Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობამ დღგ 18 პროცენტამდე შეამცირა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოში დამატებული ღირებულების 20 პროცენტიანი გადასახადი 2 პროცენტით შემცირდა. გასული წლის ბოლოს მიღებულ ახალ საგადასახადო კოდექსში დღგ-ს შემცირების

შესახებ მუხლი მთავრობამ 6 თვით გადაავადა და იგი ძალაში 1 ივლისიდან შევიდა. რა ეფექტი შეიძლება გამოიღოს ამ ცვლილებამ, ერთი მხრივ, ბიზნესისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტისათვის?
ოპოზიციის გარკვეული შიშის მიუხედავად, მთავრობამ ამჯერად პირობა შეასრულა და დამატებული ღირებულების გადასახადი 20-დან 18 პროცენტამდე შეამცირა.
ახალი საგადასახადო კოდექსი პარლამენტმა გასული წლის ბოლოს მიიღო, იგი 2005 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, თუმცა კოდექსის მიღების დროს მთავრობამ დღგ-ს 18-პროცენტიანი გადასახადის ამოქმედება 2005 წლის 1 ივლისისათვის მოითხოვა. როგორც მაშინდელი ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი აცხადებდა, მთავრობას შესასრულებელი ჰქონდა მთელი რიგი ვალდებულებები, რომლისთვისაც საჭირო იყო დამატებითი სახსრები. აღნიშნული სახსრების მოძიება კი დღგ-ს 18-პროცენტამდე შემცირების პირობებში შეუძლებელი იქნებოდა.
ოპოზიცია ფიქრობდა, რომ მთავრობას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში თანხების მობილიზების კუთხით პრობლემა შეექმნებოდა, რის გამოც დღგ-ს 20-პროცენტიან განაკვეთს 2005 წლის 1 ივლისიდანაც დატოვებდა ძალაში. თუმცა სკეპტიკოსთა ეს პროგნოზი არ გამართლდა, თანაც ბიუჯეტს ჯერჯერობით თანხების მობილიზების პრობლემა არ უდგას, უფრო პირიქით - საგადასახადო შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით სრულდება, ამასთან, როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, 2005 წლის მეორე ნახევრის გეგმა დღგ-ს 18-პროცენტიანი განაკვეთის მიხედვით არის დაგეგმილი, ამიტომ ამ კუთხით მთავრობა ცვლილებებს არც გეგმავდა.
დამატებული ღირებულების გადასახადის 2 პროცენტიან შემცირებას ხელისუფლება ბიზნესისათვის საგადასახადო ტვირთის სერიოზულ შემსუბუქებად აფასებს. სხვაგვარად ფიქრობენ ეკონომიკური ექსპერტები. ნიკო ორველაშვილს მიაჩნია, რომ დღევანდელი საგადასახადო ადმინისტრირების პირობებში, როდესაც გადამხდელი თავისი უფლებების დაცვას, ფაქტობრივად, მოკლებულია, ამ ტიპის შემცირებას ბიზნესისათვის მაინცდამაინც დიდი შეღავათის მიცემა არ შეეძლება.
[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”დღგ 20% იქნება 22 თუ 30, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს დღეს, როდესაც საგადასახადო ორგანოს მიცემული აქვს გეგმა, ეს გეგმა გაწერილია რომელიღაც კაბინეტში გადამხდელებზე და ვინ რამდენი უნდა გადაიხადოს, წინასწარ აქვთ მათ შედგენილი პროგნოზი. ეს ძალიან ჰგავს იმ რეალობას, როდესაც თქვენ შეგრაცხავენ მგლად და მერე თქვენ უნდა ამტკიცოთ, რომ ხართ კურდღელი.” (სტილი დაცულია)
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, ფინანსთა სამინისტროს რწუნებით, იგი დამატებული ღირებულების გადასახადის შემცირებით არ დაზარალდება, რადგან 1 ივლისიდან მათ შემოსავლების გეგმა ისედაც შემცირებული გადასახადის გათვალისწინებით ჰქონდათ დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG