Accessibility links

logo-print

ქართველი ჟურნალისტები თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას აპროტესტებენ


სიტყვისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება პოსტსაბჭოურ საქართველოში მშენებარე დემოკრატიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მონაპოვრად

მიიჩნეოდა. ყველაფერი შედარებითია, მაგრამ “ვარდების რევოლუციის” გზით მოსული ხელისუფლება შეგნებულად და მიზანმიმართულად ანგრევს ამ მონაპოვარს და ეტაპობრივად განაგრძობს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას. ეს მოსაზრება პრაქტიკულად უალტერნატივოა არა მარტო ჟურნალისტურ წრეებში, არამედ საზოგადოებაშიც. ჟურნალისტები საკუთარი უფლებებისა და, უპირველესად, თავისუფალი სიტყვის დაცვის მიზნით უპრეცედენტო ნაბიჯს დგამენ და ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს საგანგებო მიმართვას უგზავნიან.

ხელისუფლების მორიგი სამიზნე, ტელეკომპანია “მზე” , 30 ივნისს თბილისის რუსთაველის გამზირზე მოჭიდავეთა მიერ ორგანიზებული აქციის გაშუქების გამო დაისჯება. ხვალინდელი ეთერის შემდეგ ტელეკომპანიის პოლიტიკური თოქ-შოუ “არჩევანის ზღვარზე” დაიხურება. გავრცელებული ინფორმაციით, დროთა განმავლობაში მას მიჰყვება საინფორმაციო პროგრამა “მზერაც”. ოფიციალური ვერსიით, ამ პროცესებს ტელეარხის კონცეფციისა და პროფილის შეცვლა განაპირობებს, რეალურად კი - ხელისუფლების წნეხი. ამ წნეხის მოსახსნელად თავისუფლებისმოყვარე ჟურნალისტებმა 60-ზე მეტი კოლეგის ხელმოწერა მოაგროვეს. ბევრია თუ ცოტა ეს რაოდენობა, ანუ გამოდგება თუ არა ეს იმის ინდიკატორად, რომ დაშინებული ბიზნესის გვერდით საქართველოში მედიაც დაშინდა? არსებული ვითარებისთვის აქტუალური ეს კითხვა ლოგიკურად გაჩნდა საქართველოს მედია-კლუბის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზეც.

[მაგდა პოპიაშვილის ხმა] ” 62 ჟურნალისტი იმ პირობებში, რაც დღეს არსებობს, როდესაც ხელს აწერს, - და ეს არის მართლა პირველი შემთხვევა, ჟურნალისტები, სამწუხაროდ, არ ვართ მიჩვეულნი საკუთარ პრობლემებზე საუბარს, - როცა 62 ჟურნალისტი აწერს ხელს, ეს უკვე მართლა წარმომადგენლობითია. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც არ შემოგვიერთდა ან თავისი ხელმოწერა უკან გაიტანა, -სამწუხაროდ, არის აქ ასეთი ფაქტიც, - მათ, უბრალოდ, ასე გადაწყვიტეს.”(სტილი დაცულია)

საქართველოს მედია-კლუბის თავმჯდომარემ მაგდა პოპიაშვილმა ეთიკური მოსაზრებით არ დაასახელა ის ჟურნალისტები, ვინც ხელმოწერა გადახაზა ან გარკვეული მოსაზრებით გვერდში არ დაუდგა კოლეგებს. თუმცა ფაქტია, რომ თავისუფალ მედიასა და ხელისუფლებას შორის დავა სწორედ ეთიკურობისა თუ არაეთიკურობის ნიშნით მიდის. დეპუტატი გიგა ბოკერია, მაგალითად, რომლის სახელსაც უშუალოდ უკავშირდება ტელეკომპანია “მზის” თოქ-შოუს მოსალოდნელი დახურვა, მედიას თვითრეგულირებისაკენ მოუწოდებს. თვითკონტროლი, თვითცენზურა და ასე შემდეგ ხელისუფლების მხრიდან მედიის გაკონტროლების შენიღბვის წარუმატებელი მცდელობაა. ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ფიქრობს, რომ თვითრეგულირებისათვის დამატებითი სტრუქტურების შექმნისაკენ ხელისუფლება თავისუფალ მედიას შემთხვევით არ მოუწოდებს:

[ზვიად ქორიძის ხმა] ”საბოლოო ჯამში, ეს ისევ, ალბათ, სიტყვათა თამაშია. როგორც ცენზურა, რომელიც - გვინდა-არ გვინდა, ვაღიარებთ-არ ვაღიარებთ - არსებობს ქვეყანაში დღეს და მას ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ოსტატურად მოიხსენიებენ თვითცენზურად, ასევე შეიძლება ქვეყანაში გაჩნდეს რეგულაციის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტები, რომელსაც დაერქმევა ხვალ თვითრეგულაცია და ასეთივე წარმატებით დაიწყება მართვა, როგორც შიდა სარედაქციო ურთიერთობების, ასევე გარეთ მედიისა და საზოგადოების ურთიერთობების.”

მთავარი, რაც მედიას შექმნილ ვითარებაში სჭირდება, საზოგადოების თანადგომაა.
საზოგადოების გარდა, საქართველოს მედია-კლუბის საგანგებო მიმართვის ადრესატები იქნებიან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი, ჟურნალისტთა უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსები, საერთაშორისო ორგანიზაციები და, რაღა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც მიმართვის ერთ-ერთი ხელისმომწერის, სტუდია “რეპორტიორის” ჟურნალისტის, ვახტანგ კომახიძის აზრით, თავადვე ღალატობს იმ ლიბერალურ ღირებულებებს, რომლის საჯაროდ დეკლარირების წყალობითაც მოხვდა ქვეყნის სათავეში. საერთაშორისო ორგანიზაციებს ჟურნალისტები სთხოვენ სისტემატურად აწარმოონ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების კუთხით არსებული პრობლემების მონიტორინგი, ადგილობრივ ხელისუფლებას კი მოუწოდებენ თავი შეიკავონ დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში ჩარევისა და იმ უპასუხისმგებლო განცხადებებისაგან, რომელსაც მმართველი პარტიის ხელმძღვანელები ჩვენი - ზოგადად, ჟურნალისტების - მისამართით აკეთებენ.
XS
SM
MD
LG