Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ეროვნული ცენტრის მონაცემთა თანახმად


ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ეროვნული ცენტრის მონაცემთა თანახმად, საქართველოში აივ-ინფიცირებულთა რაოდენობამ

მიმდინარე წელს საგრძნობლად იმატა. მარტო გასული 1 თვის - ივნისის -განმავლობაში აივ-ინფექცია შიდსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთაგან 18 მამაკაცია, 5 - ქალი. აქედან 13 პირი ნარკოტიკების მოხმარების, 5 ჰეტეროსექსუალური, ხოლო 4 ჰომოსექსუალური გზით დაავადდა. ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 30-35 წელს შეადგენს.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში არსებული სტატისტიკის მიხედვით, 2005 წლის 6 თვის განმავლობაში აივ-ინფექცია შიდსის 102 შემთხვევაა დარეგისტრირებული. ციფრი შარშანდელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია. გასულ 2004 წელს 12 თვეში 70 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

[ლელა კურდღელაშვილის ხმა] ” რამდენი ადამიანი არ მისულა იქ, ანუ რამდენია ისეთი ინფიცირებული, რომელმაც არ იცის თავისი სტატუსის შესახებ. სხვადასხვა ვერსიებით, ზოგი სამზე ამრავლებს ამ რაოდენობას, ზოგი ოთხზე, ზოგი უფრო მეტზე. სადღაც 2500-ზე მეტი ითვლება, რომ არის აივ-ვირუსის მატარებელი საქართველოში.”(სტილი დაცულია)

როგორც საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრ “თანადგომის” პროექტ “ჯანსაღი მომავლის ინიციატივის” კოორდინატორი ლელა კურდღელაშვილი განმარტავს, საქართველოში შიდსის ახალი შემთხვევების წლიდან წლამდე მატება არანაირად არ უკავშირდება რაიმე განსაკუთრებულ გარემოებას, ერთის გარდა: ქვეყანაში დინამიკურად ძლიერდება აივ-შიდსით ინფიცირების პროფილაქტიკაზე მომუშავე ქსელი, მათ შორის, არასამთავრობო სექტორში. შესაბამისად, მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფებში - მეძავებში, ნარკომანებში და ასე შემდეგ - იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ანალიზის ასაღებად შეგნებულად მიდიან შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში. საზოგადოებაში შიდსით დაავადებული ყოველი ახალი შემთხვევა პანიკას იწვევს. თუმცა შედარებით მშვიდად აფასებს სტატისტიკის ზრდას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე:

[თენგიზ ცერცვაძის ხმა] ” განსაკუთრებით არ გაზრდილა არაფერი. ჩვეულებრივი - ბოლო წლების - ტემპით მიდის ნელი მატება. არაფერი არ გაზრდილა განსაკუთრებით. პირიქით, ყოველწლიურად მოსალოდნელზე ნაკლებია. მაშინ როცა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ლაპარაკია ათასეულებზე და ასეულებზე. 70 და 102 ძალიან ცოტათი განსხვავდება ერთმანეთისგან. ოფიციალურად ასე ფასდება. ეს არის ძალიან ნელი, სტაბილური, მაგრამ ნელი მატება.”(სტილი დაცულია)

ამჟამად ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში სტაციონალურ მკურნალობას შიდსით დაავადებული 3 ავადმყოფი იტარებს. დანარჩენები ამბულატორიულად მკურნალობენ. საქართველო პოსტსაბჭოურ სივრცეში ჯერჯერობით ერთადერთი ქვეყანაა, სადაც გლობალური ფონდი 100 პროცენტით აფინანსებს შიდსით დაავადებულთა მკურნალობის გრძელვადიან და ძვირად ღირებულ კურსს. გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ამ პროექტის ფარგლებში 93 ავადმყოფს უტარდება. რაც შეეხება სხვა დაავადებების მკურნალობას, აივ-ინფიცირებულთა უფლებები უხეშად ირღვევა.

[ლელა კურდღელაშვილის ხმა] “როდესაც ისინი ამხელენ სტატუსს, ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ ექიმი აღარ ემსახურება და, ძალიან სამწუხაროდ, ხშირად მინახავს ადამიანები, რომლებიც კბილის ტკივილით ძალიან დიდხანს დადიოდნენ და ბოლოს, დავუშვათ, სადღაც მიაგნებენ ადგილს, სადაც ექიმი მოემსახურება.”

ლელა კურდღელაშვილი შენიშნავს, რომ აივ-ინფიცირებულებისათვის აუცილებლად უნდა შეიქმნას ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულებები, კაბინეტები, რათა შიდსით დაავადებულებს თავად სახელმწიფომ არ უბიძგოს შიდსის შესახებ კანონის დარღვევისაკენ. კანონი პაციენტს ავალდებულებს დაავადების შესახებ საქმის კურსში ჩააყენოს ექიმი. გარშემომყოფების განზრახ ინფიცირება რამდენიმეწლიანი პატიმრობით ისჯება.
XS
SM
MD
LG