Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საარჩევნო კოდექსი კვლავ იცვლება


ხუთშაბათს საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით დაამტკიცა საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პროექტი. მის განხილვას ბოიკოტი

გამოუცხადა საპარლამენტო ოპოზიციამ, რომელიც უმრავლესობას პრეზიდენტის ერთპიროვნული მმართველობისთვის ხელშეწყობაში ადანაშაულებს. საარჩევნო კოდექსის ნაჩქარევად შეცვლით უკმაყოფილოა არასამთავრობო სექტორიც, რომლის წარმომადგენლები კანონპროექტზე პარლამენტთან პარალელური რეჟიმით მსჯელობდნენ.

ოპოზიციისგან დაცლილ საპარლამენტო დარბაზში საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა განხილვის პარალელურად ამავე თემაზე სადისკუსიოდ პარლამენტის მახლობლად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათთვის კანონპროექტი მის ინიციატორს მიხეილ მაჭავარიანს უნდა წარედგინა. თუმცა პარლამენტიდან სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში” ვიცე-სპიკერის მისვლამდე პროექტის პირვანდელ ვარიანტს ერთი პუნქტი მოაკლდა. კერძოდ, თბილისის საკრებულოს არჩევნებისას საინიციატივო ჯგუფებს აღარ ექნებათ კანდიდატების წარდგენის უფლება:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] ,,საინიციატივო ჯგუფი ფორმალური არი, ანუ ამ შემთხვევაში ამომრჩეველიც ტყუვდება. კი აირჩევენ შეიძლება თეორიულად არაპარტიულ ადამიანებს, მაგრამ ეს ადამიანები პარტიებთან ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებებს. თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ სულ საინიციატივო ჯგუფები იქნება, მაშინ ეს საინიციატივო ჯგუფები უნდა გაერთიანდეს და პასუხისმგებლობა აიღოს თბილისის მერზეც, ბიუჯეტზეც, ხარჯებზეც და სიკეთეზეც და უბედურებაზეც.” (სტილი დაცულია)

მიხეილ მაჭავარიანის პროექტით, თბილისის ათ მრავალმანდატიან ოლქში საკრებულოს 37 წევრიდან 25 აირჩევა მაჟორიტარული, 12 კი პროპორციული წესით, პარტიების მიერ მიღებული ხმების საერთო რაოდენობის შესაბამისად. საკუთარ პროექტს მაჭავარიანი უმარტივესს უწოდებს:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] ,,ვინც გადის პირველ ადგილზე, იმარჯვებს. დანარჩენი ხმები ჯამდება და 4%-იანი თუ გადალახა ბარიერი, გადალახა. უმარტივესია, რა! ვისაც უნდა რომ გაიგოს, გაიგებს.” (სტილი დაცულია)

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის” წარმომადგენელი კოტე კანდელაკი ცვლილებებს უკან გადაგმულ ნაბიჯსა და ნაჩქარევად მომზადებულს უწოდებს:

[კოტე კანდელაკის ხმა] ,,თანასწორობის პრინციპი, რომელიც აღიარებულია საყოველთაოდ, არის დარღვეული. ერთი ბიულეტენი მაქვს და მერთმევა არჩევანის უფლება. როდესაც მაქვს შერეული სისტემა, მაჟორიტარული და პროპორციული, სულ სხვა კანდიდატს მივცემ მაჟორიტარულ არჩევნებში ხმას და შეიძლება სხვა პარტიას დავუჭირო მხარი პროპორციულ არჩევნებში. ეს ჩემი უფლებაა და მერთმევა ამ შემთხვევაში.” (სტილი დაცულია)

საარჩევნო კოდექსის ეპიზოდურად შეცვლას დაუშვებლად მიიჩნევს ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ხელმძღვანელი თამარ ჟვანია:

[თამარ ჟვანიას ხმა] ,,ესე არ შეიძლება. ჯერ დავიწყოთ კონცეფცია, თვითმმართველობა, ხედვა და იმის შესაბამისად გატარდეს ეს ყველა წვრილ-წვრილი ცვლილებები, თბილისი იქნება, ქუთაისი იქნება ეს თუ სხვა დონის თვითმმართველობა საქართველოში. ეს კონცეფციები უკვე არსებობს. ჯერ დავჯდეთ, ვთქვათ, რომელს ვირჩევთ და როგორი თვითმმართველობა გვინდა და მერე ვისაუბროთ იმ ეპიზოდურ ცვლილებებზე, რომელიც არის შესატანი კანონებში.” (სტილი დაცულია)

თვითმმართველობის კონცეფცია შემუშავებული აქვთ როგორც არასამთავრობო სექტორს, ასევე სახელმწიფო კომისიას, რომელსაც დახმარება ევროსაბჭომ გაუწია. საქართველოში ამ ორგანიზაციის გენერალური მდივნის წარმომადგენელი, სარაევოს ყოფილი მერი იგორ გაონი საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა შეფასებისგან თავს მხოლოდ ერთი მიზეზით იკავებს:

[იგორ გაონის ხმა] ,, მე არ შემიძლია გითხრათ, კარგია თუ ცუდი ეს კანონი. შემიძლია მხოლოდ ვთქვა, რამდენადაა ის მოქცეული ევროპულ სტანდარტებში, თუმცა საქართველოს მთავრობას კანონის შეფასება არ უთხოვია. იმედი გვაქვს, რომ გარკვეული ხნის შემდეგ პარლამენტი და მთავრობა ოფიციალურად მოგვმართავენ, რათა გადავხედოთ ამ კანონს.”

საარჩევნო კოდექსის შეცვლა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა თბილისის კანონი შეცვალა და მერის არჩევის უფლება არა მოქალაქეებს, არამედ საკრებულოს მიანიჭა. საპარლამენტო უმრავლესობა კოდექსის ცვლილებათა პროექტის განხილვას შემოდგომაზე აპირებდა, თუმცა, ოპოზიციაზე გაბრაზებული, რიგგარეშე სხდომაზე კიდევ ერთხელ შეიკრიბა და, საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირების მიზნით, კანონპროექტს მეორე და, შესაძლოა, მესამე მოსმენითაც პარასკევს დაამტკიცებს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG