Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საკრებულოები აირჩევენ


ვინ უნდა აირჩიოს ქალაქის მერი – ხალხმა თუ ხალხის მიერ არჩეულმა საკრებულომ? ამ კითხვამ აქტუალობა “დედაქალაქის შესახებ კანონის” მიღების შემდეგაც არ დაკარგა.

საქმე ის არის, რომ პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებების განხილვა დაიწყო. საპარლამენტო უმრავლესობის რიცხობრივი უპირატესობა და საკითხისადმი ხელისუფლების პრინციპული დამოკიდებულება გვაფიქრებინებს, რომ მერებსა და გამგებლებს, თბილისის მსგავსად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საკრებულოს წევრები აირჩევენ. რას ფიქრობენ სიახლის თაობაზე ის ადამიანები, რომელთა ქალაქს დღემდე პირდაპირი წესით არჩეული მერი მართავს? ვითარებაში გასარკვევად რუსთავში მცხოვრებ ვარდოსანიძეების ოჯახს ვესტუმრე.


ბატონი გიორგი რუსთავში ნახევარი საუკუნის წინ, 1958 წელს,
ლაგოდეხის რაიონიდან ჩამოვიდა. 18 წლის ახალგაზრდამ გადაწყვიტა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებამდე მეტალურგიულ კომბინატში დაეწყო მუშაობა, თუმცა უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ რაიონში აღარ დაბრუნებულა. ბატონი გიორგის
თქმით, 50 წლის წინანდელ საქართველოში ქალაქის თავკაცებს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი ნიშნავდა. 50 წლის განმავლობაში რუსთავმა რამდენიმე ათეული აღმასკომის თავმჯდომარე, პრეფექტი თუ მერი გამოიცვალა, თუმცა ბატონ გიორგის თბილი სიტყვები ყველა მათგანისთვის როდი ემეტება:

[გიორგის ვარდოსანიძის ხმა] „შარტავა, ჟიული შარტავა - რუსთაველებისათვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და დაუვიწყარი პიროვნება! კეთილმოწყობის თვალსაზრისით, ძალიან ბევრი გააკეთა რუსთავში, მაშინდელი გაკეთებულია ყველაფერი, თუ რამე კარგი არსებობს ქალაქში. ანგრევენ და ვეღარ დაუნგრევიათ... ქალაქში შემოსასვლელიც ჟიული შარტავას ინიციატივით გაკეთდა.“

რაც შეეხება რუსთავის დღევანდელ მერს, რომელიც ამ სამიოდე წლის წინ პირდაპირი წესით იქნა არჩეული, უკანასკნელი წლების ანალიზი ბატონ გიორგის აფიქრებინებს, რომ მერის არჩევითობა უებარი საშუალება არ არის:

[გიორგი ვარდოსანიძის ხმა] „არჩევაც არის, მაგრამ თუ არ გაამართლა?.. დღევანდელი მერი არჩეულია, - ადრეც იყო და ახლაც არის, - მაგრამ იტყვი: ალბათ, ნებისმიერი კაცი გააკეთებს იმას, რასაც იგი აკეთებს. ქალაქის მერი განსაკუთრებული უნდა იყოს, უნდა გამოირჩეოდეს ინიციატივით და ყველაფრით.“

იმ მოსაზრებას, რომ ქალაქის მერი განსაკუთრებული უნდა იყოს, ბატონი გიორგის მეუღლე, ქალბატონი ნათელაც იზიარებს. მაგრამ საკითხავია, როგორ გამოვავლინოთ განსაკუთრებული თვისებებით შემკული ადამიანი? საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ ამ საქმეს ყველაზე უკეთ ხალხის მიერ არჩეული საკრებულო გაართმევს თავს:

[ნიკა გვარამიას ხმა] „ჩვენ გვაქვს არჩეული კონცეპტუალური მოდელი: „ძლიერი საკრებულო - სუსტი მერი“, თუმცა სუსტი არ ნიშნავს, რომ არაფრის მაქნისი იქნება, მაგრამ მერი-მოურავის მოდელი გვაქვს არჩეული, ანუ ქალაქის განვითარება საკრებულოს პრიმატით.“(სტილი დაცულია)

საპარლამენტო ოპოზიცია კი მერის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა. დეპუტატი კახა კუკავა უმრავლესობის წევრებს ურჩევს, კანონპროექტის დახვეწაში ევროსაბჭოს მიუკერძოებელი ექსპერტები ჩართონ:

[კახა კუკავას ხმა] „მივმართოთ ოფიციალურად ევროპის საბჭოს, ვერავინ დასდებს ბრალს ევროპის საბჭოს, რომ ის ოპოზიციის ინტერესების გამომხატველია. ეს არის ყველაზე ავტორიტეტული და ნეიტრალური ორგანო და, თუკი ხელისუფლება არ იქნება წინააღმდეგი, ევროსაბჭომ გამოთქვას მზადყოფნა ჩაერთოს პროცესში.“

ვინ მეტ სარგებლობას მოუტანს ქალაქს - პირდაპირი წესით არჩეული მერი თუ საკრებულოს რჩეული? ქალბატონ ნათელას, რომელიც ახალ რუსთავში ცხოვრობს, ამ კითხვაზე არგუმენტებით გამაგრებული პასუხის გაცემა უჭირს. „მთავარია, ქალაქს მიხედოს“, ამბობს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებით შეწუხებული ქალბატონი.

[ნათელა ვარდოსანიძის ხმა] „მაგას ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს - უნდა ხალხმა აირჩიოს მერი, უნდა მთავრობამ. მთავარია, ჩვენთვის იყოს... პირველ რიგში, გაგვიკეთოს გზები, იზრუნოს გამწვანებაზე, ააშენოს სკვერები, კინოთეატრები, რომ გაერთოს ახალგაზრდობა... გასატანია ნაგავი, თვეში ერთხელ კი არა, როგორც ახლა, არამედ ორ კვირაში ერთხელ, რომ ხალხი არ დაიხრჩოს. მეტს არაფერს ვითხოვთ მერისგან.“

ახალ საკრებულოს და, შესაბამისად, ახალ მერს, რუსთაველები დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 2006 წლის შემოდგომაზე, აირჩევენ, თუმცა ხელისუფლება მაინც ჩქარობს: ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტი საარჩევნო კოდექსს დაჩქარებული ტემპით ცვლის.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG