Accessibility links

თბილისის საკრებულოს პროპორციულ-მაჟორიტარული წესით აირჩევენ, საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია


თბილისის საკრებულოს პროპორციულ-მაჟორიტარული წესით აირჩევენ, იმ წესით, რომელიც ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა მოიფიქრა და რომელშიც ოპოზიცია

ერთპარტიული საკრებულოს არჩევის მიზანს ხედავს.
ხუთშაბათს პარლამენტმა ყოველგვარი ხმაურის გარეშე, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო კანონპროექტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ და ამით აჩვენა, რომ თბილისის საკრებულოს ასარჩევად ოპოზიციის მიერ დაგმობილ მაჟორიტარულ-პროპორციულ წესს აუცილებლად აამუშავებს. საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას საპარლამენტო ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი არ დასწრებია. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს ის, თუ რატომ ჩაიარა მშვიდ გარემოში კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების პროცესმა. რას ცვლის პარლამენტის გადაწყვეტილება საკრებულოს არჩევის წესთან და, ამავდროულად, ხელისუფლებასთან მისი პოლიტიკური ოპოზიციის დამოკიდებულებაში?

იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აირჩიონ თბილისელებმა საკრებულო, რომელიც, თავის მხრივ, თბილისელების ნაცვლად აირჩევს დედაქალაქის თავს, უკვე საბოლოო განმარტებები კეთდება. საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია და ეს ნიშნავს იმას , რომ საკრებულოს არჩევის წესი თითქმის განსაზღვრულია.

[გიგა ბოკერიას ხმა] ” საკრებულოს 25 წევრი იქნება არჩეული მაჟორიტარულად, ხოლო 12 პროპორციულად. თბილისი დაიყოფა 10 საარჩევნო ოლქად და ამ ოლქებში გათამაშდება 2-3 მანდატიანი ბილეთები. გამარჯვებას მოიპოვებს იმ პოლიტიკური პარტიის კანდიდატთა სია, რომელიც მოიპოვებს ხმათა უმრავლესობას. ”

გიგა ბოკერიას განმარტებაში მოყვანილი იყო ცვლილებების პრინციპული არსი და ის საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილია. საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი ახლა უკვე მეორე და მესამე მოსმენით არის მისაღები და არავინ ელის მეორე - მით უფრო, მესამე -მოსმენისას რაიმე პრინციპული მნიშვნელობის სიახლის გამოკვეთას.

საპარლამენტო უმრავლესობამ ძნელად გასაგები მაჟორიტარულ-პროპორციული წესით ამჯერად თბილისის საკრებულოს არჩევის წესის განსაზღვრა დაიწყო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს წესი საბოლოოდ მხოლოდ თბილისზე გავრცელდება. პარლამენტი ასეთი წესის საქართველოს სხვა ქალაქებში ამუშავების საკითხს შემოდგომით გადაწყვეტს. საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტს უკვე შემუშავებული აქვს შესაბამისი კანონპროექტი და მის მიღებას საპარლამენტო უმრავლესობა საშემოდგომო სესიაზე გეგმავს. საშემოდგომო სესიაზე რამდენად უხმაუროდ გადაწყდება ეს საკითხი, ოპოზიციაზე იქნება დამოკიდებული. თბილისის საკრებულოს არჩევის ახალი წესის შემოღება მან პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ბოიკოტირებით გააპროტესტა, არ არის გამორიცხული ასე მოხდეს მომავალშიც, რადგან ოპოზიცია ვერ ხედავს უმრავლესობაში მასთან თანამშრომლობის სურვილს, უმრავლესობა კი, პირიქით, ოპოზიციას ადანაშაულებს სამუშაო განწყობის უქონლობაში. რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენლებმა ოპოზიციას ბოიკოტი სისუსტის გამოვლინებად ჩაუთვალეს და ზოგიერთ ოპოზიციურ ძალას ტრადიციულად წარსული ნაბიჯებიც გაუხსენეს:

[უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენლის ხმა] ” თქვენ სულაც რომ ჩაგიწეროთ კანონში - ”ძვირფასო ამომრჩევლებო, ხმა მიეცით ‘ახლებს’!”- მაინც არ დაგიჭერენ მხარს, რადგან ნოემბრის რევოლუციის შემდეგ, “ახლებო”, თქვენ ხართ პოლიტიკური ლეში და ქართველი ხალხი თქვენ არასდროს არ დაგიჭერთ მხარს. აი, ეს არის სიმართლე! ”

სიმართლესთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებს თავიანთი დამოკიდებულება აქვთ. ისინი ამტკიცებენ, რომ თბილისის საკრებულოს არჩევის ახალი წესი იქნება ახალი ბიძგი ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის განმტკიცებისთვის.

[კობა დავითაშვილის ხმა] ”ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს ხელისუფლება, შეიძლება იმ დონეზე მიიყვანოს საზოგადოება თავისი დაშინების და ძალისმიერი პოლიტიკით, შეიძლება ისეთი გამოსვლები დაიწყოს, რომელსაც ვეღარ გააკონტროლებს დემოკრატიული ოპოზიცია. ”

ეს იყო კონსერვატორი კობა დავითაშვილი. ის ფიქრობს, რომ ერთპარტიულობის განმტკიცებისთვის გადადგული ნაბიჯებით ხელისუფლება ქვეყანას უმართავი პროცესებისკენ მიაქანებს.
XS
SM
MD
LG