე უპაუხა: ჯერ ერთი, იმიტომ რომ მაშინ ტელევიზია არ არსებობდა და ტელეფონით ვერსად დარეკავდი და, მეორეც, სააკაშვილის შეფასებით, მაშინდელი საქართველოს ,,ფიარი,” ,,მარკოზაშვილის დარბაზი” , ხალხს მტრის სიმრავლით აშინებდა. რამდენიმე ხნის წინ, როდესაც პრეზიდენტი საგანგებო ბრიფინზე პასუხობდა მათ, ვინც ხელისუფლებას მხოლოდ საჩვენებელი მოქმედების გამო საყვედურობდა, მიხეილ სააკაშვილს არ დაუმალავს, რომ მედიისეული კრიტიკა მისასალმებელი არ არის:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ,,ძირითადად, ხელისუფლების მიმართ ყველა გაზეთში და არხში, არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, ძირითადად, არის, ნუ, კრიტიკა. ეს არის ჩვეულებრივი და ამას მე, ვერ გეტყვით, რომ მივესალმები, მაგრამ ამას ვიღებ, რომ ეს ასეა.” (სტილი დაცულია)

პირველი ივლისიდან სახელმწიფო დაწესებულებები გაზეთებს აღარ იწერენ. ოფიციალური მიზეზი ზედმეტი ხარჯია, რადგან, როგორც ირკვევა, მოხელეები პრესას არ კითხულობენ. არაოფიციალური ვერსიით კი, ხელისუფლებას კრიტიკული საგაზეთო პუბლიკაციები არ მოსწონს.
ამ ფაქტის გამო ,,მედია-კლუბის” ინიციატივით გამართული შეხვედრისას ჟურნალისტები ერთხმად აღიარებდნენ, რომ ხელისუფლება მედიას საფრთხეს უქმნის, - ამბობს ,,მედია-კლუბის” თავმჯდომარე მაგდა პოპიაშვილი:

[მაგდა პოპიაშვილის ხმა] ,,ეს გამოჩნდა 1 ივლისსაც, მაშინ, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თითები გვიქნიეს პირდაპირი სატელევიზიო ეთერებიდან. ეს უკვე იყო ძალიან საშიში სიმპტომი იმისა, რომ ხელისუფლება, ალბათ, თუ მოუნდა, გააქრობს საინფორმაციო სივრციდან ყველაფერს, რაც მათ არ დასჭირდებათ.”(სტილი დაცულია)

ორშაბათს მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა ტელეკომპანია ,,მზემ,” რომლის ერთ-ერთი მფლობელი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ძმა დავით ბეჟუაშვილია. სამშაბათს არხმა მაუწყებლობა განაახლა, რამდენიმე საინფორმაციო პროგრამაში კი, ენერგოკრიზისისა და თბილისის ერთ უბანში ადმინისტრაციულ ინსპექციასთან წარმოქმნილი დავის გარდა, პრეზიდენტის მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული საკანონმდებლო ინიციატივა და ჟურნალისტების მიერ, ასევე ორშაბათს, ხელისუფლების წინაშე გამართული მოდების ჩვენება გააშუქა. თავად ,,მზის” წარმომადგენლებმა ოფიციალურ ზეპირ განცხადებაში განმარტეს, რომ ტელეკომპანიის დახურვის ინფორმაცია არასწორია და რომ არხის ახალი კონცეფცია მზადდება. მიუხედავად ამისა, უკვე წარმოქმნილ ეჭვს აძლიერებს რამდენიმე ხნის წინანდელი ფაქტი, როდესაც პროგრამა ,,არჩევანის ზღვარზე,” რომლის თემაც პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება იყო, ტრადიციულად აღარ განმეორდა. მაგდა პოპიაშვილი იხსენებს, რომ მაშინაც საუბარი არხის რეორგანიზაციაზე იყო:

[მაგდა პოპიაშვილის ხმა] ,, იმას, რომ ცუდად არის ,,მზის” საქმე, პირად საუბრებში, რა თქმა უნდა, მისივე თანამშრომლები ადასტურებენ. თუმცა ღიად რატომღაც ჯერ კიდევ ერიდებიან ამის დადასტურებას. მე არ ვიცი, შეიძლება ისინი რაიმეს ელიან - ან კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას არხის ხელმძღვანელობის მხრიდან, ან საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებას ვერ ახერხებენ.” (სტილი დაცულია)

პოზიცია იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება მედიის საქმიანობაში არ უნდა ჩაერიოს და მუქარის ტონზე უარი თქვას, ჩამოყალიბებულია მედია-კლუბის ინიციატივით მომზადებულ განცხადებაში, რომლის ხელმოწერა ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია. მედია-კლუბის თავმჯდომარე ამბობს, რომ ორი დღის წინ ხელმოწერისთვის მზადყოფნა თითქმის ერთსულოვანი იყო, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ჟურნალისტთა ერთმა ნაწილმა, შესაძლოა, თავი შეიკავოს. მიმართვაში, რომელიც ამ დღეებში გამოქვეყნდება, ჟურნალისტები საერთაშორისო ორგანიზაციებისგან საქართველოს ხელისუფლებისა და მედიის ამჟამინდელ ურთიერთობაში აქტიურად ჩარევას ითხოვენ.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG