Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ბედი ელის მწერალთა კავშირის შენობას?


2004 წლის აგვისტოში მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მიერ გამოცემული ნომერი 50 განკარგულებით, თბილისში, მაჩაბლის 13-ში მდებარე მწერალთა კავშირის

შენობა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა, თუმცა მწერალთა კავშირის მესვეურებმა მთავრობის მეთაურის განკარგულება ჯერ საოლქო, შემდეგ კი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. მიუხედავად იმისა, რომ განკარგულების გამოცემიდან ერთი წლის თავზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ქართველმა მწერლებმა, მათ შორის: ანა კალანდაძემ, ჭაბუა ამირეჯიბმა, გურამ დოჩანაშვილმა, ჯემალ აჯიაშვილმა, ოტია იოსელიანმა და მიხეილ ქვლივიძემ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ღია წერილით მიმართეს. რა ბედი ელის მწერალთა კავშირის შენობას, აპირებს თუ არა ხელისუფლება მის პრივატიზებას და რა წერია წერილში, რომელსაც ცნობილი ქართველი მწერლები აწერენ ხელს?

[ისმის ხმაური]

ასეთი ხმაური და ხალხმრავლობა იყო მაჩაბლის 13-ში, სადაც ქართველი მწერლების ერთი ნაწილი შეიკრიბა და საიდანაც მწერალთა კავშირის წევრებმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ღია წერილი გაუგზავნეს.
“ბატონო პრეზიდენტო! დიდი იმედი გვაქვს თქვენი გულისხმიერების, ქართული სულიერებისა და ხელოვნებისადმი განსაკუთრებული მზრუნველობის და გვჯერა, რომ შემოქმედთა გვერდით დადგებით და არ დაუშვებთ სასახლის გასხვისებას, ქართველ მწერალთა დედაბოძისა და კერის მოშლას », - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს 14 მწერალი, მათ შორის, მწერალთა კავშირის მოქმედი თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილიც აწერს.

[მაყვალა გონაშვილის ხმა] „დღეს ყველაზე დიდი იმედი გვაქვს იმისი, რომ
ჩვენს უკან დგას უდიდესი ქართული მწერლობა. ჩვენ ვართ ერთი ხიდი წარსულიდან მომავლის ნაპირამდე და არავის აქვს უფლება - ვინც არ უნდა იყოს - ჩატეხოს ეს ხიდი.“

მწერალთა კავშირის მესვეურები შიშობენ, რომ ხელისუფლება, მაჩაბლის 13-ში მდებარე შენობის გარდა, გალაკტიონის სახლის გასხვისებასაც აპირებს. თუმცა მანამდე მთავრობამ მწერლებს სასამართლო პროცესი უნდა მოუგოს. პოეტი ვაჟა ოთარაშვილი დარწმუნებულია, რომ კანონი მწერალთა კავშირის მხარესაა:

[ვაჟა ოთარაშვილის ხმა] „შემოქმედებითი კავშირების შესახებ კანონის მე-5 და მე-6 პუნქტში პირდაპირ წერია, რომ შემოქმედებითი კავშირის ქონება, რომელიც იყო მის ბალანსზე 1997 წლის 25 ნოემბრამდე, ანუ ახალი სამოქალაქო კოდექსის მიღებამდე, გადადის მისსავე საკუთრებაში კანონით დადგენილი წესით. ხოლო შემდეგი პუნქტი ავალებს ქონების მართვის სამინისტროს ორი თვის ვადაში გადასცეს და გაუტაროს რეესტრში მწერალთა კავშირს ეს ქონება. ეს მათი პრობლემაა, თუ რეესტრში არ გაატარეს, და არა ჩვენი.“

კულტურის სამინისტროში კი ამტკიცებენ, რომ შენობა - ერთის ნაცვლად, უკლებლივ ყველა - სამწერლო ორგანიზაციას უნდა ეკუთვნოდეს. გელა ჯაჭვაძე, რომელიც სასამართლო პროცესებზე კულტურის სამინისტროს წარმოადგენს, მწერალთა კავშირის სასახლის კერძო საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობასაც გამორიცხავს.

[გელა ჯაჭვაძის ხმა] „ეს შენობები წარმოადგენენ კულტურის უძრავ ძეგლებს და კანონი კრძალავს ნებისმიერი ფორმით საკუთრებაში გადაცემას. ერთადერთი, რაც დაშვებულია, ეს არის გრძელვადიანი გადაცემა კონკრეტული იურიდიული თუ ფიზიკური პირისათვის. ახლა კულტურის სამინისტროში მუშავდება კონცეფცია. გამოცხადდება კონკურსი, სალიტერატურო ორგანიზაციები და შემოქმედებითი ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას და ერთ-ერთ შენობაში განთავსდება ლიტერატურის სახლი, სადაც მათთან ერთად სხვა სამწერლო ორგანიზაციებიც განთავსდებიან და ერთად იმუშავებენ.“

„მწერალთა კავშირის სასახლის კარი ყველა მწერლისთვის ღიაა“, ამბობს კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი და კოლეგებს ყველა სამწერლო გაერთიანებიდან მაჩაბლის 13-ში ეპატიჟება:

[მაყვალა გონაშვილის ხმა] „ვინ დაკეტა ეს კარი? თუ ერთი ადამიანი მაინც გამოვა ქართული მწერლობიდან და იტყვის, კარი ჩამიკეტესო, ვაცხადებ თქვენს წინაშე, იმავე დღესვე გადავდგები.“

ერთი სიტყვით, კულტურის სამინისტროსა და მწერალთა კავშირის ხელმძღვანელთა გეგმები დიდწილად ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა ძნელი სათქმელია, არის თუ არა ეს ფაქტი საკმარისი იმისათვის, რომ მოდავე მხარეები განჩინების გამოტანამდე მორიგდნენ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG